საიამ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის N18 ანგარიში გამოაქვეყნა პრეს-რელიზი

თარიღი: 15 ივლ 2024

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2024 წლის 15 ივლისს სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის N18 ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2023 წლის აგვისტოდან - 2024 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და საუბრობს თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში გამოვლენილ ძირითად ტენდენციებზე, რომელიც არსებით გავლენას ახდენს ადამიანის თავისუფლების და უსაფრთხოების უფლებაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ამ უფლებების ეფექტიანი დაცვის საშუალებაზე, ასევე, უკავშირდება სასამართლოში სხვადასხვა სისტემურ პრობლემას.

სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა:

აღკვეთის ღონისძიებები

- საია-ს მონიტორები დაესწრნენ სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარდგენის 211 სხდომას, სადაც ბრალდებულის სახით წარდგა 224 პირი. სასამართლომ 218 პირის (97%) მიმართ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიება, ხოლო 6 (3%) პირი დატოვა აღკვეთის ღონისძიების გარეშე. შესაბამისად, გამოიკვეთა ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების დაბალი შემთხვევები.

- წლებია, საია საუბრობს, რომ სასამართლო უალტერნატივოდ იყენებს აღკვეთის ღონისძიების ორ სახეს - გირაოსა და პატიმრობას. ორგანიზაციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, საკანონმდებლო დონეზე კვლავ არ გაფართოებულა აღკვეთის ღონისძიების არსებული სახეები, რაც მოსამართლეებს გირაოსა და პატიმრობის ალტერნატიული ეფექტიანი ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას მისცემდა.

- გამოწვევაა ასევე გირაოსა და პატიმრობის დაუსაბუთებლად ან არასათანადო დასაბუთებით გამოყენება, პროკურატურა ბრალდებულის პიროვნების, ქონებრივი მდგომარეობის და მისგან მომდინარე საფრთხეების შესასწავლად ყველა შემთხვევაში არ ცდილობს, მოიპოვოს და სასამართლოში წარმოადგინოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული სრულყოფილი ინფორმაცია.

- 43 (47%) პირის მიმართ პროკურატურის მიერ მოთხოვნილი პატიმრობა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული, კონკრეტულად, შუამდგომლობიდან არ იკვეთებოდა, რატომ ვერ უზრუნველყოფდა ბრალდებულის სათანადო ქცევას სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. სასამართლომ 16 (25%) პირის მიმართ გამოიყენა პატიმრობა დაუსაბუთებლად ან/და არასათანადო დასაბუთებით.

- მიმდინარე საანგარიშო პერიოდში 56 (37%) ბრალდებულის მიმართ გამოყენებული გირაო იყო დაუსაბუთებელი, თანხის ოდენობის შესაბამისობა ან/და მისი გამოყენების მიზანშეწონილობა არ იყო თანხვედრაში. წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 6%-ით შემცირდა.

- ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილი გირაოს თანხის ოდენობას სასამართლო უმეტესად ამცირებს. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში ბრალდების მხარის შუამდგომლობაში ასახული გირაოს ოდენობა სასამართლომ 81 (64%) პირთან მიმართებით შეამცირა. წინა საანგარიშო პერიოდში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყო და 89%-ს შეადგენდა.

სათანადო სასამართლო კონტროლი

- მიმდინარე საანგარიშო პერიოდში 97 სხდომაზე 100 პირი წარდგა სასამართლოში დაკავებულის სახით. მოსამართლემ საჯარო სხდომაზე დაკავების კანონიერება მხოლოდ ერთ შემთხვევაში განიხილა და მიიჩნია, რომ მისი საფუძვლები არ დარღვეულა.

- მოსამართლეები სასამართლო სხდომებზე ეფექტიანად რეაგირებენ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო შემთხვევებზე. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში სასამართლო სხდომაზე 3-მა ბრალდებულმა ისაუბრა სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ. ყველა შემთხვევაში, მოსამართლემ კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება მოახდინა.

- იშვიათია, როდესაც სასამართლო პატიმრობის გადასინჯვისას ცვლის მას ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებად. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში საიას მონიტორები დაესწრნენ 22 (22%) წინასასამართლო სხდომას, რომლებზეც 23 (23%) ბრალდებულისთვის შეფარდებული პატიმრობა გადაისინჯა. სასამართლომ მხოლოდ 2 პირის მიმართ გამოყენებული პატიმრობა შეცვალა გირაოთი.

- სუსტია სასამართლო კონტროლი საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით. მოსამართლეები, როგორც წესი, თითქმის ყველა შემთხვევაში ამტკიცებენ მხარეთა შორის მიღწეულ შეთანხმებას. გამოვლინდა მხოლოდ 1 ფაქტი, როდესაც მოსამართლემ მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება არ დაამტკიცა.

- საპროცესო შეთანხმების სხდომები ხშირად ფორმალურია და რამდენიმე წუთში ისე სრულდება, რომ მოსამართლეები ბრალდებულებს არ განუმარტავენ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებულ უფლებებს. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც მოსამართლემ სხდომა 2 ან 3 წუთში დაასრულა.

- დადებითი ტენდენცია შეინიშნება საპროცესო შეთანხმების სხდომებზე ბრალდებულთა უფლებების განმარტების კუთხით. ამ საანგარიშო პერიოდში მოსამართლემ ზოგადი უფლებები განუმარტა 162 (90%) ბრალდებულს, რაც, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაუმჯობესებული მაჩვენებელია.

