საია ეხმიანება პატიმრობის უზრუნველყოფით გირაოს გამოყენების წესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებას

თარიღი: 26 ივნ 2022

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2022 წლის 24 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დააკმაყოფილა №1341 და №1660 კონსტიტუციური წარდგინებები (თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე).[1]

წარდგინებებით სადავოდ იყო გამხდარი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმა, რომელიც განსაზღვრავდა დაკავებული ბრალდებულის მიმართ გირაოს გამოყენების წესს. კერძოდ, სადავო ნორმიდან გამომდინარე, დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება გირაოს უზრუნველყოფამდე ყველა შემთხვევაში იწვევდა ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნას. წარდგინებების ავტორი მოსამართლე მიიჩნევდა, რომ სასამართლოს უნდა შეძლებოდა, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გადაეწყვიტა, საჭირო იყო თუ არა პირის მიმართ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით პატიმრობის ღონისძიების გამოყენება. ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარეარაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავდა მოსამართლის მიერ ბრალდებულის გირაოს შეტანამდე გათავისუფლებას.

საგულისხმოა, რომ საია წლების განმავლობაში საუბრობდა აღნიშნულ საკითხზე და ითხოვდა შესაბამის საკანონმდებლო რეგულირებას.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ[2] აჩვენა, რომ იურისტებს შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის ჩანაწერი – „სასამართლო პროკურორის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, პატიმრობას უფარდებს ბრალდებულს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დაკავება სისხლის სამართლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების სახით მის მიერ გირაოს თანხის სრულად ან ნაწილობრივ (მინიმუმ 50%-ის) გადახდამდე“.

ხსენებული ნორმა პრაქტიკაში ბრალდებულთა საუარესოდ განიმარტებოდა. კერძოდ, უმეტესად მოსამართლეები მოცემულ რეგულაციას იმპერატიულად კითხულობდნენ და დაკავებული პირის მიმართ გირაოს შეფარდების შემთხვევაში აუცილებლად გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გამოყენების შესაძლებლობას ხედავდნენ და არა მოსამართლის დისკრეციას, თავად განესაზღვრა გამოეყენებინა გირაო თუ გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით.

გარდა ამისა, საია სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის არაერთ ანგარიშში აღნიშნავდა, რომ ნორმის არსებული განმარტება, ზღუდავდა ბრალდებულის თავისუფლების უფლებას, პატიმრობაში ტოვებდა პირს, რომლის მიმართაც არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები. საგულისხმოა, რომ დაკავებულ პირთა შემთხვევაში საგანგაშო პრობლემას წარმოადგენდა დაუსაბუთებლად ან არასათანადო დასაბუთებით მოთხოვნილი და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული გირაოს მაჩვენებელი. ბუნდოვანი კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, ასეთ შემთხვევებში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მოსამართლეები ყველა შემთხვევაში გირაოს უზრუნველსაყოფად იყენებდნენ პატიმრობას. პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებდა სასამართლოში დაკავებულის სახით წარმოდგენილ პირთა ყოველწლიური მაჩვენებელი.[3] დაკავებულთა შემთხვევაში, ხშირად, არ არსებობს პირის პატიმრობაში დარჩენის საფუძველი, თუმცა ბრალდებულთა ქონებრივი შესაძლებლობების არათანაზომიერი გირაო მათდაკავებას აქცევდა ხანგრძლივ, უსაფუძვლო პატიმრობად. გადახდის შეუძლებლობის შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო კი ქმნიდა შეფარული პატიმრობის რისკებს.

დადებით აღნიშვნას იმსახურებს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს ძალისხმევა, რომლის შედეგადაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავდა მოსამართლის მიერ ბრალდებულის გირაოს შეტანამდე გათავისუფლებას.

მნიშვნელოვანია საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციით გარანტირებული წარდგინების უფლების გამოყენება, იმ ნორმათა საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის თვალსაზრისით, რომლებიც საფუძვლიანი ვარაუდით შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას.

ვიმედოვნებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილების შემდეგ მოსამართლეები დაკავებულ ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის უზრუნველყოფით გირაოს გამოყენების შემთხვევაში, გაითვალისწინებენ ბრალდებულის ქონებრივ მდგომარეობას და არ აქცევენ მათ მიერ პატიმრობის უზრუნველყოფით გამოყენებულ გირაოს ე.წ. შეფარულ პატიმრობად.

ასევე, მნიშვნელოვანია პარლამენტმა დროულად უზრუნველყოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება და მოდიფიცირდეს ჩანაწერი „გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით“ ნორმასთან დაკავშირებით იმგვარად, რომ მოსამართლისთვის ის იყოს „აღმჭურველი“ და არა - მავალდებულებელი ხასიათის.


[1] საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2022 წლის 24 ივნისს გადაწყვეტილება, ხელმისაწვდომია:

https://bit.ly/3ODsFHR .

[2] საია-ს კვლევა „აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სტანდარტები“, 2020, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3QJzYQa.

[3] მაგალითად, 2016 წლის მარტიდან 2017 წლის თებერვლამდე საანგარიშო პერიოდში ბრალდებულთა 48% სასამართლოში წარდგა დაკავებულის სტატუსით, მომდევნო წლებში კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა და 2019 წლის მარტიდან 2020 წლის თებერვლამდე პერიოდში 76%-ს აღწევდა[3], ხოლო 2021 წელს ბრალდებულითა 64% წარსდგა სასამართლოს წინაშე დაკავებულის სახით. - საიას სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ოთხ წლიანი ანგარიში. გვ 26. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/31RnX35; საიას სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის N15 ანგარიში. გვ.18 ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3NkLjTG .