საია-მ საქართველოს პარლამენტს ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა

თარიღი: 28 დეკ 2020

საია-მ ს საქართველოს პარლამენტის წევრი - მიხეილ სარჯველაძის მიერ ინიცირებულ „ამნისტიის შესახებ“, კანონის პროექტზე[1] ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს მოსაზრებები წარუდგინა.

„ამნისტიის შესახებ“ წარმოდგენილი კანონის პროექტი მეტწილად შეეხება ნარკოტიკული დანაშაულისთვის ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირებს. კანონის პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ აქტი შეეხება 800-მდე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ პირს, საიდანაც 680-მდე პირი მსჯავრს იხდის სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. წლების მანძილზე მკაცრი ნარკოპოლიტიკის პირობებში, ამნისტიის აქტი დადებითად აისახება ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთა რეაბილიტაცია/რესოციალიზაციაზე. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა დროულად დაიწყოს მუშაობა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით სისტემურ ცვლილებაზე, ასევე მოაწესრიგოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული ნორმები.

ამასთანავე, არსებობს კანონის პროექტით გათვალისწინებული გარკვეული საკითხები, რომლებიც საჭიროებს მეტ დაზუსტებას. ასეთია ნარკოტიკული დანაშაულის შედეგად ჩამორთმეული უფლებების აღდგენის საკითხი, სხვადასხვა ტიპის დანაშაულებთან მიმართებით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თუ სასჯელისგან გათავისუფლებისათვის დაწესებული განსხვავებული წინაპირობები, სასჯელისაგან გათავისუფლებისას არსებული ჩანაწერი, რომელიც არ ეხება სასჯელის სახე - ჯარიმას და სხვ.

ამიტომ, საია საჭიროდ მიიჩნევს წარმოადგინოს დამატებითი მოსაზრებები, რათა ხელი შეუწყოს ამნისტიის შესახებ კანონპროექტის გაუმჯობესებას და მასში არსებული ხარვეზების გამოსწორებას.

უფრო დეტალურად, შეგიძლიათ იხილოთ წარდგენილი მოსაზრებები.


[1] ამნისტიის შესახებ კანონის პროექტი, (07-3/3/10; 16.12.2020). ინიციატორი : საქართველოს პარლამენტის წევრი: მიხეილ სარჯველაძე. ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/?fbclid=IwAR0qC_q5bbvHCCHNje6RwzEvNpHE_jIUKyPjW9TDWVsKg4ef4c4Wd4MKsYs#law-drafting/21107 .