საია უერთდება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას

თარიღი: 10 დეკ 2023

1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების შემდეგ 75 წელი გავიდა. ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვისთვის ყოველდღიური ბრძოლა კვლავ გრძელდება. ამ დღის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ წარმოუდგენელია ადამიანის ძირითადი უფლებების ყოველდღიურ ცხოვრებაში განმტკიცების, საკუთარი და სხვის თავისუფლების დაცვის გარეშე, თანასწორუფლებასა და სამართლის უზენაესობის პრინციპებზე დაფუძნებული დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა.

2023 წელი საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი წელი იყო. 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი დათქმებით მიენიჭოს. ეს დათქმები, მათ შორის, მოიცავს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების კუთხით საჭირო რეფორმებსა და ხელშესახები ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ქვეყანაში ადამიანების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ადამიანის უფლებების მიმართულებით 2023 წელს გამოწვევები შემდეგი მიმართულებებით შეგვიძლია შევაჯამოთ:

1. სივრცის შევიწროების მზარდი პრაქტიკა

მიმდინარე წელს კიდევ უფრო გაუარესდა და საფრთხის შემცველი გახდა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე პირთა მდგომარეობა. 2023 წლის 7 მარტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი,[1] რაც სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციასა და გაჩუმებას ისახავდა მიზნად. ამასთანავე მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენდა ადამიანის უფლებების დაცვასა და სოციალურ გარანტიებზე. მოგვიანებით, მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად, კანონპროექტი გაიწვიეს,[2] თუმცა, აქციებზე სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენების კანონიერებისა და პროპორციულობის შეფასების შედეგად, გამოიკვეთა, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან არაერთგზის დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით, ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული ვალდებულებები.[3]მათ შორის, ადგილი ჰქონდა ლოკალური ხასიათის დარღვევებზე ინდივიდუალური და შეზღუდული რეაგირების ნაცვლად მშვიდობიანი აქციის დაშლის უკანონო გადაწყვეტილებების მიღებას; რიგ შემთხვევებში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე სპეციალური საშუალებების გამოყენების დაწყებას; აქციის დაშლის ოპერაციისას და, შესაბამისად, სპეციალური საშუალებების გამოყენებისას, სამართალდამრღვევი და მშვიდობიანი მონაწილეების ერთმანეთისგან გამიჯვნის ვალდებულების დარღვევას; სპეციალური საშუალებების ერთდროულად და პარალელურად გამოყენებას; სპეციალური საშუალებების უკანონოდ და არაპროპორციული ძალით გამოყენებას (წიწაკის სპრეის სახეში შესხმა, წყლის ჭავლის დამიზნებით გამოყენება; ცრემლსადენი გაზის კაფსულების დამიზნებით სროლა); აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ფიზიკური ძალის გამოყენებას, მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლას.

საპოლიციო საშულებების უკანონოდ გამოყენების და მასობრივი უკანონო დაკავებების მიუხედავად, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ერთხმად უთხრა არა „რუსულ კანონს“ და არა სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შეზღუდვას. კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად, უფლებადამცველების მადისკრედიტირებელი კამპანიები მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს სხვადასხვა გზით, ამას მიუთითებს გაერთიანებული ერების სპეციალური მომხსენებლის (ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობაზე), წინასწარი მიგნებები და რეკომენდაციები, რომლებიც 2023 წლის 7 ნოემბერს გამოქვეყნდა.[4]

2023 წელს განვითარებული მოვლენები და სხვადასხვა მშვიდობიან შეკრებაზე სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეკრების თავისუფლება მომეტებულად იზღუდება, აღნიშნული კი, მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე ხორციელდება, რომელიც მნიშვნელოვანი გარანტიების გარეშე ტოვებს ადამიანებს.

2. მედია თავისუფლება

ე.წ. კრიტიკული მედიის წარმომადგენლების ფიზიკური უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა გაუარესებულია. საგამოძიებო პროცესი უმეტესწილად მთელი რიგი ხარვეზებით ხასიათდება.ძალადობის წინააღმდეგ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის არქონას, და, ამის საპირისპირო, ძალადობის წამახალისებელ პრაქტიკებს, რაც, მათ შორის, მოძალადეების დაუსჯელობაში გამოიხატება, დამანგრეველი ეფექტი აქვს მედია თავისუფლების ხარისხზე. საგანგაშოა, რომ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორებისაგან არც ერთი ამ ეტაპზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული არ არის.[5] აღნიშნული დასტურდება, როგორც ადგილობრივი, ისე, საერთაშორისო წყაროებით.[6] Freedom House-ს 2023 წელს გამოქვეყნებული ანგარიშიც მოწმობს, რომ დამოუკიდებელი მედიის კლასიფიკატორში მდგომარეობა გაუარესდა, რისი მიზეზიც საქართველოში კრიტიკული ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და შევიწროების ტენდენციაც გახდა.[7] პრობლემურია 2023 წელს მიღებული ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაციის წესები[8] და საკანონმდებლო ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომლებსაც პარლამენტი იღებს დაჩქარებული წესით და დაინტერესებული მხარეების ჩართვის გარეშე.[9]

3. თვალთვალისა და მიყურადების პრაქტიკა

2021 წელს გახმაურებული მოვლენების შემდეგ, კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მასშტაბური სავარაუდოდ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ,[10] ნაცვლად ეფექტიანი გამოძიების ჩატარებისა, 2022 წელს კანონმდებლობა კიდევ უფრო გაუარესდა, კერძოდ, კიდევ უფრო გაფართოვდა სახელმწიფოს უფლებამოსილება თვალთვალსა და მიყურადებასთან დაკავშირებით.[11] მიუხედავად არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, გაეროსა[12] და ევროკავშირის,[13] მკაფიო მოწოდებისა, სათანადო საკანონმდებლო მექანიზმები სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თვალთვალისა და მონაცემთა შეგროვების პროცესის გაუმჯობესებისთვის არა თუ არ განხორციელებულა, ამ თემაზე რაიმე ტიპის დისკუსიაც კი არ მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში.

4. ადამიანის უფლებები ბუნებრივი კატასტროფების პირისპირ

2023 წლის 3 აგვისტოს შოვში, რაჭაში განვითარებულმა ღვარცოფულმა მოვლენამ , 2023 წლის სექტემბრის ოფიციალური მონაცემებით, 32 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.[14] 2023 წლის 8 სექტემბერს კი გურიაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა და წყალდიდობამ სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.[15] ეს გარემოებები ცხადყოფს, რომ სახელმწიფო მზად არაა, გაუმკლავდეს ბუნებრივ კატასტროფებს და თავიდან აირიდოს მათგან მომდინარე საფრთხეები. ქვეყანაში ამ დრომდე არ არსებობს ადრეული გაფრთხილების სისტემები და სათანადოდ არ სრულდება კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.[16] კლიმატის ცვლილების პირობებში კი, როდესაც სულ უფრო და უფრო ხშირი და ინტენსიური ხდება ბუნებრივი კატასტროფები, საჭიროა, სახელმწიფომ დროულად შეასრულოს თავისი პოზიტიური ვალდებულებები და დაიცვას ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება.[17]

5. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულთა უფლებრივი მდგომარეობა

პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის არსებობა, რაც დასტურდება CPT-ისა და სახალხო დამცველის ანგარიშებით,[18] მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენს პატიმართა უფლებების რეალიზებაზე და შესაძლოა გაუტოლდეს დამამცირებელ ან/და არაადამიანურ მოპყრობას. სახელმწიფოს დღემდე არ აქვს პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალურ სუბკულტურასთან ბრძოლის სტრატეგია. საია-ში შემოსული შეტყობინებების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვლავ პრობლემურია პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა სომატური და ფსიქიატრიული ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა.

6. ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრისპირა ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებრივი მდგომარეობა

მიმდინარე წელსაც შემაშფოთებელი იყო საოკუპაციო ძალების მერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების და მიმართ ძალადობის არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები. 2023 წლის 6 ნოემბერს სოფელ კირბალის მიმდებარედ ლომისას ტაძარის ეზოში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მოკლეს თამაზ გინტური.[19]

7. ქალთა უფლებრივი მდგომარეობა

2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთი ყველზე გავრცელებული დანაშაულია. კვლავ მაღალია გენდერის ნიშნით ქალთა მკვლელობის მაჩვენებელი. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ინფორმირებისთვის გადადგმული არაერთი ნაბიჯის მიუხედავად, შემაშფოთებელი იყო ქალი დეპუტატების მიმართ საქართველოს პარლამენტის წევრების ნაწილის მიერ განხორციელებული სექსუალური შევიწროებას და ძალადობის ფაქტები.[20] ამასთან, არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს სექსუალური ძალადობისთვის ეფექტიან, დაზარალებულზე ორიენტირებულ, გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივ მექანიზმებს. ძალადობა გამოვლილი ქალებისთვის მართლმსაჯულება ხელმიუწვდომელი ან/და რთულად ხელმისაწვდომია.[21] საქართველოში სუსტია ნაადრევი ქორწინების პრევენციის, როგორც საკანონმდებლო მექანიზმი, ასევე, ხშირად არაეფექტიანია პრევენციული რეაგირება. ამის შემაშფოთებელი მაგალითია 14 წლის სასტიკად მოკლული აითაჯი.[22] სხვადასხვა ფორმით გამოვლენილი ძალადობის პირისპირ კვლავ განსაკუთრებით დაუცველი არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები.

8. თანასწორუფლებიანობა

ლგბტ+ პირები კვლავ განიცდიან დისკრიმინაციას განათლების, სამუშაოს, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროებში, განსაკუთრებით არსებული საკანონმდებლო ნორმების ჯეროვნად აღუსრულებლობით გამოწვეული ხარვეზების გამო. ლგბტ+ ადამიანები განსაკუთრებით დაუცველნი არიან სტიგმისა და ძალადობისგან. 2023 წლის 8 ივლისს „ლისი უანდერლენდის“ ტერიტორიაზე, ანტიდასავლურმა, მოძალადე ჯგუფებმა „თბილისი პრაიდის“ ფესტივალი ჩაშალეს და ტერიტორია დაარბიეს.[23] პოლიციამ არ უზრუნველყო პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად, კვლავ არ დაიცვა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და კვლავ მისცა სიძულვილის ჯგუფებს ძალადობრივი მოწოდებების დაუბრკოლებლად გავრცელების / ძალადობრივი ქმედებების განხორციელების შესაძლებლობა.[24]ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიაში სხვა სოციალური ჯგუფებისგან განსხვავებით, ამ დრომდე ერთხელაც არ არიას ნახსენები ლგბტ+ ადამიანები და მათი უფლებები.

რელიგიური გაერთიანებების თანასწორუფლებიანობის მიმართულებით 2023 წელს თავდაცვის კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებებმა დისკრიმინაციულ მოწესრიგებას დაუდო საფუძველი, კერძოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები კვლავ გათავისუფლდებიან ალტერნატიული შრომითი სამსახურისგან, მაშინ, როდესაც ყველა სხვა სასულიერო პირს მოუწევს გაიაროს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომითი სამსახური.[25]

9. შრომითი უფლებები

2023 წლის განმავლობაში კერძო და საჯარო სექტორში რთული სამუშაო პირობების გამო აქტიურად ხდებოდა დასაქმებული პირების გაფიცვა.[26] 2023 წელს შრომითი უფლებების მიმართულებით განსაკუთრებით გაუარესდა მდგომარეობა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში, სადაც, დაიწყო თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება რეორგანიზაციის საფუძველზე, მათ შორის დისკრიმინაციული საფუძვლებით.[27]

10. ხანდაზმულთა უფლებები

წინა წლების მსგავსად, 2023 წლის განმავლობაშიც გამოიკვეთა რიგი პრობლემები ხანდაზმულების სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით პრობლემური იყო სახელმწიფოს მიერ შერჩეული საბანკო დაწესებულების მხრიდან პენსიის სახით მისაღები სახელმწიფო გასაცემლის თვითნებური დაკავების/დაქვითვის პრაქტიკა, რომელიც სასამართლომ არაერთხელ მიიჩნია უკანონოდ.[28] ამის მიუხედავად, შენარჩნულებულია მავნე პრაქტიკა, რის გამოც პენსიონრებს კუთვნილი პენსიის მისაღებად სასამართლოში დავა უწევთ. ამასთან, პრობლემური იყო საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით პენსიონერის ინფორმირება, რაც გარკვეულ შემთხვევაში იწვევს პენსიის შეჩერებას ან/და შეწყვეტას. აღსანიშნავია, რომ პენსიების ადმინისტრირებისას მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით არ ხდებოდა პენსიონერთა წინასწარი ინფორმირება, რაც ხშირად ახსენდა მათ უფლებრივ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას. ხანდაზმულებს დღემდე მძიმე ფინანსურ ტვირთად აწევთ პანდემიის პერიოდში გადავადებული საკრედიტო ვალდებულებების გადახდა, რადგან მათი მხრიდან რამდენიმეთვიანმა საშეღავათო პერიოდით სარგებლობამ მნიშვნელოვნად გაზარდა საპენსიო სესხებისთვის დადგენილი უსამართლოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი, საკრედიტო ურთიერთობის ვადა და ყოველთვიურად შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა.

11. სისხლის სამართლის მართლმსაჯულება

წელს სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუსტია სასამართლო კონტროლი მთელ რიგ გარანტიებთან დაკავშირებით, კერძოდ: აღკვეთის ღონისძიებებზე, დაკავების კანონიერებასა და საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. უმეტესად კვლავ ფორმალურია საპროცესო შეთანხმების სხდომები. მოსამართლეები სრულყოფილად არ განმარტავენ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ უფლებებს და სათანადოდ არ იკვლევენ საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელის კანონიერებასა და სამართლიანობას. ბოლო პერიოდში გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რიცხვი, თუმცა აღნიშნული უმეტესად საიას მიერ დამონიტორინგებულ საქმეთა შორის ოჯახურ დანაშაულებზე გამოტანილ გამამართლებელ განაჩენებს უკავშირდება. დამატებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა გაჭიანურებული სამართალწარმოებაა.

12. განათლების უფლება

კვლავ დიდი გამოწვევების წინაშე დგას საქართველოში განათლების სიტემა. სხვადასხვა ფაქტორების გავლენით სკოლის მოსწავლეები მოკლებული არიან შესაძლებლობას მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლება სკოლებში.[29] გამოწვევად რჩება განათლების ხელმისაწვდომობაც.[30] განათლების ხარისხის შესაბამისობის თვალსაზრისით საყურადღებო და დამაფიქრებელია მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის, PISA 2022-ის კვლევის უახლესი მონაცემები.[31] კვლავ სახელმწიფოს მიერ გადაუჭრელი გამოწვევად რჩება სასკოლო საათებში კვება.[32] საყურადღებო იყო სკოლის დირექტორთა დანიშვნის გარშემო მიმდინარე პროცესები.[33]


[1]საიას კვლევა ხალხი რუსული კანონის წინააღმდეგ 7-9 მარტის აქციის დაშლასა და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შეფასება, გვ.29, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/mBHQ1, [09.12.2023];

[2] იქვე.

[3] იქვე გვ.8

[4]ხელმისაწვდომია: https://georgia.un.org/sites/default/files/2023-11/Statement_Geo.pdf?fbclid=IwAR21fk9NdH6s-PYb2OlmgdL3F2oJOrQmUF7wJwMwq05HIWUk3wS_GbyCvhw, [09.12.2023].

[5] იხ. 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები ამ დრომდე სათანადოდ არ არის გამოძიებული, 05.07.2023, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/ge/post/2021-tslis-5-6-ivliss-ganvitarebuli-movlenebi-am-dromde-satanadod-ar-aris#sthash.2xswL6FH.dpbs, [09.12.2023].

[6] HRC, Concluding observations on the fifth periodic report of Georgia, CCPR/C/GEO/CO/5, 13.09.2022, para 43 (b). See the Council of Europe Human Rights Commissioner’s report following her visit to Georgia, July 2022.

