საიას თბილისის ოფისის დახმარებით, 3 პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაეკისრათ. კერძოდ:
- საია იცავდა 2022 წლის 5 ივნისს საპროტესტო აქციის მონაწილე 2 პირის უფლებებს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს პარლამენტის წინ დააკავეს. დაკავებულები სხვა თანამოაზრეებთან ერთად ცხოველთა მსხვერპლშეწირვის რიტუალს (ლომისობაზე ცხვრების მასიურად დაკვლას) აპროტესტებდნენ. ისინი, პარლამენტის წინ აქციის დასრულების შემდეგ, საპატრიარქოსკენ გაემართნენ. აქციის მონაწილეები 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ქვეითთა გადასასვლელზე დააკავეს.
პოლიცია მათ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას ედავებოდა, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 15 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში (166-ე მუხლი) საქმე შეწყდა იმის გამო, რომ პოლიციელებმა ვერ წარუდგინეს სასამართლოს პოზიცია, კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა წვრილმანი ხულიგნობა. პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში (173-ე მუხლი) სასამართლომ აღნიშნული პირების მიმართ გამოიყენა სიტყვიერი შენიშვნა.
- საია იცავდა საპროტესტო აქციის მონაწილე ქალს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 23 აპრილს საქართველოს პარლამენტის წინ დააკავეს. საპროტესტო აქციაზე დაკავებული სოლიდარობას უცხადებდა პოლიტპატიმრებს და ამასთან, აპროტესტებდა რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ.
პოლიცია მას ედავებოდა 166-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას. პოლიციელთა განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში წვრილმანი ხულიგნობა გამოიხატებოდა მოქალაქის მხრიდან ტურისტებისათვის შეურაცხყოფის მიყენებაში, როგორც სიტყვიერად, ასევე ჟესტიკულაციის გამოყენებით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 21 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სასამართლომ აღნიშნულ შემთხვევაშიც გამოიყენა სიტყვიერი შენიშვნა.