2021 წლის 6 ივნისს საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის (07-3/86/10) მიხედვით, მთელი რიგი ცვლილებები უნდა შევიდეს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაგეგმილი ინსტიტუციური ცვლილება: გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესის წარმართვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის დელეგირება, რაც სათანადოდ არაა დასაბუთებული და შეფასებული არაა მისი შესაძლო უარყოფითი შედეგები - ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის საფრთხეები;
კანონპროექტის მიხედვით, ასევე, იმ სუბიექტებს, რომლებსაც მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად სამინისტროსთვის უნდა მიემართათ 2019 წლის 01 ივნისამდე, ეს ვალდებულება სრულიად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად უხანგრძლივდებათ 2022 წლის 01 იანვრამდე. კანონპროექტი, ასევე უსაფუძვლოდ, აფართოვებს იმ სუბიექტების წრეს, რომლებზეც ვრცელდება აღნიშნული ცვლილება და ის შეეხება იმ საქმიანობებს, რომელთა განხორციელება დაიწყო 2018 წლის 01 იანვრამდე 2015 წლის 01 ივნისის ნაცვლად.
კანონპროექტით განსაზღვრული ცვლილებები, ასევე, შეეხება საქმიანობის სკრინინგის პროცედურასა და გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას, რომელთა ნაწილიც დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა, ამ შემთხვევაშიც თავს იჩენს მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც აუცილებლად საჭიროებს გამოსწორებას.
ცვლილებები, ასევე, შედის კოდექსის დანართებით განსაზღვრულ საქმიანობებში. დადებითად უნდა შეფასდეს ცვლილებათა ნაწილი, რომლებიც დანართებით განსაზღვრული საქმიანობების მოცულობების/ზღვრების კორექტირებას შეეხება. თუმცა, მიუხედავად არაერთი რეკომენდაციისა, კანონპროექტის ფარგლებში ქვიშა-ხრეშის მოპოვება, რაც დიდ ზეგავლენას ახდენს გარემოზე, კვლავ არ ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, რაც ცალსახად უარყოფითად უნდა შეფასდეს. ამასთან, ასევე უარყოფითად უნდა შეფასდეს კოდექსის მეორე დანართში შესატანი ცვლილება, რომლის მიხედვითაც გარემოზე ზემოქმედების შეფასებას აღარ დაექვემდებარება ნაშენ გარემოში არსებულ გამწვანებულ ტერიტორიებზე, ლანდშაფტური მშენებლობის შედეგად, დასასვენებელი/გასართობი ადგილების (მათ შორის, სპორტული, სათამაშო, საკემპინგე, საბანაო, საქალაქო მებაღეობა) მოწყობა. აღნიშნული ცვლილება სრულად დაუსაბუთებელია და აშკარა უარყოფით შედეგებს გამოიწვევს.
წინამდებარე დოკუმენტით წარმოგიდგენთ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ მომზადებულ მოსაზრებებს კანონპროექტთან დაკავშირებით, სადაც დეტალურად არის განხილული მოსალოდნელი ცვლილებები და მათი შესაძლო უარყოფითი შედეგები.