საიას განცხადება სიღარიბის დაძლევის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

თარიღი: 17 ოქტ 2023

17 ოქტომბერი სიღარიბის დაძლევის საერთაშორისო დღეა, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს სახელმწიფოების პოზიტიურ ვალდებულებას, ქმედითი ნაბიჯები გადადგან და შესაბამისი ღონისძიებები განახორციელონ ქვეყანაში სიღარიბის შემცირებისა და მოქალაქეებისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნის მიზნით.

სიღარიბე თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის უფლებების სრულყოფილად განხორციელებაზე, ხელს უშლის ადამიანის თავისუფალ განვითარებას და მის მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველოშიც სიღარიბე მწვავე პრობლემაა, რაც ბევრი სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორისაა: უმუშევრობის დონის პროცენტული მაჩვენებელი და დასაქმების ხელშეწყობის პოლიტიკა; დაქირავებით დასაქმებული მოსახლეობის საშუალო თვიური ნომინალური და მედიანური ხელფასი; ქვეყანაში არსებული მინიმალური ხელფასის ოდენობა; სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა და სოციალური დახმარების ოდენობა; სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის პროგრამები და ა.შ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2022 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით იმყოფება საქართველოს მოსახლეობის 15%, რაც წინა წლებთან შედარებით მცირედით შემცირდა.[1] 2022 წელს დაქირავებით დასაქმებული მოსახლეობის საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1543 ლარს,[2] ხოლო მედიანური ხელფასი - 1040 ლარს შეადგენდა,[3] რაც, მზარდი წლიური ინფლაციის დონის გათვალისწინებით (2022 წ - ინფლაციის დონე 13%) მოსახლეობისთვის რთულ საცხოვრებელ პირობებს ქმნის.[4]

ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონის დამადასტურებელია სოციალური დახმარებისა და საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა დიდი რაოდენობა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში პენსიის მიმღებ პირთა რაოდენობა 808 326 ათასი და სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა რაოდენობა - 178 426 ათასი ადამიანია, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა მოსახლეობის 17%-ს (149 864 ოჯახი) შეადგენს.[5] გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ გაცემული პენსიის, სოციალური დახმარებისა და საარსებო შემწეობის ოდენობა ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებას და მოწყვლად ჯგუფებს რთულ სოციალურ მდგომარეობაში აყენებს.[6] ამასთანავე, საქართველოში არ არის დადგენილი ღირსეული მინიმალური ხელფასის ოდენობა, რაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ 1999 წელს მიღებული #351 ბრძანების მიხედვით 20 (ოცი) ლარია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში გაიზარდა შრომითი მიგრაცია და 2022 წელს ქვეყანა დატოვა საქართველოს 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.[7]

დამატებით, აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობა, რიგ შემთხვევაში, აისახება კონკრეტული პირების მიერ დანაშაულის ჩადენაზეც, კერძოდ, დანაშაულებრივი ქმედების ხარისხი, მოტივი და მიზანი გამომდინარეობს სოციალური სიდუხჭირიდან. შეჭირვებული პირების მხრიდან ჩადენილი დანაშაულები უმეტესად ეკონომიკური დანაშაულებია, როგორიცაა ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო სოციალური სახელმწიფოა, რაც გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე.[8] საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს სახელმწიფოს ზრუნვის ვალდებულებას ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის უზრუნველსაყოფად, რაც სახელმწიფოს მიერ ქმედითი პოლიტიკის შემუშავებას გულისხმობს საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროებში, მათ შორისაა: მოქალაქის დასაქმებაში ხელშეწყობა, სოციალური დაცვა, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა.[9] ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე,მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ შეიმუშაოს სიღარიბის დაძლევის იმგვარი ერთიანი და მდგრადი პოლიტიკა, რომელიც იქნება მაქსიმალურად ინკლუზიური, მოიცავს ქვეყანაში არსებული ყველა მოწყვლად ჯგუფს და მიმართული იქნება არსებული სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრისაკენ. სახელმწიფოს მიერ შემუშავებული დასაქმებისა და სოციალური მხარდაჭერის პროგრამები საჭიროებს გადახედვას და არსებულ სოციალურ რისკებზე ადაპტირებას, რათა არ იყოს დამოკიდებული ხელისუფლების მხრიდან ერთჯერად ინიციატივებზე და ერთიანი ეროვნული სტანდარტი იყოს ჩამოყალიბებული.

საქართველოში სიღარიბის დასაძლევად, სახელმწიფომ, მათ შორის, უნდა უზრუნველყოს შემდეგი ღონისძიებების გატარება:

- ქვეყანაში უმუშევრობის დონის შესამცირებლად და დასაძლევად დასაქმების გრძელვადიანი და მდგრადი პროგრამების შემუშავება და დანერგვა;

- სოციალურად დაუცველი ოჯახების გამოსავლენად შეფასების სისტემის განახლება, სარეიტინგო ქულების გამოთვლის სამართლიანი და ინკლუზიური სისტემის შექმნა და დანერგვა;

- ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მოწყვლადი ჯგუფების სრულყოფილი სტატისტიკისა და მათი საჭიროებების იდენტიფიცირება, მიზნობრივი სოციალური დახმარების პაკეტების გაუმჯობესება და, განსაკუთრებით ისეთი მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, როგორიცაა ხანდაზმულები, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, სოციალურად დაუცველი ბავშვები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები და სხვ.

- სახელმწიფოს მიერ სოციალურად დაუცველი პირების შრომის ბაზარზე დასაბრუნებლად გრძელვადიანი და მდგრადი გეგმის შემუშავება და მისი დანერგვის ხელშეწყობას.

- მინიმალური ხელფასის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტის შემუშავება და ღირსეული მინიმალური ხელფასის ოდენობის განსაზღვრა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან.

- დამატებით, აღსანიშნავია, რომ საია სასამართლოს მონიტორინგის ფარგლებში გასცემს რეკომენდაციას, რომ, ბრალდების მხარემ[10] და სასამართლომ მათ დისკრეციაში არსებული გადაწყვეტილებები მიიღონ ბრალდებულის სოციალური მდგომარეობის, ქმედების ჩადენის მოტივის და სხვა ასპექტების მხედველობაში მიღებით.[11]

სახელმწიფოს მიერ ღირსეული სოციალური პოლიტიკის შემუშავება მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ასევე, სიღარიბის აღმოფხვრა გაეროს მდგრადი განვითარების N1 მიზანია, რომელიც ისწრაფვის, რომ 2030 წლისთვის, მათ შორის, საქართველოში, აღარ იყოს სიღარიბე არც ერთი ფორმით, შემუშავდეს ეფექტიანი სოციალური დაცვის პროგრამები და ყველას თანაბრად მიუწვდებოდეს ხელი საბაზისო სერვისებზე.

ამრიგად, სახელმწიფოს მიერ სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობის ერთიანი, მდგრადი პოლიტიკის შემუშავება და ეფექტური დანერგვა ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, შრომითი მიგრაციის შემცირებას და მოწყვლადი ჯგუფების ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას.


[1] სიღარიბე და ჯინის კოეფიციენტები - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (geostat.ge).

[2] დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი - 2022 (geostat.ge).

[3] დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი - 2022 (geostat.ge).

[4] ინფლაცია-საქართველოში,-2022-წლის-მაისი.pdf (geostat.ge).

[5] სოციალური უზრუნველყოფა - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (geostat.ge).

[6] 2023 წლის 1 იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 295 ლარის, 70 წელს ზემოთ პირთათვის კი 365 ლარის ოდენობით დადგინდა. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე პირთათვის შეადგენს 355 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ პირებისთვის – 400 ლარს. ამჟამად საქართველოში ასაკობრივ პენსიას იღებენ ქალები 60 წლიდან და მამაკაცები 65 წლიდან. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების ოდენობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულებზე – რაც უფრო ღარიბია ოჯახი, მით ნაკლებია ქულები. დახმარების ოდენობა ოჯახის თითოეულ ზრდასრულ წევრზე 10-დან 60 ლარამდე მერყეობს. 2022 წლის 1 ივნისიდან სოციალურად დაუცველი ოჯახები ყოველ ბავშვზე ყოველთვიურად 150 ლარს იღებენ.

[7] გარე მიგრაცია - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (geostat.ge)

[8] საქართველოს კონსტიტუცია, მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილი.

[9] საქართველოს კონსტიტუცია, მე-5 მუხლის მე-4 ნაწილი.

[10] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1681-ე მუხლის შესაბამისად, პროკურორს შეუძლია არ დაიწყოს ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა პირის (განრიდების სუბიექტის) მიმართ ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, თუ პირი (განრიდების სუბიექტი) შეასრულებს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთს ან რამდენიმეს: ა) უკანონოდ მოპოვებული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა ან ამ ქონების ღირებულების ანაზღაურება; ბ) დანაშაულის იარაღის ან/და სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ობიექტის სახელმწიფოსთვის გადაცემა; გ) მისი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის სრული ან ნაწილობრივი ანაზღაურება; დ) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ფულადი თანხის გადახდა, რომლის მინიმალური ოდენობაა 500 ლარი; ე) საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულება 40 საათიდან 400 საათამდე; ვ) ოჯახური დანაშაულის შემთხვევაში − ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

[11] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც, თუმცა ფორმალურად შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე.