საია საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესს აჯამებს

თარიღი: 6 ნოე 2020

საოლქო საარჩევნო კომისიებმა დაასრულეს უბნების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის და შედეგების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით წარდგენილი საჩივრების განხილვა. საია-მ შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობისა და მონაცემების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საბოლოოდ 109[1] უბანთან მიმართებით წარადგინა საჩივარი, საიდანაც:

- 19 უბნის დალუქული დოკუმენტაცია გაიხსნა და გადაითვალა,[2] რომლის შედეგად დაზუსტდა 23 შემაჯამებელი ოქმის მონაცემები. (დეტალური ინფორმაცია უბნების და შედეგების შესახებ იხილეთ აქ);

- 2 უბანთან მიმართებით საია-მ მოხსნა მოთხოვნა, რადგან დარწმუნდა, სადავოდ გამხდარი მონაცემის სისწორეში;

- 9 უბანთან მიმართებით მოთხოვნა განუხილველი დარჩა საჩივრის ელექტრონული ფორმით ჩაბარების გამო[3];

- 79 უბანთან მიმართებით საია-ს საჩივრები არ დაკმაყოფილდა ან/და განუხილველი დარჩა. განუხილვევლად დატოვება გამოწვეული იყო იმავე საკითხზე საია-ს საჩივრის განხილვამდე სხვა ორგანიზაციების საჩივრებზე უარის თქმა.

- მიუხედავად იმისა, რომ 79-ვე უბნის შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ მოხსნილა, საია სასამართლოში მხოლოდ 38 უბნის შედეგებს გაასაჩივრებს, რაც ჯამში სხვადასხვა ტიპის 60-მდე შემაჯამებელ ოქმს მოიცავს. (დეტალური ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, რომლის შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებასაც საია სასამართლოში გეგმავს, იხილეთ აქ);

სასამართლოში სარჩელის წარდგენისთვის შემჭიდროებული დროის და მცირე რესურსის გათვალისწინებით, ორგანიზაციამ სასამართლოში დავისთვის პრიორიტეტი მიანიჭა ისეთ ოლქებს, სადაც ჯამში უფრო მეტი საჩივარი ჰქონდა წარდგენილი. ასევე, საია არ განაგრძობს დავას იმ ოლქებთან მიმართებით, სადაც გასაჩივრებული იყო ძირითადად მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმები და წინასწარი მონაცემებით, პირველ და მეორე, ასევე, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ კანდიდატებს შორის არსებული სხვაობის გათვალისწინებით, გასაჩივრებული ოქმების გაბათილებას არ შეუძლია გავლენის მოხდენა მაჟორიტარული არჩევნების შედეგებზე.

საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენისა და განხილვის პროცესთან დაკავშირებით, ამ დროისათვის გამოიკვეთა საყურადღებო ტენდენციები:

- ცესკოს ონლაინ ბაზაში მთელ რიგ უბნებთან მიმართებით, სრული დოკუმენტაცია (ახსნა-განმარტებები, შესწორების ოქმები) გვიან აიტვირთა. ასევე, დაფიქსირდა თავდაპირველად ატვირთული დოკუმენტაციის წაშლის/ჩანაცვლების შემთხვევები. ამან ხელი შეუშალა/შეაფერხა გასაჩივრების პროცესი და გააჩინა დამატებითი დოკუმენტაციების დაგვიანებით შედგენის და დისბალანსის გასწორების პროცესში მანიპულაციის განცდა.

- არაერთ შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრის განხილვამდე, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ახსნა-განმარტებების საფუძველზე, საკუთარი განკარგულებით ჩაასწორა მონაცემები, ისე, რომ არ მომხდარა დალუქული დოკუმენტაციის გახსნა და ახსნა-განმარტებებში მოყვანილი მონაცემების სისწორის დადგენა.

- საოლქო საარჩევნო კომისიებში განხილვის პროცესი ძირითადად ფორმალურ ხასიათს ატარებდა, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღებოდა არათანამიმდევრულად და დაუსაბუთებელად.

- საოლქო საარჩევნო კომისიები ძირითადად, ერთ წარმოებად არ აერთიანებდნენ სხვადასხვა სუბიექტის მიერ ერთ უბანთან დაკავშირებით შეტანილ საჩივრებს. რიგითობით პირველი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდგომ, ამ მოტივით სხვა ორგანიზაციების მიერ ამავე საკითხზე შეტანილი დავები განუხილველი რჩებოდა.

- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებებს ან/და მომდევნო დღეს შედგენილ შესწორების ოქმებს, მათი ბუნდოვანების და არადამაჯერებლობის მიუხედავად, ყოველგვარი დამატებითი გადამოწმების გარეშე, საოლქო საარჩევნო კომისიები, როგორც წესი, სანდოდ მიიჩნევდნენ და არ ახდენდნენ დალუქული დოკუმენტაციის გახსნის და მონაცემების გადამოწმების გზით, ფაქტების დაზუსტებას. მათ შორის, ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისია ღიად აფიქსირებდა, რომ ისინი ყველაფერს ვერ გადაამოწმებდნენ, რადგან ,,ეს [ოლქი] არ იყო სასამართლო“.

საია მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ გაიაზრა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის სიმწვავე და არ გამოიყენა ის შესაძლებლობები, რაც შემაჯამებელ ოქმებში ასახული მონაცემების სანდოობასთან დაკავშირებულ კითხვებს მოხსნიდა. საია მოუწოდეს საარჩევნო ადმინისტრაციას, საკუთარი ინიციატივით გადახედოს უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს და ყველა საეჭვო უბნის მონაცემები ხელახლა გადათვალონ.


[1] საია არ გამორიცხავს, რომ სხვა შემაჯამებელ ოქმებშიც ფიქსირდება ანალოგიური პრობლემები, თუმცა, საია დავობს მხოლოდ იმ ოქმებთან მიმართებით, რომლის გადამოწმებაც შემჭიდროებულ ვადებში მოხერხდა.

[2] სრული მონაცემები (ხელმოწერების რაოდენობა, კანდიდატებისათვის მიცემული ხმების რაოდენობა, ბათილი ბიულეტენები) გადაითვალა მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში, სხვა შემთხვევაში, მოხდა მხოლოდ კონკრეტული მონაცემის (მაგ.: ჩანაწერთა წიგნის) გახსნა და გადამოწმება.

[3] ბოლნისის და ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიებმა თავდაპირველად თანხმობა განაცხადეს საჩივრის ელექტრონული ფორმით მიღებაზე (დაარეგისტრირეს და მიანიჭეს ნომერი), თუმცა, მოგვიანებით საჩივრები განუხილველი დატოვეს.