საია მერის წარმომადგენლებისათვის პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის ჩამორთმევის ინიციატივას კრიტიკულად აფასებს

თარიღი: 20 სექტ 2019

2019 წლის 12 ივნისს საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფმა[1] „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი დაარეგისტრირა, რომლის თანახმად მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელსა და მუნიციპალიტეტში (გარდა თბილისის მუნიციპალიტეტისა) შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებულ სხვა პირებს ჩამოერთმევათ პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსი და ისინი მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმდებიან.

მიგვაჩნია, რომ მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს უნდა შეუნარჩუნდეთ პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსი, რადგან მათ მიერ შესრულებული ფუნქციები პროფესიული ხასიათისაა, არ უკავშირდება მერის პოლიტიკის ადგილობრივ დონეზე გატარებას და მათი განხორციელებისათვის მერის პოლიტიკურ ხედვებთან თანხვედრა საჭირო არ არის. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის თანაშემწეს ან მრჩეველს, რომლებიც ამჟამად საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით არიან დასაქმებული, მსგავსი ფართო უფლებამოსილებები არ გააჩნიათ, რის გამოც მუნიციპალიტეტების მერის წარმომადგენლების მათთან გათანაბრება და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გადაყვანა არ არის მართებული.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად „მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით.“[2] მუნიციპალიტეტების მერიების დებულებების ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ მერის წარმომადგენლებს ძირითადად შემდეგი ფუნქციები აქვთ:

- მერს წარუდგენს ინფორმაციას ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ;

- უზრუნველყოფს სტატისტიკური და სხვა სახის მონაცემებისა და მერის დავალებით მოთხოვნილი ინფორმაციის შეგროვებას;

- უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

- ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვისა და სახალხო განხილვების ჩატარებას;

- აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს მერს;

- თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;

- მოქალაქეებზე გასცემს ცნობებს საქონლის ადგილწარმოების შესახებ, ოჯახის შემადგენლობის შესახებ, პირის ფაქტობრივი საცხოვრებლი ადგილის შესახებ;

- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით ახორციელებს დაბადების (თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე) რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვას, პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენას და პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვას, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში პირის დაბადებისა და პირის გარდაცვალების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად.“

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების მერიის დებულებების თანახმად, მერის წარმომადგენლებს აქვთ ბეჭედი და საკუთარი ბლანკი, შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის სახელწოდების მითითებით. მერის წარმომადგენლის ბეჭედი გამოიყენება დოკუმენტის უტყუარობის დასადასტურებლად და დაისმება მის მიერ გაცემულ დოკუმენტებზე (ცნობა; მერის წარმომადგენლის მიერ შექმნილი დოკუმენტის ასლი, ოქმი, მიღება-ჩაბარების აქტი; დახასიათება; რეკომენდაცია; კორესპონდენციის დანართი, რომელიც შეიცავს ადმინისტრაციული ერთეულის მონაცემებს).

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შეფასებისას, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ადგილობრივი კონტექსტი და მის მიღებასთან დაკავშირებული შესაძლო რისკები. საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიების ანგარიშების მიხედვით,[3] მმართველი პარტიის მიერ მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა წინასაარჩევნო პროცესებში აქტიური ჩართვა ხდება. მერის წარმომადგენლებისათვის პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის ჩამორთმევა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე გადაყვანა მათი უფლების დაცვის სტანდარტს მნიშვნელოვნად აუარესებს, რაც მუნიციპალიტეტების მერის მიერ მათი წინაასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვის მიზნით შეიძლება იყოს გამოყენებული. იმის გათვალისწინებით, რომ მერი პოლიტიკური თანამდებობის პირია და სააგიტაციო პროცესში შეუზღუდავად მონაწილეობს, ხოლო მერის წარმომადგენლები უშუალოდ მას ექვემდებარებიან, მათ მიმართ განსაკუთრებით მაღალია წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვის რისკი. ხოლო, მერის წარმომადგენლების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციაში რაიმე ფორმით მონაწილეობაზე უარის თქმისას, მათი პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების რისკები იზრდება.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის არსებული რედაქციის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება ცენტრალურ დონეზე არსებობს და მხოლოდ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს აქვთ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით პირების დასაქმების შესაძლებლობა.[4] კანონის თანახმად, „ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს ხელს უწყობს მისი უფლებამოსილების განხორციელებაში დარგობრივი/სექტორული რჩევების მიცემით, ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარების გაწევით ან/და ორგანიზაციულ-მენეჯერული ფუნქციების შესრულებით“.[5] შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში მიიღებიან „სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის თანაშემწე ან მრჩეველი, ასევე მისი უშუალო აპარატის/სამდივნოს/ბიუროს თანამშრომელი.“[6] გარდა ამისა, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები სამსახურში მიიღებიან, როგორც წესი, უკონკურსოდ და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადით.[7]

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა (წამყვანი კომიტეტი) 2019 წლის 16 სექტემბერს აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში არ შეიტანოს აღნიშნული ცვლილება, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე საფრთხე არ შეექმნას საჯარო სამსახურში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვას და არ გაიზარდოს წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის პოლიტიკური ნიშნით გამოყენების რისკები.


[1] საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი ბერაია, შალვა კიკნაველიძე

[2] „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

[3] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისია, წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიში, თბილისი, 2018. ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/files/news/2006/untitled%20folder/%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%20%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%202017.pdf;

[4] „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტი.

[5] „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტი.

[6] „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.

[7] „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 82-ე მუხლი.