საგამოძიებო უწყებამ ე. წ. „მოსმენების საქმეზე“ პირს უარი უთხრა დაზარალებულად ცნობაზე

თარიღი: 2 თებ 2022

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2021 წლის სექტემბერში, სხვადასხვა სოციალური ქსელისა და მედიის საშუალებით ცნობილი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო ფაილების გავრცელების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციებიდან ირკვევა, რომ სხვადასხვა პირებზე ინფორმაციის მოპოვება და მიყურადება ხორციელდებოდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაშიგამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილით („ა“ ქვეპუნქტი) მიმდინარეობს, რაც გულისხმობს კერძო კომუნიკაციის წესების დარღვევასა და მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებას.[1]

საია იცავს იმ პირის ინტერესებს, რომელთან დაკავშირებითაც სავარაუდოდ უკანონოდ არის მოპოვებული კერძო კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები. საიამ აღნიშნული პირის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით მიმართა საგამოძიებო უწყებას, რაც მიუხედავად პროცესუალური წინაპირობების არსებობისა, 2022 წლის 28 იანვარს არ დაკმაყოფილდა.

იმის მიუხედავად, რომ გამოძიების დაწყებიდან დღემდე უკვე რამდენიმე თვეა გასული, სავარაუდო დაზარალებულების უმეტესობამ არც კი იცის გამოძიების და მით უფრო, გამოძიების შედეგების შესახებ. ამას გარდა, უკვე გამოკითხულ პირს, რომელსაც აქვს სურვილი, გაეცნოს საგამოძიებო უწყების განხორციელებულ მოქმედებებს, არ აქვს ამის შესაძლებლობა, რადგან არ მომხდარა მისი დაზარალებულად ცნობა.

საია პირის დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის დადგენილებას უახლოეს დღეებში სასამართლოში გაასაჩივრებს. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო სწორად შეაფასებს პირის დაზარალებულად ცნობისთვის საჭირო საპროცესო სტანდარტებს და დააკმაყოფილებს მოთხოვნას.

საგამოძიებო უწყებას მოვუწოდებთ, ამ საქმის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწოდოს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია.

იმ პირებს, ვისაც აქვს ინფორმაცია მათი კერძო კომუნიკაციის უნებართვო ჩაწერის, მიყურადებისა თუ მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების თაობაზე, შეუძლიათ მიმართონ საგამოძიებო უწყებას. საიამ ასეთი პირებისთვის მოამზადა სტანდარტული განცხადება და ნებისმიერ პირს შეუძლია მისი გამოყენება.

განცხადების ნიმუში იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.


[1] კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში ან სისტემიდან კერძოკომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტურიტალღების უნებართვო მოპოვება ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკურისაშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ შენახვა, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენება, გავრცელება ანხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა.