საია ეხმაურება ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის შესაძლო დარღვევის ფაქტებს

თარიღი: 26 აგვ 2022

გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიის საშუალებით[1] გავრცელებულ ინფორმაცის, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთეს პირებმა, რომლებსაც შესაძლოა, დარღვეული ჰქონდეთ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი.

შევახსენებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე მოქმედებს განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალქეობის არმქონე პირთათვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესს[2] და ადგენს შეზღუდვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქრთველოს კანონით ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გარიგების დადებისა და ხსენებული კანონით განსაზღვრულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.[3]

დადგენილი წესის დარღვევით, ყველა სხვა მიმართულებიდან, გარდა კანონით დადგენილისა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3221მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, რომლისთვისაც სასჯელის სახედ განსაზღვრულია ჯარიმაან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, სასჯელის სახეს კი განსაზღვრავს არა შინაგან საქმეთა სამინისტრო, არამედ სასამართლო.

ამასთანავე, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აწესებს მნიშვნელოვან შეზღუდვებს ეკონომიკურ საქმიანობაზე.[4] აკრძალულ ეკონომიურ საქმინობის სახეებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები ვრცელდება ყველა იმ პირზე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქრთველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტით აკრძალული საქმიანობის განმახორციელებელი პირების კაპიტალში ან/და რაიმე ფორმით გავლენას ახდენს მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე.[5] ხსენებული კანონით აკრძალული საქმიანობის განხორციელება წარმოადგენს დანაშაულს, შესაბამისად დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.[6]

საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევისას ვალდებულია მიმართოს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს საქართველოს კანონიერი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.[7]

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევებზე გამოვლენილი უმოქმედობით არ მისცეს ლეგიტიმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაღიარებულ რეჟიმების მიერ დადგენილ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს, გაატაროს ეფექტიანი ღონისძიებები კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დამრღვევ პირთა გამოვლენისთვის და აღნიშნული პირების მიმართ გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მექანიზმები.


[1] მთავარი არხის გადაცემა მთავარი 9 საათზე. ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/TvMtavari/videos/2099231813581676 განახლებულია: 25.08.2022.

[2] უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლადაშვებულია მხოლოდ: - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტისმიმართულებიდან. ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორისმუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.

[3] „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი.

[4] „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი მე-6 მუხლის პირველი პუნქტი.

[5] „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი.

[6] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322​2 მუხლი.

[7] „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი.