თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაში მონაწილეთა სასარგებლოდ 12 500 ლარის გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით.
სასამართლომ არაეფექტურად მიიჩნია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული მოქმედებები. სასამართლოს შეფასებით, სამინისტრო ვალდებული იყო არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, გამოეყო შესაბამისი ოდენობის და შესაბამისი აღჭურვილობის მქონე პოლიციელები და გამოეყენებინა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი აქციის მონაწილეების დასაცავად.
მსგავს სიტუაციებში სახელმწიფოს გულგრილობა და უმოქმედობა, პრაქტიკულად გულისხმობს საკუთარი მოქალაქეების მიმართ ძალადობის წახალისებას, რაც ამ ყველაფრის მიმართ სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულების მაჩვენებელია.
ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო მსგავსი გამოცდილების გააზრების შემდგომ, აღარ დაუშვებს წარსულის შეცდომებს და ეფექტურად შეძლებს ქვეყანაში შეკრების უფლების დაცვას.