საიამ 2023 წლის 14 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის წინააღმდეგ საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელები წარადგინა. საქმეში არსებული გარემოებების მიხედვით, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საიამ იუსტიციის უმაღლეს სკოლას ჯერ კიდევ 2023 წლის 11 ივლისს, ხოლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს - 2023 წლის 9 აგვისტოს მიმართა. იმის მიუხედავად, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, რომლის გაცემასაც ამ დაწესებულებებს კანონმდებლობა ავალდებულებს, სარჩელის შეტანის დროისთვის, მოპასუხედ მითითებულ საჯარო დაწესებულებებს საიასთვის არც უცნობებიათ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. მათ განცხადებები ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვეს.
საია ხსენებული განცხადებებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ითხოვდა ისეთ ინფორმაციებს, როგორებიცაა კონკრეტულ მოსამართლეთა დატვირთულობა, სასამართლო სისტემაში მოქმედი მოსამართლეების/სასამართლოს თავმჯდომარეების სია, უვადოდ დანიშნული მოსამართლეების რაოდენობა, მოსამართლეების დანიშვნის ვადები, იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული მოსამართლეების ვინაობა, საბჭოს სხდომების და მიღებული აქტების შესახებ ინფორმაცია, ხოლო სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლიდან სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, სკოლის მიერ გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაცია, მასში მონაწილე კონკურსანტების რაოდენობა, შეფასების ფორმები და სხვა.
ბოლო წლების მანძილზე გამოიკვეთა, რომ გამჭვირვალობის კუთხით მდგომარეობა გაუარესდა, ეს იმ ფონზე როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციებში, სასამართლოს ძირეული რეფორმის საჭიროებაზე მიუთითებენ საუბრობენ, რაც ბევრ სხვა საკითხთან ერთად, გულისხმობს სისტემის მოდიფიცირებას გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების გაზრდით. გამჭვირვალობა სასამართლოს სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. შესაბამისად, სასამართლო სისტემის მიმართ დაბალი ნდობის პირობებში, მის საქმიანობაზე ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. თუმცა, ის ფაქტი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო/იუსტიციის უმაღლესი სკოლა იმ ინფორმაციასაც კი არ გასცემს, რომლის გამოქვეყნების ვალდებულება მათ პროაქტიულადაც აქვთ, კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს ანგარიშვალდებულების ნაკლებობასა და საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხზე. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებების უგულებელყოფა წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის მიღების უფლების დარღვევას და საზოგადოებას ფაქტობრივად აკარგვინებს სასამართლოსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე დაკვირვების შესაძლებლობას.