საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შუალედური ალტერნატიული ანგარიშის პრეზენტაცია

თარიღი: 29 დეკ 2020

23 დეკემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (GYLA) ერთად საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) სამოქმედო გეგმის შესრულების 2020 წლის პირველი ექვსი თვის მონიტორინგის ალტერნატიული ანგარიშის შედეგები წარადგინა.

ღონისძიებაზე დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს IDFI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მართვისა და ადამიანური კაპიტალის პროგრამის გუნდის ხელმძღვანელმა კოლომბ დე მერსემ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა ვახუშტი მენაბდემ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის საჯარო მმართველობის სამმართველოს უფროსმა ქეთევან ცანავამ.

პრეზენტაციის ფარგლებში მონაწილეებმა ისაუბრეს სამოქმედო გეგმის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის, ანგარიშვალდებულებისა და სახელმწიფო სერვისების მიწოდების მიმართულებებზე. როგორც სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა:


- საჯარო მმართველობის რეფორმის 2019 – 2020 წლების სამოქმედო გეგმაში მოცემული ამოცანების შესრულების დადასტურებისთვის განსაზღვრული ინდიკატორები და სამიზნე მაჩვენებლები, ხშირ შემთხვევაში, ამოცანას მნიშვნელობას ართმევს ან/და შეუძლებელს ხდის მისი შესრულების გაზომვას.


- მართალია, 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა წინასთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი გამოწვევები ცხადყოფს, რომ მოქმედი ამოცანები და ინდიკატორები კვლავ საჭიროებს დახვეწას S.M.A.R.T. კრიტერიუმების შესაბამისად. გარდა ამისა, ამოცანების რეალურად მისაღწევად აუცილებელია, მეტი აქტივობის განსაზღვრა და მათი შესრულებისთვის რეალური ვადების დაწესება.


- საჯარო მმართველობის რეფორმის ორწლიანი სამოქმედო გეგმით დასახული ზოგიერთი ამოცანისთვის 2020 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში აქტივობა საერთოდ არ არის განსაზღვრული, ზოგიერთი ამოცანისთვის კი ერთი აქტივობაა განსაზღვრული, რაც აჭიანურებს ამოცანების მიღწევის პროცესს.


- ამოცანათა აბსოლუტური უმრავლესობის შემთხვევაში შეუძლებელი აღმოჩნდა შუალედური მონიტორინგისთვის მონაცემების მოპოვება, რადგან მათ შესასრულებლად საჭირო აქტივობების უმეტესობა 2020 წლის ბოლოსთვის არის გათვალისწინებული.


- სამოქმედო გეგმით საანგარიშო პერიოდისთვის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მიმართულებით გათვალისწინებული ოთხი ამოცანიდან სამი არ შესრულდა, ერთი კი - ნაწილობრივ შესრულდა. რაც შეეხება აქტივობებს, 10 აქტივობიდან სამი სრულად შესრულდა, ერთი - მეტწილად, ორი - ნაწილობრივ, ხოლო ოთხი შეუსრულებელია.


- ანგარიშვალდებულების მიმართულებით გათვალისწინებული ხუთი ამოცანიდან, 2020 წლის პირველი ექვსი თვის მდგომარეობით, ორი ნაწილობრივ შესრულდა, სამი კი - შეუსრულებელია; საანგარიშო პერიოდისთვის განსაზღვრული იყო მხოლოდ ერთი აქტივობა, რომელიც არ შესრულდა.

- სახელმწიფო სერვისების მიწოდების მიმართულებით გათვალისწინებული შვიდი ამოცანიდან, 2020 წლის პირველი ექვსი თვის მდგომარეობით, ერთი სრულად შესრულდა, ერთი - მეტწილად, სამი - ნაწილობრივ, ხოლო დანარჩენი ორი ამოცანა არ არის შესრულებული; შვიდი აქტივობიდან ერთი მეტწილად შესრულდა, ორი - ნაწილობრივ, ოთხი კი - არ შესრულდა.


შეხვედრაზე ასევე მოხდა საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის ელექტრონული პლატფორმის (PAR Tracker) პრეზენტაცია. პლატფორმა აერთიანებს პრაქტიკულ ინფორმაციას საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ და უზრუნველყოფს მონიტორინგის პროცესში გარე მომხმარებლის ჩართულობას როგორც საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული თემატური მიმართულების/ამოცანის/აქტივობის/ინდიკატორის შეფასების, ისე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე კომენტარების/უკუკავშირის გაზიარების გზით.

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შუალედური ალტერნატიული ანგარიში - პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შუალედური ალტერნატიული ანგარიში - ანგარიშვალდებულება

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შუალედური ალტერნატიული ანგარიში - სახელმწიფო სერვისების მიწოდება