[7] საქართველოს შეფასება FREEDOM HOUSE-ის ანგარიშის მიხედვით - მდგომარეობა გაუარესებულია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებ-გვერდი. 24.05.23 ხელმისაწვდომია: https://bit.ly/48Et5sx, [02.10.2023].

[8] კოალიცია ტელეკომპანია „ფორმულა“-ს ჟურნალისტებისთვის პარლამენტში აკრედიტაციის შეჩერებას ეხმაურება. 06.05.2023 ხელმისაწვდომია: http://mediacoalition.ge/ge/a/1ad4d65e

[9] მედიის ადვოკატირების კოალიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელის ცვლილებებს აკრიტიკებს, 17.11.23 ხელმისაწვდომია: http://mediacoalition.ge/ge/a/371c3a11 ; საქართველო: სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული ხმების რეპრესიების ტენდენცია ახალი სამართლებრივი ცვლილებებით გრძელდება. 07.11.2023 ხელმისაწვდომია: https://bit.ly/40v6ZEY

[10] იხ. საიას განცხადება, პროკურატურის გამოძიება ე.წ. მოსმენების საქმეზე ეფექტიანად არ მიმდინარეობს, 18.05.2022, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/ge/post/prokuraturis-gamodzieba-ets-mosmenebis-saqmeze-efeqtianad-ar-mimdinareobs#sthash.bVZj7nwF.huLeQKhV.dpbs, [09.12.2023].

[11] ფარული მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობა კიდევ უფრო უარესდება, 21.04.2022, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/ge/post/faruli-miyuradebis-maregulirebeli-kanonmdebloba-kidev-ufro-uaresdeba#sthash.cIcqfks4.dpbs, [09.12.2023].

[12] Human Rights Committee, Concluding observations on the fifth periodic report of Georgia, CCPR/C/GEO/CO/5, 2022, para 39.

[13] COMMISSION STAFF WORKING DOCUMENT, Georgia 2023 Report, Accompanying the document Communication from the Commission to the European Parliament, the Council, the European Economic and Social Committee and the Committee of the Regions 2023 Communication on EU Enlargement policy, https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/system/files/2023-11/SWD_2023_697%20Georgia%20report.pdf?fbclid=IwAR1e0G9uJaVl0oY7GbJYXu2hmB8faHZQTCIU8l6yL_zcC2oU0aKaxsGGC3w, [09.12.2023].

[14] საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, „სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება - მაშველების მიერ კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი“ (10 სექტემბერი, 2023), ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/svU29, ბოლო ნახვა: 18.09.2023.

[15]„გურიის მეწყრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა“, Civil.ge (8 სექტემბერი, 2023), ხელმისაწვდომია: https://civil.ge/ka/archives/558359, ბოლო ნახვა: 01.12.2023; „წყალდიდობა და მეწყერი გურიაში - ეძებენ 2 არასრულწლოვანსა და 1 ზრდასრულს“, netgazeti.ge (8 სექტემბერი, 2023), ხელმისაწვდომია: https://netgazeti. ge/life/686823/, ბოლო ნახვა: 01.12.2023.

[16] საია, „ადამიანის უფლებები ბუნებრივი კატასტროფების პირისპირ“ (2023), ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/wzIK4, ბოლო ნახვა: 01.12.2023.

[17] Office of the United Nations High Commissioner for Human Rights (‘OHCHR’), ‘Safe Climate: A Report of the Special Rapporteur on Human Rights and the Environment’ (2019) UN Doc A/74/161.

[18] ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/eng/190307074353siakhleebi/tsamebis-preventsiis-evropuli-komitetis-cpt-mier-sakartvelos-penitentsiur-datsesebulebebshi-gankhortsielebuli-sagangebo-monitoringis-angarishis-mignebebi-da-rekomendatsiebi, [09.12.2023].

[19] ლევან დოთიაშვილი მოჰყვა, რა მოხდა კირბალის ეკლესიასთან,10.11.2023, რადიო თავისუფლების ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/32679302.html , განახლებულია: 01.12.2023.

[20] პარლამენტში ღუდუშაურმა და ბერაიამ ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს, 31.10.2023, ტელეკომპანია ფორმულას ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://formulanews.ge/News/100493 , ოცნების დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა ანა წითლიძეს სხდომაზე მიკროფონი მოუქნია, 17,11.2023, ტელეკომპანია ფორმულას ვებგვერდი, ხელმისაწვდომია:https://formulanews.ge/News/101609 , თინა ბოკუჩავა შალვა პაპუაშვილმა სპიკერატისთვის განკუთვნილი ადგილიდან ძალით გამოიყვანა, 18.07.2021, რადიო თავისუფლების ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/31364779.html , განახლებულია: 09.12.2023.

[21] საია-ს შეფასება ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ,08.03.2023 საიას ვებგვერდი, ხელმისაწვდომია:https://gyla.ge/ge/post/qalta-uflebrivi-mdgomareobis-shesakheb#sthash.IQsaf6sN.dpbs ; განახლებულია: 09.12.2023

[22] როგორ მოკლეს აითაჯი - 14 წლის გოგო დმანისიდან, 09.10.2023. რადიო თავისუფლების ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/fnrQ1, განახლებულია: 09.12.2023

[23] "პრაიდის" ფესტივალის დარბევის შედეგად სავარაუდო ზარალი, სულ ცოტა, 10 ათასი ლარია, 09.07.2023. რადიო თავისუფლების ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/32495400.html განახლებულია: 09.12.2023

[24] შსს სიძულვილის ჯგუფების მიმართ კვლავ შემწყნარებელ პოლიტიკას ატარებს, 08.07.2023, ახალგაზრდა იურისტთა ასოცაციის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/bM189 , განახლებულია: 09.12.2023.

[25] იხ. თავდაცვის კოდექსში დაგეგმილი ზოგი ცვლილება დისკრიმინაციულია, საია, 13.03.2023, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/ge/post/tavdacvis-kodeqsshi-dagegmili-zogi-cvlileba-diskriminaciulia#sthash.UgcyKhSG.dpbs, [09.12.2023].

[26] ღირსეული შრომის პლატფორმა, სახელმწიფოს უმოქმედობა მაღაროელთა გაწირვის ფორმას იღებს. ხელმისაწვდომია:სახელმწიფოს უმოქმედობა მაღაროელთა გაწირვის ფორმას იღებს - ღირსეული შრომის პლატფორმა (shroma.ge). ღირსეული შრომის პლატფორმა, ღირსეული შრომის პლატფორმა მხარდაჭერას უცხადებს ოპერისა და ბალეტის თეატრის გაფიცულ თანამშრომლებს. ხელმისაწვდომია: „ღირსეული შრომის პლატფორმა“ მხარდაჭერას უცხადებს ოპერისა და ბალეტის თეატრის გაფიცულ თანამშრომლებს - ღირსეული შრომის პლატფორმა (shroma.ge) , განახლებულია: 09.12.2023.

[27] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კულტურის სამინისტროს ახალი საკადრო პოლიტიკა და შრომითი დავების ანალიზი, თბილისი, 2023. ხელმისაწვდომია: doc.pdf (gyla.ge).

[28] იხ. პენსიონერმა საიას დახმარებით შეძლო კუთვნილი პენსიის მიღება, საია, 05.04.2022, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/ge/post/pensionerma-saia-is-dakhmarebit-shedzlo-kutvnili-pensiis-srulad-migheba, [09.12.2023].

[29] ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში - 2023, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/lmwPX ,განახლებული:08.09.2023.

[30] ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲘᲡ ᲮᲔᲚᲛᲘᲡᲐᲬᲕᲓᲝᲛᲝᲑᲐ, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/pKY09 , წლობით დანგრეული სკოლები თბილისში - რას ითხოვენ მშობლები?, 18.09.2023, ბიემჯის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/ACV38 ,განახლებული:08.09.2024.

[31] მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2022 პირველადი ანგარიში. ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/dCFNO . ,განახლებული:08.09.2023.

[32] კვება სასკოლო საათებში, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/kHIRZ ,განახლებული:08.09.2023.

[33] სკოლის დირექტორების კონკურსი კონკურსის გარეშე, რადიოთავისუფლების ვებგვერდი,28.08.2023, ხელმისაწვდომია:https://rb.gy/4pymil ,განახლებული:08.09.2023.