საგანგაშოა, რომ გეოლოგიურ დასკვნაში ითხვისის შესახებ “ჯორჯიან მანგანეზის” პასუხისმგებლობა არ იკვეთება

თარიღი: 20 აპრ 2022

მთის ამბებმა 18 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია სოფელ ითხვისში მიწის ჩაქცევასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული პირველადი დასკვნის შესახებ. დასკვნის მიხედვით, მომხდარში “ჯორჯიან მანგანეზის” პასუხისმგებლობა საერთოდ არ იკვეთება, შექმნილი ვითარების გამომწვევ მიზეზებად კი რამდენიმე ფაქტორი სახელდება: (1) გასული საუკუნის სამოცდაათიან და ოთხმოციან წლებში განხორციელებული სამთომოპოვებითი სამუშაოები; (2) რთული გეოლოგიური პირობები; (3) უხვი ატმოსფეროული ნალექი; და (4) სეისმური ბიძგები. წინასწარი დასკვნის საფუძველზე, “ჯორჯიან მანგანეზის” პასუხისმგებლობის იმთავითვე გამორიცხვა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სახელმწიფო კომპანიას პასუხისმგებლობას არიდებს.

აღსანიშნავია, რომ მოთხოვნის და მაღალი ინტერესის მიუხედავად, დოკუმენტი სახელმწიფო უწყებებმა ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი არ გახადეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები ადგილზე 31 მარტსა და 1 აპრილს იმყოფებოდნენ. სპეციალისტებმა დასკვნა, ძირითადად, ვიზუალურ დათვალიერებაზე დაყრდნობით შეადგინეს. ადგილზე არ ჩატარებულა კომპლექსური და მულტიპროფილური კვლევა, რისი საჭიროებაც დასკვნითვეა ხაზგასმული. ჩატარებული კვლევის ხარისხი სრულყოფილად ვერ ჩაითვლება და, შესაბამისად, მიწის ჩაქცევის შესაძლო გამომწვევი მიზეზებიდან მომპოვებელი კომპანიის საქმიანობის გამორიცხვა კითხვებს და ეჭვებს აჩენს.

სრულყოფილი კვლევისთვის აუცილებელი მონაცემების დიდი ნაწილი „ჯორჯიან მანგანეზის” განკარგულებაშია. გეოლოგიური მონაცემები და მონაცემები კომპანიის საქმიანობის სივრცით განაწილებაზე არ არის ხელმისაწვდომი არც ადგილობრივი მოსახლეობისთვის და არც დაინტერესებული საზოგადოებისთვის. ასევე, გაურკვეველია მიეწოდა თუ არა ეს მონაცემები გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს, როდესაც მომხდართან დაკავშირებით პირველადი გეოლოგიური დასკვნა მზადდებოდა. შესაბამისად, აუცილებელია, კომპანიაში დანიშნულმა სახელმწიფო გარემოსდაცვითმა მმართველმა გაასაჯაროვოს ყველა ინფორმაცია, რაც სოფელ ითხვისში მოპოვებითი საქმიანობის გეგმას ასახავს და აღნიშნული არეალის უსაფრთხოების პირობების შესაფასებლადაა აუცილებელი. ასეთი შეფასება აუცილებელია იმისთვისაც, რომ სოფელ ითხვისის ქვეშ საფრთხისშემცველი მოპოვებითი საქმიანობის განახლება გამოირიცხოს და კომპენსაციის სამართლიანი წესი განისაზღვროს.

ბუნებრივი გარემოს ხელყოფისა და კერძო საკუთრების დაზიანების სხვადასხვა შემთხვევებში, სახელმწიფო მმართველი ყოველთვის უარყოფდა კომპანიის პასუხისმგებლობას, მიუთითებდა ბუნებრივ პროცესებსა და წარსულში დასრულებულ მოპოვებით საქმიანობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ მსგავს შემთხვევაში მოსახლეობა ზიანის ფაქტებს მოპოვებით საქმიანობას უკავშირებს. „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის სრული უარყოფა კიდევ უფრო წინააღმდეგობრივი ხდება იმ ფონზე, რომ 2021 წლის განმავლობაში ითხვისის მაღაროს ინსპექტირების შედეგად კომპანია არაერთხელ დაჯარიმდა, ხოლო 2022 წლის 17 აპრილს იმავე მაღაროში კომპანიის თანამშრომელი ფატალურ ინციდენტს ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ითხვისში უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების განსახლებაზე ზრუნვა სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა, თუმცა ჯერაც უცნობია რა რეაგირება აქვს მომხდარს სხვა სამინისტროებში (მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში).საზოგადოებას შევახსენებთ, რომ არაერთ სხვა შემთხვევაში, როდესაც ადგილობრივი ორგანიზაციები და დარგის ექსპერტები უწყებებს სამთო-მოპოვებასთან დაკავშირებული ზიანის შემთხვევებში მოსახლეობის განსახლების საკითხისთვის ეროვნული სტანდარტის შემუშავებისკენ მოვუწოდებდით, საკითხი უგულებელყოფილი რჩებოდა და ისინი აღნიშნულ ფაქტებს რეაგირების გარეშე ტოვებდნენ.

დღეს ითხვისში საცხოვრებლად უვარგისია უკვე ათამდე სახლი, ხოლო სხვები უკიდურესად ავარიულია. მეურნეობის შენარჩუნებისა და პირუტყვის მოსავლელად მოსახლეების ნაწილს ჯერაც უწევს საცხოვრებლად საშიშ ზონებში ყოველდღიურად დაბრუნება, ნაწილი კი აგრძელებს ავარიულ შენობებში, ნგრევის საფრთხის ქვეშ ცხოვრებას. უცნობია ისიც, თუ რამდენად დგას ითხვისის და ჭიათურის სხვა სოფლების მოსახლეობა მსგავსი საფრთხის წინაშე - ამ საკითხის შესწავლას სრულყოფილი, გამჭვირვალე და ცოდნაზე დაფუძნებული კვლევა სჭირდება, სახელმწიფო უწყებების მხრიდან კი საკუთარი პასუხისმგებლობის აღიარება.

ოვუწოდებთ:

- გარემოს ეროვნულ სააგენტოს:

გაასაჯაროვოს პირველადი დასკვნა, რომელიც მომზადებულია სოფელ ითხვისში გოგატიშვილებისა და მეგრელიშვილების უბნებში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. წარმოადგინოს ინიციატივა უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც დაკომპლექტდება შესაბამისი დარგების სპეციალისტებით. სრულყოფილად შეაფასოს როგორც პროცესების გამომწვევი მიზეზები, ასევე დაზიანების ხარისხი და საშიშროების რისკები.

- „ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურ სახელმწიფო გარემოსდაცვით მმართველს:

ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან და გაასაჯაროვოს ყველა ინფორმაცია, რაც სოფელ ითხვისში მოპოვებითი საქმიანობის შესახებ არსებობს და უსაფრთხოების პირობების შესაფასებლადაა აუცილებელი.

- დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

განმარტოს ამ უწყების წარმომადგენლების ჩართულობა და სტატუსი ადგილობრივ დონეზე წარმოებულ მოლაპარაკებებში.

- მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს:

შეისწავლოს ითხვისის ქვეშ და მიმდებარედ არსებული სამთო-მოპოვებითი ინფრასტრუქტურა და უზრუნველყოს „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ეფექტური ზედამხედველობა.

- ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს:

ჩაატაროს ითხვისის მაღაროს სრული ტექნიკური ინსპექტირება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

მწვანე ალტერნატივა

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო