საია შალვა თადუმაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგის გასაჯაროებას ითხოვს

თარიღი: 4 მარ 2020

საქართველოში 2017 წლიდან მოქმედებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა, რაც გულისხმობს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დეკლარაციებში ასახული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმებას. ამ მიზნით დეკლარაციები შეირჩევა სამი გზით: ა) ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევითობის პრინციპით; ბ) დასაბუთებული წერილობითი განცხადებით; გ) დამოუკიდებელი კომისიის მიერ.[1]

2019 წელს ეს უკანასკნელი პირველად შეიქმნა და შედგებოდა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე აკადემიური წრეების წარმომადგენლებისაგან. მასში ჩართული იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. გასული წლის 11 იანვარს კომისიის[2] მიერ შეირჩა 302 დეკლარანტი, მათ შორის შალვა თადუმაძე. კანონმდებლობის მიხედვით მონიტორინგის შედეგები ყოველი კალენდარული წლის ბოლოს ბიუროს მიერ ქვეყნდება[3]. 31 დეკემბერს საჯარო სამსახურის ბიურომ გამოაქვეყნა ეს დოკუმენტი,[4] რომელშიც შალვა თადუმაძის დეკლარაციის შემოწმების შედეგი არ იყო ასახული.

ამის შემდეგ, საიამ საჯარო სამსახურის ბიუროსგან მოითხოვა ის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სადაც მოცემული იქნებოდა შალვა თადუმაძის დეკლარაციის შემოწმების შედეგების საბოლოო ანგარიშში შეუტანლობის მიზეზები.[5] საჯარო სამსახურის ბიურომ ყოველგვარი განმარტების გარეშე უარი განაცხადა ინფორმაციის გაცემაზე.[6] ერთადერთი შემთხვევა, როცა ბიუროს მონაცემების გაუცემლობის საფუძველი შესაძლოა ჰქონოდა, შალვა თადუმაძის მიერ დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის განზრახ შეტანაა, რა დროსაც ბიურო ვალდებულია საქმე სამართალდამცავ ორგანოს გადაუგზავნოს[7]. მნიშვნელოვანია, რომ საიამ იდენტური ინფორმაცია გამოითხოვა სხვა რამდენიმე თანამდებობის პირზეც, რომლებიც ანალოგიურად არ მოხვდნენ ანგარიშში. ამ შემთხვევებში ბიურომ ინფორმაცია სრულყოფილად გასცა.

საია მოუწოდებს საჯარო სამსახურის ბიუროს გაასაჯაროოს შალვა თადუმაძის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების შედეგი და განმარტოს მისი გასაიდუმლოების სამართლებრივი საფუძველი.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს საია საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს.


[1] საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილება „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, მე-4 მუხლი.

[2] 2019 წლის განმავლობაში შესამოწმებელი თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შერჩევის მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი კომისიის 2019 წლის 11 იანვრის სხდომის ოქმი #1, ხელმისაწვდომია: http://www.csb.gov.ge/media/1817/file.pdf, განახლებულია: 04.03.2020.

[3] საქართველოს კანონი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ, მე-181 მუხლი.

[4] 2019 წელს განხორციელებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიში, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3cr9yyp, განახლებულია: 04.03.2020; 2019 წელს განხორციელებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიშის დანართი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/39gkLQy, განახლებულია: 04.03.2020.

[5] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2020 წლის 18 თებერვლის განცხადება #გ-04/37-20.

[6] საჯარო სამსახურის ბიუროს 2020 წლის 28 თებერვლის #გ1691 წერილი.

[7] საქართველოს კანონი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ, მე-181 მუხლის მე-13 პუნქტი.