საია ავიაციაში დასაქმებული პირისათვის დახმარების შემცირებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

თარიღი: 6 აგვ 2021

საიამ სამოქალაქო ავიაციის ყოფილი ბორტმექნიკოსის, რუსლან გვარაძის სახელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მთავრობის დადგენილებით მისთვის ფულადი დახმარების შემცირების კონსტიტუციურობის საკითხზე. 1987 წლის 14 ივნისს რუსლან გვარაძის ვერტმფრენი ასრულებდა ფრენას თბილისი-თელავი-ომალოს მიმართულებით. დაშვებისას ვერტმფრენი ჩავარდა ხევში, ამის გამო რუსლან გვარაძემ მიიღო საწარმოო ტრავმა, დაკარგა შრომის უნარი 80%-ით და გახდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (იმდროისათვის „მეორე ჯგუფის ინვალიდი“).

1997 წლის 11 დეკემბერს იმდროინდელმა საბურთალოს რაიონის სასამართლომ საწარმოო ტრავმისათვის რუსლან გვარაძეს ყოველთვიურად დაუნიშნა დახმარება 292 ლარისა და 48 თეთრის ოდენობით. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვალს მიღებული ბრძანებულების საფუძველზე, საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტმა 2000 წლიდან რუსლან გვარაძეს დახმარება გაუზარდა 773 ლარის და 60 თეთრის ოდენობით.

2007 წლის 6 თებერვალს გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, გაუქმდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ბრძანებულება. პრეზიდენტის გაუქმებული ბრძანებულების ნაცვლად მიღებული იქნა 2007 წლის 24 მარტის მთავრობის დადგენილება. ამ დადგენილებით, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის გამო სამოქალაქო ავიაციაში დასაქმებულ პირებს, რომლებსაც მიღებული ჰქონდათ საწარმოო ტრავმა, შეუწყდათ დახმარების გაცემა. საქართველოს მთავრობამ რუსლან გვარაძეს უარი უთხრა 773 ლარის და 60 თეთრის გადახდაზე.

ამის მიუხედავად, რუსლან გვარაძემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა საბურთალოს რაიონის 1997 წლის 11 დეკემბერის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებლო ფურცლის გაცემა. საბურთალოს რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსლან გვარაძისათვის 292 ლარისა და 48 თეთრის ოდენობით თანხის გადახდა არ ეფუძნებოდა ერთი წლის შემდეგ მიღებულ პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ბრძანებულებას. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2007 წლის 23 აგვისტოს განჩინებით, დააკმაყოფილა რუსლან გვარაძის მოთხოვნა და გასცა სააღსრულებო ფურცელი საბურთალოს რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად. სააღსრულებლო ფურცლით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს რუსლან გვარაძის სასარგებლოდ დაეკისრა, საბურთალოს რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული, 292 ლარისა და 48 თეთრის ოდენობით თანხის ყოველთვიურად გადახდის ვალდებულება. ეს განჩინება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც. საქართველოს ეკონომიკური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დღემდე აგრძელებს აღნიშნული თანხის გადახდას რუსლან გვარაძისათვის.

2013 წლის 1 მარტს, საქართველოს მთავრობამ მიიღო ახალი დადგენილება, რომლითაც სამოქალაქო ავიაციაში დასაქმებულ პირებს, რომლებსაც 2007 წლის 17 აგვისტოს ან ამ წლის 1 სექტემბერს დახმარების მიღება შეუწყდათ მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის დადგენილებით, სრულად აღუდგებოდა ის დახმარება, რასაც ისინი იღებდნენ 2007 წლის 17 აგვისტომდე ან 1 სექტემბრამდე. ამ დადგენილების საფუძველზე, რუსლან გვარაძეს სოციალური მომსახურების სააგენტოს უწყებათშორისმა კომისიამ უარი უთხრა 773 ლარის და 60 თეთრის ყოველთვიურად გადახდაზე. ეს არის თანხა, რომელსაც რუსლან გვარაძე იღებდა 2007 წლის 17 აგვისტომდე. სოციალური მომსახურების სააგენტოს უწყებათშორისი კომისიის უარის მიზეზი იყო ის, რომ რუსლან გვარაძეს 2007 წლის 17 აგვისტოს შემდეგ კი არ შეუწყდა, არამედ შეუმცირდა დახმარების ოდენობა, 292 ლარამდე და 48 თეთრამდე. სოციალური მომსახურების სააგენტოს უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, მთავრობის 2013 წლის 1 მარტის დადგენილება ითვალისწინებდა ფულადი დახმარების გაცემას იმ პირებისათვის, რომლებსაც 2007 წლის 17 აგვისტოს სრულად შეუწყდათ დახმარების გაცემა. ეს დადგენილება საერთოდ არ ეხებოდა იმ პირებს, რომლებსაც 2007 წლის 17 აგვისტოს შეუმცირდათ დახმარების ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის თანამშრომელი, რომელსაც 2007 წლის 17 აგვისტოს სრულად შეუწყდა დახმარების მიღება, ხოლო 2013 წელს ეს დახმარება აღუდგა, იღებს ზუსტად იმ ოდენობის თანხას, რასაც იღებდა 2007 წლის 17 აგვისტომდე.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით,[1] პენსიის/კომპენსაციის შემცირება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით დაცული საკუთრების უფლების შეზღუდვას. მთავრობის 2013 წლის 1 მარტის დადგენილება ადასტურებს რუსლან გვარაძისათვის 2007 წლის 17 აგვისტოს ფულადი დახმარების შემცირებას, ამით კი ზღუდავს სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენელის საკუთრების უფლებას. საკუთრების უფლების შეზღუდვა მოცემულ შემთხვევაში არ არის აუცილებელი საბიუჯეტო სახსრების დაზოგვისათვის, ვინაიდან სამოქალაქო ავიაციაში დასაქმებულ პირებს, რომელებსაც 2007 წლის 17 აგვისტოს ფულადი დახმარების მიღება სრულად შეუწყდათ, 2013 წლიდან შესაძლოა იღებდნენ 773 ლარზე მეტი ოდენობის თანხას. შესაბამისად, საკუთრების უფლებაში ჩარევა გაუმართლებელია და 2013 წლის 1 მარტის მთავრობის დადგენილება არღვევს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის მოთხოვნებს.


[1]https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=10449