საია ლონდა თოლორაიას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის საოქმო ჩანაწერს ეხმიანება

თარიღი: 1 მარ 2022

28 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლისა და მის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ ლონდა თოლორაიას სარჩელს განიხილავს, საოქმო ჩანაწერით არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ნორმების შეჩერების შესახებ. საოქმო ჩანაწერს თან ახლავს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი, რომელიც არ დაეთანხმა კოლეგიის 3 მოსამართლეს და მიიჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შეეჩერებინა სადავო ნორმების მოქმედება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საიას მოსაზრებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ მიღებული საოქმო ჩანაწერი მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას და ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.

საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელეს მიუთითებს, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო სადავოდ გამხდარ ნორმებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, ,,ისინი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობას შეზღუდავენ იმ მომენტიდან, როდესაც ფაქტობრივ და სამართლებრივ შედეგებს დააყენებენ, კონკრეტულად კი პირველი მარტიდან. შესაბამისად, მოსარჩელისთვის სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის შეწყვეტა არაკონსტიტუციური იქნება ნორმების ძალაში შესვლის მომენტიდან.“[1]საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ ეფექტებს განსაზღვრავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონი[2], რომლის მიხედვითაც, ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება, აგრეთვე იმავე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობის დადასტურება, იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან. მაშინ, როდესაც ორგანული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის ძალადაკარგულად ცნობას იწვევს გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, გაუგებარია, რომელ სამართლებრივ ნორმაზე დაყრდნობით მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის შეწყვეტა არაკონსტიტუციური იქნება ნორმების ძალაში შესვლის მომენტიდან.

საოქმო ჩანაწერის მიხედვით, „საკონსტიტუციო სასამართლო ვერ დარწმუნდა იმაში, რომ მხოლოდ სადავო ნორმების შეჩერების პირობებში იქნება შესაძლებელი მოსარჩელის დარღვეულად ნაგულები უფლებების აღდგენა, ხოლო შეუჩერებლობის შემთხვევაში კი ეს შეუძლებელი გახდება.“[3] როგორც საოქმო ჩანაწერიდან დგინდება, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას მიაჩნია, რომ სადავო ნორმების შეუჩერებლობის შემთხვევაშიც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მოსარჩელის უფლებებში აღდგენა. ამის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლო არ ასახელებს კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელი მექანიზმი აძლევს მოსარჩელეს უფლებების აღდგენის შესაძლებლობას. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელე მხარეზე გადაიტანა მტკიცების ტვირთი იმ გარემოებაზე, რომლის დადასტურებაც შეუძლებელია.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ საკითხის გადაწყვეტისას ერთმანეთს შეუპირისპირა მოსარჩელისა და საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის სამართლებრივი მოლოდინები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოსარჩელემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა 2022 წლის 28 იანვარს, ხოლო ორი ახალი სამსახურის უფროსი საქართველოს პარლამენტმა აირჩია 2022 წლის 15 თებერვალს. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩლის შეტანის მომენტში ცნობილი იყო, რომ პარალელურად მიმდინარეობდა ორი ახალი სამსახურის უფროსის არჩევის პროცედურა, შესაბამისად, მას შეეძლო მათ არჩევამდე განეხილა სადავო ნორმების შეჩერების საკითხი, რითაც თავიდან აირიდებდა აღნიშნულ პირთა უფლებრივ კონფლიქტს. ამის საპირისპიროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ საოქმო ჩანაწერი ოფიციალურად გამოქვეყნდა 28 თებერვალს 17 საათსა და 14 წუთზე. საკითხის ამგვარი გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია, საკითხის გაჭიანურებით დაელოდა ორი ახალი სამსახურის უფროსის არჩევას, რათა მათი სამართლებრივი ინტერესები მოსარჩელის ინტერესის შესაპირისპირებლად გამოეყენებინა, რაც საბოლოო გადაწყვეტილებაზე იქონიებდა გავლენას.

ბოლოს, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სადავო ნორმის მიღების ლეგიტიმური მიზნისა და მოსარჩელის ინტერესების შეპირისპირება. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მოსარჩელის ინტერესებისა და სადავო ნორმების მიღების ლეგიტიმური მიზნის შეპირისპირებისას, სასწორის პინა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ისე გადახარა, რომ საფუძვლიანად არ გამოუკვლევია რამდენად რეალური იყო ინტერესთა კონფლიქტის საფრთხის წარმოშობა.

საია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის სამი მოსამართლის მიერ მიღებული საოქმო ჩანაწერი მოკლებულია სამართლებრივ არგუმენტაციას, ეფუძნება თეორიულ მსჯელობებს და არ შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს აქამდე დადგენილ პრაქტიკას სადავო ნორმების შეჩერების საკითხთან დაკავშირებით.


[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის N1/1/1673 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ლონდა თოლორაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-22.

[2] მუხლი 23, ნაწილი 1-ლი.

[3] იქვე, II-25.