- ბოლო წლებია, საია-ს მონიტორინგის შედეგად ვლინდება ისეთი ფაქტები, რომლებიც საპროცესო შეთანხმების მიმართ სასამართლოს სუსტ კონტროლზე მიუთითებს. ეს ეხება საპროცესო შეთანხმების შედეგად განსაზღვრული ჯარიმის წინასწარ გადახდის შემთხვევებს. ასეთი შემთხვევა ამ საანგარიშო პერიოდშიც დაფიქსირდა, როდესაც მოსამართლემ სხდომის დასრულების შემდეგ მხარეებს ჰკითხა, ბრალდებულებს ჯარიმა წინასწარ ხომ არ ჰქონდათ გადახდილი.

- საპროცესო შეთანხმების შედეგად, სასჯელად განისაზღვრა ჯარიმა 65 (36%) შემთხვევაში, პირობითი მსჯავრი და ჯარიმა ერთობლივად - 55 (31%) შემთხვევაში, ცალკე პირობითი მსჯავრი - 23 (13%), ხოლო პირობით მსჯავრთან ერთად საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა - 22 (12%) შემთხვევაში.

- საია-ს მიერ ჩატარებული ბოლო სამი მონიტორინგი აჩვენებს, რომ მზარდი იყო საპროცესო შეთანხმების შედეგად ჯარიმის გამოყენების შემთხვევები. თუმცა, მიმდინარე საანგარიშო პერიოდში მისი საშუალო ოდენობა შემცირდა და 3234 ლარი შეადგინა.

ოჯახური დანაშაულები

- ბრალდების მხარის პოლიტიკა ამ ტიპის დანაშაულებზე კვლავ მკაცრი იყო, რაც აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობებზეც აისახებოდა. პროკურატურა 38 (97%) შემთხვევაში ითხოვდა ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას და მხოლოდ 1 (3%) შემთხვევაში მოითხოვა გირაოს შეფარდება.

- პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უწყება ზრუნავს ოჯახში ძალადობასა და ოჯახურ დანაშაულებთან დაკავშირებით პროკურორების გადამზადებაზე. ამ თემაზე სპეციალიზებულია 225 პროკურორი (საიდანაც 100 ქალია), ხოლო შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე - 139 პროკურორი (საიდანაც 65 მათგანი ქალია).

- სავარაუდოდ ოჯახში მოძალადეების მიმართ სასამართლო უფრო ლოიალურია. ზოგ შემთხვევაში, პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლომ ბრალდებულს გირაოს მინიმალური ოდენობა შეუფარდა. ასევე, რამდენიმე შემთხვევაში, გაურკვეველი იყო მოსამართლის მოტივაცია, რატომ იყენებდა სავარაუდოდ კანონდარღვევის განმეორებით ჩამდენი პირის მიმართ მსუბუქ ღონისძიებას.

- სასამართლოს მონიტორინგი და საია-ს მიერ შესწავლილი სასამართლოს გადაწყვეტილებები ცხადყოფს, რომ ოჯახური დანაშაულის საქმეებზე ფუნდამენტური გამოწვევაა დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემისგან თავის შეკავება, რის შედეგადაც, ხშირია სავარაუდო მოძალადეების გამართლების შემთხვევები.

სასამართლოს ღიაობა და გამჭვირვალობა

- წლებია, სასამართლოებმა ვერ უზრუნველყვეს პირველი წარდგენის სხდომების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებას. ამ საანგარიშო პერიოდში პირველი წარდგენის 213 სხდომიდან 155 (73%) შემთხვევაში სხდომის შესახებ საჯაროდ არ გამოცხადებულა. მსგავსი მდგომარეობაა საპროცესო შეთანხმების სხდომებთან დაკავშირებითაც. 170-იდან 106 (62%) სხდომის თაობაზე სასამართლოებს ინფორმაცია არ გამოუქვეყნებიათ.

- სასამართლოები ზოგჯერ გულგრილობას ავლენენ სხდომების საჯაროობის პრინციპის მიმართ. 3 შემთხვევაში დაინტერესებულმა პირებმა ვერ შეძლეს საჯარო სხდომაზე დასწრება, ვინაიდან პროცესი პატარა დარბაზში ჩატარდა. თუმცა, სასამართლოს უნდა ჰქონოდა მოლოდინი, რომ, საქმეების რეზონანსულობის გამო, სხდომაზე დასწრებას ბევრი ადამიანი მოინდომებდა.

- ბოლო წლებში გამოწვევაა საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხითაც. სასამართლოები უმეტესად არ გასცემენ საჯარო ინფორმაციას, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებებს. ანგარიშის მიზნებისთვის საია-მ გამოითხოვა 7 სასამართლოდან სასამართლო გადაწყვეტილებები, რაც მხოლოდ ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოგვაწოდა.

გონივრულ ვადაში გასამართლების უფლება

- გონივრულ ვადაში გასამართლების უფლება ქართული მართლმსაჯულებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში კვლავ არ დასრულებულა არაერთი გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რომლებიც წლების განმავლობაში პირველი ინსტანციის სასამართლოშია.

- ხშირია სხდომების გადადება. საია-ს მიერ დამონიტორინგებული 184 არსებითი განხილვის სხდომიდან 89 (48%) მათგანი გადაიდო. გადადების მიზეზებიდან ყველაზე აქტუალურია საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება - 30 (34%) და პროკურორის მიერ მოწმის წარმოუდგენლობა - 17 (19%) შემთხვევა.

გაეცანით მონიტორინგის ანგარიშს ვრცლად


მონიტორინგის ანგარიში მომზადდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.