საიას განცხადება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

თარიღი: 1 ივნ 2023

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რომელიც ყოველწლიურად 1 ივნისს აღინიშნება, უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. ეს დღე დამატებითი შეხსენებაა სახელმწიფოსთვის, გაატაროს მნიშვნელოვანი ღონისძიებები ბავშვთა უფლებების დაცვისა და ხელშეწყობისთვის, უზრუნველყოს ყველა ბავშის უფლება, მათ შორის, განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხო და მზრუნველ გარემოზე.

განათლება

მიმდინარე წელს მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვის საკითხი. ამ ეტაპისთვის, სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. საკვების მიღების ბარიერები განსაკუთრებული სიმწვავით იკვეთება მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვებს შორის.[1] სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვა ხელს შეუწყობს სწავლისთვის მზადყოფნას, გააუმჯობესებს მათ საგანმანათლებლო მიღწევებს და მომავალი წარმატების პოტენციალს. იმის გათვალისწინებით, რომ უფასო კვების პროგრამა გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვების კეთილდღეობასა და განვითარებაში, ასევე გავლენას ახდენს ბავშვის სწავლისა და აკადემიური წარმატების უნარზე, აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რაც განაპირობებს სახელმწიფოს მხრიდან დროული ქმედითი ღონისძიებების გატარების აუცილებლობას.

განათლების უფლების რეალიზებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი გამოწვევაა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა. სოფლად მცხოვრები ბავშვების გარკვეულ ნაწილს არ მიუწვდება ხელი სკოლამდელ განათლებაზე. გავრცელებულ ბარიერებს შორის, ზოგიერთ სოფელში იკვეთება ბავშვის მომლოდინეთა სიაში მოთავსება და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების არარსებობა.[2]

მიმდინარე წელს კვლავ მაღალია მოსწავლის სტატუსის შეჩერების და სწავლის შეწყვეტის მაჩვენებლი. წინა წლების მსგავსად, მოსწავლის სტატუსის შესახებ სტატისტიკა, არ იძლევა სწავლის შეწყვეტის რეალური მიზეზის სრულყოფილად იდენტიფიცირების საშუალებას.[3]

ბავშვთა მიმართ ძალადობა

წლების განმავლობაში ოჯახში ძალადობის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ შეუმუშავებია პოზიტიური მშობლობის, ქცევის კორექციისა თუ მშობლის უნარების სერვისები.[4] მიმდინარე წელსაც პრობლემად რჩება ბავშვთა მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, შრომითი ექსპლუატაციის, თუ სხვა სახის ძალადობის ფორმების დროულად გამოვლენის სირთულეები.[5]

ბავშვთა სოციალური დაცვა

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში სახელმწიფომ გაზარდა ფულადი დახმარების ოდენობა და მნიშვნელოვნად გააფართოვა ბავშვის დახმარების პროგრამა, ბავშთა სიღარიბე, სახელმწიფოში კვლავ ყველაზე მტკივნეულ საკითხად რჩება.[6] ამასთან, მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს ბავშვთა სოციალური მხარდაჭერის ნაწილში. მიზნობრივი სახელმწიფო სერვისები კვლავ არაეფექტური და არასაკმარისია.[7]

სოციალურ საკითხებთან მიმართებით მნიშვნელოვან ყურადღებას საჭიროებს ბავშვთა შრომა, რომელიც ხშირად მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სამუშაოს შესრულებას გულისხმობს.[8] პოზიტიურად უნდა შეფასდეს ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა დაცვის 2023-2026 წლების სტრატეგიის შემუშავება,თუმცა მიუსაფარი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის ნაწილში სახელმწიფო კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშე დგას.[9]

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია სახელმწიფომ:

- მყისიერად გადადგას ქმედითი ნაბიჯები სკოლაში უფასო კვების პროგრამის დანერგვასა და განხორციელებისთვის.

- შეაფასოს და გააძლიეროს ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პროგრამები, რათა ისინი ადეკვატურად პასუხობდნენ სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ოჯახების საჭიროებებს.

- ბავშვებისთვის არაძალადობრივი და ღირსეული გარემოს ხელშეწყობისთვის, იზრუნოს პოზიტიური აღზრდის პროგრამების განვითარებაზე, ქცევის კორექციისა და მშობელთა უნარების სერვისებზე.

- გაატაროს ღონისძიებები იმისათვის, რომ ყველა ბავშვს, განურჩევლად მდებარეობისა, ჰქონდეს თანაბარი წვდომა ხარისხიან სკოლამდელ განათლებაზე.

- ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მათზე ორიენტირებული და სისტემური მიდგომის დანერგვისთვის, გააძლიეროს სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია და იზრუნოს შესაძლო დამატებითი მომსახურებების დანერგვის საჭიროებაზე.


[1] გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში, 2023, 28, ხელმისაწვდომია: https://www.unicef.org/georgia/media/8226/file/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%97%E1%83%90%20%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90.pdf

[2] გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში, 2023, 20-21, ხელმისაწვდომია: https://www.unicef.org/georgia/media/8226/file/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%97%E1%83%90%20%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90.pdf

[3] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2022, 264-265, ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2023033120380187763.pdf

[4] საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელება, 2023, 28, ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2023042411113732862.pdf

[5] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2022, 266, ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2023033120380187763.pdf

[6] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2022, 270-272, ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2023033120380187763.pdf

[7] კოალიცია თანასწორობისთვის, „სოციალური დაცვის სისტემის ძირითადი გამოწვევები სხვადასხვა დაუცველი ჯგუფებისათვის საქართველოში“, 2022, 52-54, ხელმისაწვდომია: http://equalitycoalition.ge/files/shares/160x230mm_Pages.pdf

[8] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2022, 270, ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2023033120380187763.pdf

[9] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2022, 274-276, ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2023033120380187763.pdf