საია აკადემიური თანამდებობისთვის დადგენილ საპენსიო ასაკს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

თარიღი: 30 მარ 2022

დღეს საია-მ გოირგი გოგოშიძისა და ინდიკო აბაშიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. გასაჩივრებული ნორმები ადგენს საპენსიო ასაკს სახელმწიფოს დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 65 წელს მიღწეული აკადემიური პერსონალისთვის. საია-ს პოზიციით, სადავო ნორმები წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს N2/2/863 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმებს, რის გამოც არსებითი განხილვის გარეშე არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებასთან მიმართებით[1].

საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 22 თებერვლის N/2/2/863 გადაწყვეტილებაში[2]არაკონსტიტუციურად სცნო ნორმები, რომელიც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ადმინისტრაციულ თანამდებობებზე, კერძოდ, აკადემიის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობებზე 70 წელს მიღწეულ პირთა არჩევას კრძალავდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადგინა, რომ ისეთი თანამდებობებისთვის, რომელიც მოითხოვს გონებრივ აქტივობას და არ არის დაკავშირებული ფიზიკური მოვალეობების შესრულებასთან, ასაკის მატება ინდივიდს არ ართმევს შესაძლებლობას განახორციელოს მასზე დაკისრებული მოვალეობები.

საია-ს პოზიციით, მსგავსად N863 გადაწყვეტილებისა, გასაჩივრებული ნორმები 65 წელს მიღწეული პირებისთვის ადგენს დისკრიმინაციულ საპენსიო ასაკს. აკადემიურ თანამდებობაზე საქმიანობა დაკავშირებული გონებრივ სამუშაოსთან და არ მოითხოვს მძიმე ფიზიკურ დატვირთვას. ამდენად, 65 წელს მიღწეული პირებისთვის აკადემიური თანამდებობის დაკავების აკრძალვა წარმოდგენს არარაციონალურ წესს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

ამ საქმეს საია ,,ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის - ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და ხელშეწყობა“ ფარგლებში აწარმოებს.


[1] საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი.

[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის N2/2/863 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.