ის, ვინც წესრიგს დაჟინებით ითხოვს, უნდა გაითვალისწინოს, რომ წესრიგისადმი დაქვემდებარება პრივილეგიაა. წესრიგი აყენებს პირობებს, რომელთა დაკმაყოფილებას ხანდახან მინიმალური სოციალური უზრუნველყოფა მაინც სჭირდება. აბა, რა მოხდება, თუ კანონი ადამიანს სახლში წასვლას მოსთხოვს, მას კი, სახლი არ ექნება? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია და, იმავდროულად, აბსურდული. პირი სამართალდამრღვევად გამოცხადდება იმ ნორმატიული ულტიმატუმის დაუმორჩილებლობის გამო, რომლისადმი დამორჩილებაც, სურვილის მიუხედავად, ობიექტურად არ შეუძლია. სინამდვილეში, ეს მარტივი პასუხი, მსუბუქი ირონიით რომ გვიბრუნდება, საბოლოო ჯამში, არც ისეთი მარტია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
კომენდანტის საათი გულისხმობს საჯარო სივრცეში ყოფნის აკრძალვას და ის ყველაზე ვრცელდება - ერთმანეთისგან არ განასხვავებს მათ, ვისაც ჭერი აქვს, მათგან, ვისაც ის არ აქვს. ასეთი წესის დადგენის შემდეგ, ჩამოჰკრავს რა 21:00 საათი, ჩვენ სახლებში შევდივართ, მაგრამ ადამიანთა ნაწილი, ისინი, ვისაც საცხოვრებელი არ გააჩნიათ და ქუჩის კუთხეებში, სკვერებში, მიწისქვეშა გასასვლელებში სძინავთ, ავტომატურად შედიან კანონთან კონფლიქტში. ამგვარად, მათი ეგზისტენცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება - თუ ამ ადამიანებს არ აქვთ უფლება, ღამე საჯარო სივრცეში გაათიონ, მაგრამ, იმავდროულად, სხვაგან წასასვლელი არ აქვთ, გამოდის, რომ მათ საერთოდაც არსებობის უფლება არ აქვთ. მათი ყოფნა ყველგან უკანონოა, სადაც კი აქამდე შეეძლოთ გაჩერება, ხოლო სხვა სივრცე, სადაც წავლენ, არ არსებობს (ეს პრობლემა, ოღონდ ნორმალური ვითარების დროს და არა - საგანგებო მდგომარეობისას, ჯერემი უოლდრონმა კარგად აღწერა თავის ესსეში „უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი“).
ასე წარმოიშობა პარადოქსი, მაგრამ ეს პრაქტიკული პარადოქსი ბუნებრივი არ არის. ის სახელმწიფოს იდეის დამახინჯების შედეგია, რადგან სახელმწიფო უკვე გულისხმობს პოლიტიკური საზოგადოების დაუცველი წევრების მიმართ ზრუნვის მექანიზმს, ღირსებადაცულ მოქალაქეს. ღია ცის ქვეშ ცხოვრება კი, ამასთან შეუთავსებელია. სახელმწიფო ადგენს წესებს, რომელთა შესასრულებლად ობიექტური პირობები სინამდვილეში თავადვე აქვს უზრუნველყოფილი (თავისი თავდაპირველი დანიშნულებით). ამ შემთხვევაში ზღუდავს ღამე ქუჩაში ყოფნას, რადგან სათანადო საცხოვრებლით ყველა მოქალაქეს უზრუნველყოფს. ეყრდნობა რა ამ მოცემულობებს, თამამად დგამს ნაბიჯებს სუბიექტური გადაწყვეტილებების შესაზღუდად - აქ პარადოქსი ქრება. პრობლემა წარმოიქმნება იქ, სადაც სახელმწიფოს იდეაში მოაზრებული მოდელი სცდება პოლიტიკურ-ეკონომიკური ელიტის მიერ კონსტრუირებულ რეალობას - სახელმწიფო უარს ამბობს ზრუნვის ვალდებულებაზე, სოციალურ დაცვასა და, კონკრეტულად, საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე. დაწესებული მოთხოვნები რეალურ და ობიექტურ წინაღობებთან კონფლიქტშია და საკუთარ ლეგიტიმურობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ასეთი სახელმწიფო არა მარტო შორდება საკუთარ დანიშნულებას, არამედ უპირისპირდება და დესტრუქციას უწყობს მას.
შმიტისგან ვიცით, რომ წესრიგის ნამდვილი ბუნება კრიზისის დროს მჟღავნდება და, როდესაც კითხვას ვსვამთ განსაკუთრებულ ვითარებაში გადადგმული ნაბიჯების შესახებ, ეს ნიშნავს, რომ კითხვას ვსვამთ რუტინული პრაქტიკის მიმართაც. თუ ვხვდებით, რომ რთულ მომენტში ყველაფერი წესრიგში არ არის, ეს ნიშნავს, რომ არც ყოველდღიურობაშია რაღაც რიგზე. ამიტომ, თუ საგანგებო მდგომარეობა კრძალავს უსახლკარობას, მაგრამ სახლს არავის სთავაზობს, სჯის ღია ცის ქვეშ ყოფნას, მაგრამ ჭერს ვერავის გადაუხურავს, უნდა ვიცოდეთ: ეს არა განსაკუთრებული ვითარებით გამოწვეულ სიჩქარეში დაშვებული შეცდომა, არა სისტემის ხარვეზი, არამედ არსებული წესრიგის კლასიკური ფორმულაა; ის ადგენს, რომ წარმატებაა, რითაც ფასდები, თუმცა, წარმატების გზებს ხერგავს; გვაჩვენებს, რომ სიღარიბე განაჩენია, მაგრამ მხოლოდ მდიდრებს აძლევს მეტის მიღების საშუალებას; ამბობს, რომ მუშაობა სირცხვილი არ არის, საბოლოოდ კი, მუშაობა მონობა აღმოჩნდება; მოხმარებისკენ მოგვიწოდებს, ხოლო ბავშვებს საკვების დეფიციტით აავადებს და ხოცავს; შეცდომების დასაშვებობაზე საუბრობს, მერე კი, ელიტის კეთილდღეობას ამ შეცდომებზე აშენებს; რეკლამას ინდივიდუალურ ბედნიერებას უწევს და მარტოობის შემოთავაზება შეუძლია.
ვახუშტი მენაბდე
საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას