საია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე ეკა ბესელიას ინტერესებს დაიცავს

თარიღი: 1 აპრ 2021

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვან იარაღად იქცა, რომელსაც ხელისუფლება თუ არაფორმალურად დაინტერესებული სუბიექტები კონკრეტულ პირების საჯარო თუ პოლიტიკური ცხოვრებიდან განდევნის მიზნით აქტიურად იყენებენ. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად არიდებს თავს ამგვარი დანაშაულების დროულ და ეფექტიან გამოძიებას, რითიც ადასტურებს იმას, რომ არ აქვს პოლიტიკურ ნება, აღიკვეთოს ფარული ჩანაწერებით შანტაჟის პრაქტიკა.

ეკა ბესელიას საქმე ერთ-ერთი ის შემთხვევაა, რომელიც ნათლად წარმოაჩენს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟისა და აღნიშნულ ფაქტებზე სახელმწიფო ორგანოების არაქმედითი რეაგირების სისტემურ პრობლემას. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის იანვარში ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი კადრები. აღნიშნული საქმის გამოძიება 2019 წლის 28 იანვარს დაიწყო, თუმცა, გამოძიების დაწყებიდან დღემდე, 2 წელზე მეტი პერიოდის გასვლის შემდეგ, პროკურატურის მიერ პასუხისგებაში მიცემული არიან მხოლოდ ის პირები, რომლებმაც შეინახეს ან/და გაუზიარეს სხვა პირებს აღნიშნული ჩანაწერი, ხოლო ის პირები, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობდნენ აღნიშნული ჩანაწერის შექმნაში, და, ამ ჩანაწერის გავრცელების პირველწყაროს წარმოადგენენ, დღემდე არ არიან იდენტიფიცირებულნი.

2021 წლის 01 აპრილს საია ეკა ბესელიას საქმეში ჩაერთო, როგორც დაზარალებულის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია. საია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, გამოძიების პროცესი მიმართონ იმ პირების გამოვლენასა და პასუხისგებაში მიცემაზე, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი იყვნენ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი კადრების შექმნასა და პირველად გავრცელებაში. კრიტიკულად აუცილებელია, დაისაჯოს პირველწყარო, და ხელისუფლებამ დაადასტუროს, რომ არ აფარებს / უწყობს ხელს ამგვარ შემაშფოთებელ დანაშაულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუსჯელობის სინდრომს, ერთი მხრივ, წამახალისებელი ეფექტი აქვს დანაშაულის განმეორებითობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, იწვევს დაზარალებულის მუდმივ მორალურ სტრესში ყოფნას, ამავდროულად, მსუსხავი ეფექტი აქვს იმ ადამიანების გამოხატვის თავისუფლებაზე, რომლებსაც, შესაძლოა, იყვნენ პოლიტიკურად აქტიურები და ავრცელებდნენ ხელისუფლებისთვის არასასურველ განცხადებებს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კამპანია ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ" 2014 წლიდან ცდილობს ფარული მიყურადების მომწესრიგებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეცვლას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური გარანტიის დაცვას. სამწუხაროდ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ მმართველ კოალიციას ამ მიმართულებით არანაირი სისტემური ცვლილება არ განუხორციელებია. დაპირების მიუხედავად, საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კვლავ აქვს შეუზღუდავი წვდომა კავშირგაბმულობის ოპერატორთა მონაცემებთან და მოქალაქეთა შორის ყველა სახის კომუნიკაციასთან. ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე დამნაშავე პირების დაუსჯელობა და უცვლელი საკანონმდებლო ბაზა, გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი სურვილი, ქვეყანაშ მოქალაქის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცული იყოს.