2020 წლის დასაწყისში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდგომ, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლება-მოვალეობები გადაეცა ახლადშექმნილ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. ცვლილებების შესაბამისად, ამ უკანასკნელს უნდა უზრუნველეყო სოციალური მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ და შტატგარეშე თანამშრომელთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე. ამის მიუხედავად, სოციალური მომსახურების სააგენტოდან მრავალი სოციალური მუშაკი რეორგანიზაციის საფუძვლით სრულიად დაუსაბუთებლად გათავისუფლდა სამსახურიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ორი სოციალური მუშაკის და უფროსი სოციალური მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხეებს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელეებისთვის კომპენსაციის გადახდა ჯამში 28 000 ლარის ოდენობით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დროისთვის არ არის შესული კანონიერ ძალაში, რადგან მოპასუხეებს აქვთ მისი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა.
მოსარჩელეების ინტერესებს სასამართლოში საიას აჭარის ფილიალის იურისტები იცავდნენ.