საია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს უარყოფითად აფასებს

თარიღი: 27 აპრ 2021

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) უარყოფითად აფასებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტებს და მოუწოდებს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი დაგეგმილ ცვლილებები. კერძოდ, 26 აპრილს, საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა ორი კანონპროექტი, რომლებიც დაჩქარებული წესით განიხილება. მათგან ერთი შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებში შესატან ცვლილებებს

კანონპროექტის თანახმად, საგრძნობლად მკაცრდება სანქცია ორივე მითითებულ მუხლზე, ამასთან, შემცირებულია მოსამართლის როლი - საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსაზღვროს სანქციის ზომა ან გამოიყენოს სიტყვიერი შენიშვნა.

საია მიიჩნევს, რომ სანქციების გამკაცრება იმ ვითარებაში, როდესაც ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობით დადგენილი საქმის განხილვის პროცედურული ნაწილი შესაბამისობაში არ არის მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან, არის გაუმართლებელი და ზრდის ადამიანის უფლებებში არამართლზომიერი ჩარევის შესაძლებლობებს. ამასთან, სანქციის გამკაცრება იქონიებს მსუსხავ ეფექტს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ამ მუხლების ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სისტემურ რეფორმაზე წლების განმავლობაში მიდის საუბარი და არსებობს მოლოდინი, რომ საქართველოს პარლამენტი უახლოეს პერიოდში დაიწყებს მსჯელობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის ძირეულ გადახედვაზე. შესაბამისად, ყოვლისმომცველი რეფორმის ნაცვლად, კოდექსით გათვალისწინებული რეპრესიული ნაწილის არსებითად გამკაცრა დამაზიანებლად იმოქმედებს ადამიანის უფლებებზე.

ამასთანავე, კანონპროექტის განხილვის პროცედურა ხარვეზიანია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო კანონპროექტის ინიციატორის წერილობითი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე[1]. ამ შემთხვევაში კი გაუგებარია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საფუძველი. აღსანიშნავია, რომ დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვა ართულებს ან შეუძლებელს ხდის საზოგადოების ჩართულობას.

მეორე კანონპროექტით დაგეგმილია ცვლილებების შეტანა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლში. კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 48 საათისა წარედგინება სასამართლოს. შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, მართალია, ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, თუმცა, კანონპროექტი უგულებელყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს, რომლის მიხედვითაც 24 საათიანი დაკავების ვადა სრულიად საკმარისია პირის სასამართლოში წარსადგენად მიუხედავად იმისა, თუ რა დროს მოხდა მისი დაკავება. ამასთან, მნიშვნელოვანია კანონპროექტში გაიწეროს, რომ როდესაც ამოიწურება პირის დაკავების საფუძველი, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი გათავისუფლება. კანონპროექტში აღნიშნული ჩანაწერის არსებობა დააზღვევს კანონის ბოროტად გამოყენების ისეთ შემთხვევებს, როდესაც პირის იზოლატორში დაკავება მოხდება მას შემდეგ რაც ამოიწურება დაკავების საფუძველი იმ მოტივით, რომ ჯერ კიდევ არა არის ამოწურული დაკავების ვადა.

ვრცლად, იხილეთ საია-ს მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი წერილობითი მოსაზრებები.


[1] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 117 (3).