საიას შეტყობინების საფუძველზე ცესკომ არაუფლებამოსილ დამკვირვებლებს დამკვირვებლის სტატუსი შეუწყვიტა

თარიღი: 27 აპრ 2013

სამტრედიის #38 და ბაღდათის #12 საარჩევნო უბნებზე საიას დამკვირვებლების მიერ გამოვლინდა არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა დამკვირვებლის სტატუსით. კერძოდ, სამტრედიის #38 საარჩევნო უბანზე ორგანიზაციის „ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები“ სახელით დაკვირვებას ახორციელებდა ხონის საკრებულოს წევრი ლევან ბობოხიძე, რომელიც არის აკაკი ბობოხიძის ძმა. ხოლო ბაღდათის #12 საარჩევნო უბანზე ორგანიზაციის „მომავლის არჩევანი“ სახელით დაკვირვებას ახორციელებდა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მეტრეველი.

აღნიშნული წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 39-ე მუხლის დარღვევას, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრებს ეკრძალებათ დამკვირვებლის სტატუსით არჩევნებში მონაწილეობა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეტყობინების საფუძველზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ზემოაღნიშნულ პირებს დამკვირვებლის რეგისტრაცია შეუწყვიტა.