საიამ საქართველოს პარლამენტს ამნისტიის კანონპროექტების შესახებ მოსაზრებები წარუდგინა

თარიღი: 18 მაის 2021

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2021 წლის 17 მაისს საქართველოს პარლამენტს ფრაქცია ,,ქართული ოცნებისა“[1] და საქართველოს პარლამენტის წევრების[2] მიერ ამნისტიის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა.

დოკუმენტი მიმოიხილავს იმ სამართლებრივ მოცემულობებს, რომლებზეც საერთაშორისო სამართლით აკრძალულია ამნისტიის განხორციელება და, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობითა და, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ჩართულობით 2021 წლის 19 აპრილს პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიულ იმპლემენტაციას.

საია მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 1441-3 მუხლებზე ამნისტიის გავრცელების შესაძლებლობის სრულ გამორიცხვასთან ერთად, ამნისტია არ უნდა გავრცელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებზე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით/ დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით). იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გაზიარებული მოსაზრება, 333-ე მუხლთან მიმართებით ამნისტიის გაუვრცელებლობის შესახებ, კანონმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს დაზარალებულის თანხმობა, როგორც სავალდებულო წინაპირობა, ამნისტიის სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებთან მიმართებით გავრცელების თაობაზე.

საიას მიერ წარდგენილი მოსაზრებები დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ დოკუმენტში.


[1]ამნისტიის შესახებ კანონის პროექტი (07-3/46/10, 27.04.2021), ინიცირებული ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ მიერ.

[2]ამნისტიის შესახებ კანონის პროექტი (07-3/48/10, 28.04.2021), ინიცირებული საქართველოს პარლამენტის წევრების (არმაზ ახვლედიანი, თეონა აქუბარდია, დავით ბაქრაძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, დავით უსუფაშვილი, შალვა შავგულიძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე) მიერ.