საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2023 წლის 30 ნოემბერს წარმოადგინა კვლევის პრეზენტაცია 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტის მონიტორინგის თაობაზე შრომითი და გარემოსდაცვითი უფლებების მიმართულებით. მონიტორინგის დოკუმენტი მოიცავს შემდეგ საკითხებს: ა) სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის შეფასება; ბ) სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტში შრომითი უფლებების დაცვის მიზნით ჩამოყალიბებული ამოცანების შეფასება და მათი იმპლემენტაციის მონიტორინგი; გ) სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტში გარემოს დაცვის უფლების რეალიზების გაძლიერების მიზნით ჩამოყალიბებული ამოცანების შეფასება და მათი იმპლემენტაციის მონიტორინგი.
საიას მიერ ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტის მონიტორინგის ძირითადი მიგნებებია:
ა) ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტის შემუშავების პროცესის შეფასება
საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესი არ აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილებით განსაზღვრულ პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების სტანდარტებს, განსაკუთრებით, გარე დაინტერესებული მხარეების მონაწილეობისა და საჯარო განხილვების ნაწილში;
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას არ გამოუქვეყნებია ადამიანის უფლებათა მდგომარეობის სიტუაციური ანალიზის დოკუმენტი, რომელსაც დაეფუძნა სტრატეგიის დოკუმენტი და სტრატეგიული მიმართულებები;
ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში არ არის მითითებული, რამდენად იყო სტრატეგიის შემუშავების პროცესში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა, გენდერული და სოციალური ინკლუზიის პერსპექტივები გათვალისწინებული;
ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი საჭიროებს გაუმჯობესებას შემდეგი მიმართულებებით: ა) სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა; ბ) სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტზე კომენტარების წარსადგენად გონივრული ვადის განსაზღვრა; გ) სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტის საჯარო განხილვა; დ) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარდგენილი მოსაზრებების მაქსიმალურად გათვალისწინება.
ბ) ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტში შრომითი უფლებების დაცვის მიზნით ჩამოყალიბებული ამოცანებისა და აქტივობების შეფასება
ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის მიერ შრომითი უფლებების დაცვის გაძლიერების მიმართულებით შემოთავაზებული ამოცანები ნაწილობრივ ასახავს ქვეყანაში არსებულ საჭიროებებს,თუმცა, ეს ამოცანები ძალიან ზოგადი სახით არის ჩამოყალიბებული, რაც ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა სამოქმედო გეგმაში კონკრეტული აქტივობების ჩამოყალიბებისა და ამოცანის მიღწევის შედეგების შეფასების კუთხით;
ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში შრომითი უფლებების დაცვის გაძლიერების მიმართულებით ჩამოყალიბებული ამოცანები არ ითვალისწინებს სამართლებრივი რეგულირების გაუმჯობესების საჭიროებას, რადგან მიუხედავად 2020 წელს განხორციელებული შრომის კოდექსის რეფორმისა, მნიშვნელოვანი საკითხების ნაწილი კვლავ მოუწესრიგებელი დარჩა;
ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაში შრომითი უფლებების დაცვის გასაძლიერებლად წარმოდგენილი ამოცანები არ მოიცავს შრომით ურთიერთობებში გენდერული და სოციალური ასპექტების ამსახველ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ა) თანაბარი შრომისთვის არათანაბარი ანაზღაურება, როგორც ქალების დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა; ბ) ქალების აუნაზღაურებელი და უხილავი მზრუნველობითი შრომა; გ) სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების შრომითი უფლებების დაცვის
საკითხები, მათ შორის, ეროვნული უმცირესობები, ლგბტ+ თემის წარმომადგენლები, ხანდაზმულები; დ) ბავშვთა დაცვა იძულებითი შრომისგან;
ადამიანის უფლებათა სტრატეგიის სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტში შრომითი უფლებების მიმართულებით განსაზღვრული ამოცანების ნაწილი საჭიროებს შინაარსობრივ დახვეწას და გაუმჯობესებას ნათელი, განჭვრეტადი და გაზომვადი აქტივობებისა და ინდიკატორების მითითებით.
გ) ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტში გარემოსდაცვითი უფლებების დაცვის მიზნით ჩამოყალიბებული ამოცანებისა და აქტივობების შეფასება
სტრატეგიის დოკუმენტში გარემოს დაცვის უფლების რეალიზების გაძლიერების მიმართულებით შემოთავაზებული ამოცანები, გარკვეულწილად, ასახავს ქვეყანაში არსებულ საჭიროებებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამოცანები ძალიან ზოგადი ხასიათისაა, რაც ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა სამოქმედო გეგმაში კონკრეტული აქტივობების ჩამოყალიბებისა და ამოცანის მიღწევის შედეგების შეფასების კუთხით.
ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაში ყურადღების მიღმაა დატოვებული კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები.
ადამიანის უფლებათა სტრატეგიის სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტში გარემოს დაცვის კუთხით განსაზღვრული აქტივობები, გარკვეულწილად, შეესაბამება სტრატეგიით გათვალისწინებულ ამოცანებს, თუმცა, ისინი ვერ პასუხობს პრიორიტეტული მიმართულებებით არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს.
კვლევა წარმოადგენს რეკომენდაციებს 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის, ასევე შრომითი და გარემოსდაცვითი უფლებების დაცვის გაძლიერების მიმართულებით. კვლევის რეკომენდაციები მიემართება საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას; სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურს; საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
ანგარიში მომზადდა ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ფარგლებში.
კვლევა ხელმისაწვდომია: ადამიანის უფლებათა სტრატეგიის მონიტორინგის ანგარიში