საიას განცხადება საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერების თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით

თარიღი: 30 სექტ 2022

დღეს, 12 საათზე საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტს.

საია მიესალმება კომიტეტის მიერ პროექტის ინიცირებას, რომელიც აუმჯობესებს საპარლამეტო კონტროლის რიგ მექანიზმებს.

პროექტში მოცემული ცვლილებების შესახებ საია წლებია საუბრობს და ადვოკატირებს როგორც კვლევითი დოკუმენტების, ისე განცხადებების და სხვა საკომუნიკაციო არხების გზით. ორგანიზაცია ჩართული იყო პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობაშიც, რომლის მიზანს წარმოადგენდა ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციის - დემოკრატიული ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერების - შესრულება.

მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ჯგუფი გამოირჩეოდა კონსტრუქციულობით და სამოქალაქო სექტორის ჩართულობის მაღალი ხარისხით, მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, აღინიშნოს ის პროცედურული და შინაარსობრივი ხარვეზები, რომლებიც შექმნის დღიდან ჯგუფის ფუნქციონირების მიზანს ეფექტიანობას უკარგავდა,ასევე ის საკითხები, რომლებიც, საიას აზრით, გამოტოვებულია ინიცირებულ პროექტში, კერძოდ:

- სამუშაო ჯგუფის შექმნა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გადაწყვიტა მიმდინარე წლის ივლისის თვეში. თავდაპირველად მისი მიზანი იყო საპარლამენტო ზედამხედველობის მხოლოდ ერთი მექანიზმის - ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის (ნააკ) შესახებ კვლევა. 2 აგვისტოს შექმნილი სამუშაო ჯგუფის დღის წესრიგში აღნიშნული მექანიზმის გარდა, სხვებიც მოხვდა, როგორიცაა, ინტერპელაცია, პარლამენტის წევრის კითხვა, თემატური მოკვლევა და სხვა. მიუხედავად ამ პოზიტიური ცვლილებისა, ნააკ-ის მექანიზმს ინიცირებული პროექტი საერთოდ არ ითვალისწინებს;

- მიუხედავად მანდატის გაფართოებისა, სამუშაო ჯგუფის განხილვის სფეროში ვერ მოხვდა ისეთი მნიშვნელოვანი სფეროები, როგორიცაა საფინანსო და უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის მექანიზმები. საია წარდგენილი მოსაზრებების დოკუმენტით და ასევე ზეპირი განხილვების დროს მოუწოდებდა პარლამენტს, ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად არ შემოფარგლულიყო მხოლოდ საპროცედურო საკითხთა კომიტეტში სამუშაო ჯგუფის ფორმატით და ძალისხმევა გაეწია სხვა პროფილური კომიტეტების აქტიური მუშაობისათვის ამ მიმართულებით.[1]ვინაიდან, ევროკომისიის რეკომენდაციები ეხება საპარლამენტო კონტროლის ყველა მექანიზმს, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობას, საფინანსო კონტროლს და ა.შ.

საია მიიჩნევს, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ ინიცირებული პროექტი წინგადადგმული ნაბიჯია საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესების კუთხით, თუმცა დამატებით საჭიროა აგრეთვე პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების მხრიდან რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობის ეფექტიანობის გაზრდა, განსაკუთრებით, ცალკეული მინისტრის მიმართ შესაბამისი ნორმების გავრცელების გზით, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის მექანიზმის გაძლიერება, კომიტეტისთვის ინფორმაციის წარსადგენად ვადის დადგენა, ინტერპელაციის და მინისტრის საათის პროცედურების დახვეწა და სხვა.

საია კვლავ აგრძელებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების საკითხის ადვოკატირებას და მონაწილეობას მიიღებს შესაბამის საკომიტეტო განხილვებში. ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს და პროფილურ კომიტეტებს, იმსჯელონ საფინანსო და უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის მექანიზმების დახვეწაზეც და შექმნან შესაბამისი სამუშაო ჯგუფები ამ მიმართულებით.


[1] „საიამ პარლამენტს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების თაობაზე მოსაზრებები წარუდგინა“, 14.08.2022, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3fuzoHQ, განახლებულია: 30.09.2022.