საია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებში არსებულ მტკიცების ტვირთის სტანდარტს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

თარიღი: 1 ივნ 2020

საია კონსტანტინე ჩხეიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში ახალ სარჩელს წარადგენს, რომლითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებში არსებულ მტკიცების ტვირთის სტანდარტის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენებით ადამიანის უფლებებში გაუმართლებელი ჩარევის აღმოსაფხვრელად, საია მრავალი წელია სტრატეგიულ სამართალწარმოებას აწარმოებს. ამ დრომდე საია-ს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სხვადასხვა მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში 12 სარჩელი აქვს წარდგენილი, რომელთაგან 3 წარმატებით დასრულდა, ხოლო დანარჩენი საქმეები განხილვის ეტაპზეა.

ამჯერად, საია საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობას. ეს ნორმები მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ადმინისტრაციულ და სამოქალაქო დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხს არეგულირებს. თუმცა, იმის გამო, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ აწესრიგებს, თუ ვის ეკისრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების საქმეზე მტკიცების ტვირთი, საერთო სასამართლოები იყენებენ ადმინისტრაციული საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გასაჩივრებულ ნორმებს.

საია მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეებში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტს, რომლის თანახმად, „არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.“

საერთო სასამართლოების მიერ გასაჩივრებული ნორმების გამოყენებით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი ვალდებული ხდება წარადგინოს მტკიცებულებები და დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მას არ ჩაუდენია. ზოგიერთი სამართალდარღვევა, მაგალითად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები უთანაბრდება სისხლისსამართლებრივ ბრალდებას. ამ ქმედების ჩადენის შემთხვევაში, პირს შეიძლება შეეფარდოს მაღალი ჯარიმა ან პატიმრობა 15 დღემდე ვადით. შესაბამისად, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უნდა ჰქონდეს დუმილის უფლება და მტკიცების ტვირთი მას არ უნდა ეკისრებოდეს. ამდენად, არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის საპირისპიროდ, საერთო სასამართლოები ახდენენ მტკიცების ტვირთის „ბრალმდებლიდან“ „ბრალდებულზე“ გადატანას.

საია იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული სარჩელი ხელს შეუწყობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საპოლიციო რეჟიმის ინსტრუმენტად გამოყენების დასრულებას და არსებული კანონმდებლობის რეფორმას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს.