საია კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის პროცედურის მომწესრიგებელი ნორმებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

თარიღი: 9 ივლ 2021

საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს ნორმას, რაც მოსარჩელე ფიზიკურ პირს ავალდებულებს თავად მოაწეროს სარჩელს ხელი. გასაჩივრებული ნორმა უკრძალავს მოსარჩელე ფიზიკურ პირს, სარჩელზე ხელის მოწერა დაავალოს თავის წარმომადგენელს მინდობილობის საფუძველზე.[1]

საიას პოზიციით, აღნიშნული აკრძალვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის, რომლის მიხედვითაც ადამიანს აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას საკუთარი უფლებები პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. საიას პოზიციით, სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით უფლების დაცვა გულისხმობს არა მხოლოდ წარმომადგენელის მიერ მოსარჩელის უფლებების სხდომათა დარბაზში დაცვას, არამედ მოსარჩელის სახელით წარმომადგენლის მიერ სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის უფლებასაც. გასაჩივრებული ნორმა ასევე არღვევს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ თანასწორობის უფლებასაც. იურიდიული პირის დირექტორს აქვს შესაძლებლობა, წარმომადგენელს დააკისროს უფლებამოსილება, იურიდიული პირის სახელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ფიზიკურ პირს არა აქვს იმის უფლება, რომ წარმომადგენელს დააკისროს მისი სახელით საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. ეს კი არის დისკრიმინაცია მოსარჩელე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, რასაც სათანადო გამართლება არ გააჩნია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საია მოითხოვს, რომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით.


[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელის/მოსარჩელეთა მიერ“. ხოლო ამავე კანონის 313 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით: „კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ იგი ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის 31​1 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს“.