საიამ ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლების დასაცავად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. საჩივარი შეეხება სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკზე“ ატვირთული ვიდეოს შინაარსის გამო პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობასა და მის დაჯარიმებას.
საქმეში არსებული გარემოებების მიხედვით, ირაკლი მილაძემ „ტიკ-ტოკის“ პლატფორმაზე ატვირთა ვიდეო. ვიდეოში იგი თბილისში არსებულ სატრანსპორტო დაგეგმარების პოლიტიკას მძიმე საცობების გამო აკრიტიკებდა და უხეშად მოიხსენიებდა თბილისის მერსა და სახელმწიფო უწყებების სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებებისთვის გამოყოფილ ზოლში სამსახურებრივი მანქანებით, მათ შორის, არასამსახურებრივი მიზნებისთვის გადაადგილდებიან, მაშინ როდესაც საზოგადოების სხვა წევრები საცობში დგანან. მოცემულ თემასთან დაკავშირებით მომჩივანმა უხეშად მოიხსენია ზოგადად ის სამართალდამცავები, რომლებიც კანონს არღვევენ და სახელმწიფო მოხელეთა მსგავს ქმედებაზე შემწყნარებლური პოლიტიკის ატარებენ.
ხსენებული ვიდეოს ატვირთვიდან მალევე მომჩივანმა საჯაროდ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მის საცხოვრებელ სახლთან მისი თვალთვალი მიმდინარეობდა, რის შემდეგაც იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდგომში - „კოდექსი“) 166 (1)-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173 (1)-ე (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავის სიტყვიერი შეურაცხყოფა) მუხლების საფუძველზე დააკავეს და დროებითი დაკავების „იზოლატორში“ გადაიყვანეს, სადაც იგი დაახლოებით 2 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. იზოლატორში მოთავსებამდე მომჩივანი პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ვიდეოს გამო ირაკლი მილაძე სცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად კოდექსის 166 (1)-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173 (1)-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე.
თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული დადგენილებით, მომჩივანის ქმედება, შეფასდა წვრილმან ხულიგნობად (166-ე მუხლი) იმ დასაბუთებით, რომ სოციალური ქსელები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია და სოციალურ ქსელებში გინება არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და სიმშვიდეს.
ინტერნეტში საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე მსგავსი ფორმით გამოთქმული აზრის შეზღუდვა წარმოადგენს საშიშ პრეცედენტს და გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას, რომელსაც შესაძლებელია მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს საზოგადოების სხვა წევრებზეც.
მომჩივანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის წარდგენილი საჩივრით ევროპული კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) მუხლის დარღვევის დადგენას ითხოვს.
საია საჩივარზე მუშაობდა „საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (IPHR) ფინანსური ხელშეწყობით.