საია მოუწოდებს უზენაესი სასამართლოს პლენუმს საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეაჩეროს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნის პროცედურები

თარიღი: 30 მარ 2020

საკონსტიტუციო სასამართლო 10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისაგან შედგება, მათგან სამს უზენაესი სასამართლოს პლენუმი ნიშნავს1. კანდიდატს ასახელებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე2. გადაწყვეტილების მიღებად დამსწრეთა 2/3-ია საჭირო.3

საკონსტიტუციო სასამართლოში ერთი მოსამართლის თანამდებობა 2019 წლის 5 დეკემბერიდანაა თავისუფალი. მიუხედავად მოწოდებისა4, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დაარღვია კანონი და ამ დრომდე არ გადადგა ვაკანსიის შესავსებად საჭირო ნაბიჯები. ეს პროცესი, დღეს, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მოულოდნელად, დაინიცირდა. ხვალ, 31 მარტს 15:00 საათზე, გაიმართება პლენუმის სხდომა, რომლის დღეს წესრიგის ერთადერთი საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნაა5.

პლენუმისათვის კანონით დაკისრებული მოვალეობა სასამართლოსადმი ხალხის ნდობის და რწმენის განმტკიცებაა6, თუმცა ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ სასამართლოს მესვეურების კეთილსინდისიერებას. იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის წინაშე მნიშვნელოვანი გამოწვევები დგას, როცა პანდემიის გავრცელებისგან შეჩერების მიზნით სასამართლო სხდომებიც კი ელექტრონულად მიმდინარეობს, პლენუმის სხდომის ჩანიშვნა, გაუგებარია. ამგვარ სიტუაციაში ასევე შეუძლებელია საკითხის გარშემო ჯეროვანი დისკუსიის გამართვა, ხოლო სხდომის ფორმალურად ღიაობა ვერ შეავსებს საჯარო მსჯელობის იმ დეფიციტს, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ამ პირობებში დანიშვნა წარმოშობს. ეს ქმედება მმართველი გუნდისა და კლანის მიერ სასამართლო ხელისუფლების ორგანოებზე საკუთარი გავლენის კიდევ უფრო განვრცობას ემსახურება.

მოვუწოდებთ უზენაესი სასამართლოს პლენუმს, დროებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, შეაჩეროს პროცესი, ხოლო მისი განახლების შემდეგ, კენჭისყრამდე გონივრული დროით ადრე, განხილვის მიზნით, საზოგადოებას წარმოუდგინოს ინფორმაცია კანდიდატის შესახებ.

______________________________________________

1 საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.

2 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მე-7 მუხლის, მე-2 პუნქტი.

3 იქვე.

4 კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის, „უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კანონს არღვევს“ კოალიციის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია:http://coalition.ge/index.php?article_id=227&clang=0, განახლებულია 30/03/10.

5 საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა, დღის წესრიგი, უზენაესი სასამართლოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/plenumi-dgis-wesrigi-31.03.2020.pdf, განახლებულია 30/03/10.

6 საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი.