2023 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პარლამენტს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით ოთხი ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა. ალტერნატიული ანგარიშები სტრასბურგის სასმართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებებისა და განჩინებების აღსრულების მიზნით სახელმწიფოს მხრიდან გატარებულ ზოგად და ინდივიდუალურ ღონისძიებებს აფასებს და, დამატებით, სახელმწიფოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
საიას მიერ 2023 წელს წარდგენილი ალტერნატიული ანგარიშები ეხება შემდეგ საქმეებს:
- ცინცაბაძის ჯგუფის საქმეები
ცინცაბაძის ჯგუფი ამ დროისათვის აერთიანებს ათეულობით საქმეს, რომლებზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლების მატერიალური ან/და პროცედურული ასპექტების დარღვევა დაადგინა. ამ ჯგუფის საქმეების აღსრულების თვალსაზრისით გამოწვევად რჩება სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება როგორც პრაქტიკული, ასევე, ინსტიტუციური თვალსაზრისით.
საია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა:
(1) პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის არსებობა/გაძლიერება;
(2) სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის ჩართულობასთან დაკავშირებული ხარვეზები, მათ შორის, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასა და დაზარალებულის მხრიდან პროცესის მონიტორინგთან დაკავშირებული პრობლემები;
(3) წამებისა და არასათანადო მოპყრობისგან დაცვისთვის სამართლებრივი გარანტიების არარსებობა.
- თხელიძის ჯგუფის საქმეები
თხელიძის ჯგუფის საქმეები ეხება ფემიციდთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ პირველ ორ გადაწყვეტილებას. ორივე შემთხვევა წარმოადგენს სამართალდამცავთა მხრიდან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სისტემურ დისკრიმინაციას, რაც გამოიხატა, ერთი მხრივ,
სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო რეაგირებასა და, მეორე მხრივ, საქმეების არაეფექტიანად გამოძიებაში (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლთან ერთობლიობაში).
საიამ წარდგენილ ანგარიშში ხაზი გაუსვა ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, როგორიცაა:
(1) პოლიციელთა მხრიდან დაზარალებულთა ახსნა-განმარტებების არასათანადო/არაზუსტი ჩაწერა;
(2) გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის, როგორც მოტივის გამოკვეთასთან დაკავშირებული პრობლემები;
(3) რისკების შეფასების კითხვარის არაჯეროვანი ინტეგრაცია საპოლიციო საქმიანობაში;
(4) ელექტრონული სამაჯურების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული ხარვეზები.
- იდენტობის ჯგუფის საქმეები
იდენტობის ჯგუფის საქმეები ეხება სახელმწიფოს მიერ ლგბტ+ აქტივისტებისა და იეჰოვას მოწმეების მიმართ ფიზიკური პირებისგან მიმდინარე არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისგან არასათანადო დაცვას. არასათანადო დაცვისა და პრევენციის გარდა, აღნიშნული სასტიკი თავდასხმები სახელმწიფომ მხრიდან ეფექტიანად არ იქნა გამოძიებული, მათ შორის, არ გამოიკვეთა ქმედების დისკრიმინაციული მოტივი.
საია ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა:
(1) შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემები;
(2) ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიასთან დაკავშირებული კრიტიკა;
(3) საჯარო პირების, მათ შორის, სახელმწიფო წარმომადგენლების, მიერ დისკრიმინაციის წახალისება;
(4) სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიებისას დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთასთან დაკავშირებული ხარვეზები;
(5) შინაგან საქმეთა სამინისტროში სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან საბრძოლველად სპეციალური დანაყოფის არარსებობა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წლის დეკემბერში, მინისტრთა კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა 2022 წლის „თბილისი პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ჩატარებაზე, დეპუტატებმა ხაზი გაუსვეს, რომ შეკრების
თავისუფლება, აგრეთვე, გულისხმობს შესაძლებლობას, ჩატარდეს საჯარო დემონსტრაციები და მსვლელობები ძალადობის ნებისმიერი ფორმისადმი შიშის გარეშე და ავალდებულებს ხელისუფლებას გაამყაროს ძალისხმევა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ლგბტ+ თემის მხრიდან მშვიდობიანი შეკრების უფლების სრულყოფილი რეალიზაცია. მინისტრთა კომიტეტის ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ფონზე, მაშინ როდესაც სახელმწიფოს მიეცა მკვეთრი მითითება ეზრუნა საჯარო დემონსტრაციებისა და მსვლელობების მშვიდობიან ჩატარებაზე, 2023 წლის 8 ივლისის მოვლენები მოწმობს, რომ 2023 წელს ხელისუფლებამ დახურული ღონისძიების ფარგლებშიც კი, ვერ შეძლო ლგბტ+ თემის მიერ შეკრების თავისუფლების რეალიზაციის უზრუნველყოფა. ის ფაქტი, რომ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების არცერთი ორგანიზატორი დღემდე არ არის პასუხისგებაში მიცემული, ასევე, ის რომ სამართალდამცავი უწყებები ამ ჯგუფების მიერ ჩატარებულ ძალადობრივ ღონისძიებებზე თვალს ხუჭავენ, აყალიბებს დაუსჯელობის სინდრომს ამ პირებში, რაც გამბედაობას ჰმატებს აგრესიული და ძალადობრივი ქმედებების განხორციელებისთვის.
- როსტომაშვილის ჯგუფის საქმეები
როსტომაშვილის ჯგუფის საქმეები ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევას. კერძოდ, ერთი მხრივ, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობამ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის/პირადი ჩხრეკის დროს არსებულმა ხარვეზებმა, ჩხრეკის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ შეუსაბამო და წინააღმდეგობრივმა მტკიცებულებებმა, სასამართლოს მიერ post-factum ჩხრეკის კანონიერების არასათანადო შემოწმებამ მომჩივანთა მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების განხილვა მთლიანობაში უსამართლო გახადა.
საია ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა:
(1) გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკა/ამოღების ჩატარების საფუძვლის - გამომძიებლის დადგენილების ხარისხი და ჩხრეკის ოქმის კანონიერება;
(2) გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკა/ამოღების კანონიერების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრება;
(3) წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების ეფექტიანი აღსრულება მნიშნელოვან გავლენას იქონიებს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ამ პროცესში კი, აუცილებელი და მნიშვნელოვანია ალტერნატიული ანგარიშების წარდგენა, რათა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ყოველმხრივი და ზუსტი ინფორმაცია არსებობდეს. საია მომავალშიც გააგრძელებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგს.
საპარლამენტო ანგარიშები საიამ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მოამზადა.