სახალხო დამცველის ვერარჩევა მიუთითებს ქვეყანაში არსებულ მწვავე პოლარიზაციაზე და აზიანებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას

თარიღი: 23 დეკ 2022

სახალხო დამცველის ასარჩევად პარლამენტში მიმდინარე გასაუბრებების პროცესი უშედეგოდ დასრულდა - 22 დეკემბერს საკანონმდებლო ორგანომ მხარი არ დაუჭირა ომბუდსმენის თანამდებობაზე წარმოდგენილ არც ერთ კანდიდატურას.[1]

საქართველოს კანონმდებლობით, სახალხო დამცველის ასარჩევად საჭიროა 90 ხმა.[2] პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების კონფიგურაციის მიხედვით, ომბუდსმენის ასარჩევად რამდენიმე პოლიტიკურ ძალას შორის კონსენსუსი იყო აუცილებელი, რაც, სამწუხაროდ, არსებული პოლარიზაციის პირობებში, ვერ მოხერხდა. როგორც ცნობილია, „ქართული ოცნება“ თავიდანვე გაემიჯნა კანდიდატურების შერჩევისა და წარდგენის პროცედურებს. მან გასაუბრებების შემდეგ კომიტეტის ფორმატში, საკითხის პლენარულ სხდომაზე გასატანად, ყველა კანდიდატს დაუჭირა მხარი.[3] ამის მიუხედავად, მოგვიანებით, მმართველმა ძალამ წამოაყენა წინადადება, რომ თუ ოპოზიცია 19-დან მათთვის სასურველი რამდენიმე კანდიდატიდან ერთ-ერთს არ დაუჭერდა მხარს, ისინი კენჭისყრაზე ყველა კანდიდატურას ჩააგდებდნენ.[4] მმართველი პარტიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ოპოზიციის მიერ შეთავაზებული კანდიდატურებიც.[5]

საია აკვირდებოდა სახალხო დამცველის შესარჩევად პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში მიმდინარე გასაუბრებების პროცესს. ორგანიზაციის შეფასებით, გასაუბრებების პროცესი მეტწილად ფორმალურ ხასიათს ატარებდა და არ ისახავდა მიზნად რეალური კანდიდატის შერჩევას. საბოლოოდ კი, პარტიებს შორის დაპირისპირებამ და ღრმა პოლარიზაციამ შედეგზე იქონია გავლენა.

საია მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის როლი ქვეყანაში უმნიშვნელოვანესია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის, აგრეთვე კანონის უზენაესობის კუთხით. პოლიტიკური პოლარიზაცია კი, რომელმაც კვლავ იჩინა თავი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, მნიშვნელოვნად აზიანებს, მათ შორის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებ გზაზე ქვეყნის იმიჯს და კიდევ უფრო აშორებს მას სტატუსის მიღებისგან. ევროკომისიის რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი პუნქტი სწორედ პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი სახალხო დამცველის არჩევის საკითხს ეხება.[6] ამ რეკომენდაციის საპირისპიროდ, პარტიებს შორის კონსენსუსის არარსებობამ, ამ პუნქტის შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, სახალხო დამცველის შესარჩევად კონსულტაციები სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიაზე განახლდება.[7] პოლიტიკური ნების არარსებობისა და კონსესუსზე ორიენტირებული მიდგომის უგულებელყოფის შემთხვევაში, მოცემულობა არ შეიცვლება და გაზაფხულზეც იგივე ფაქტის წინაშე აღმოჩნდება ქვეყანა. საია მოუწოდებს ქართულ ოცნებას და ოპოზიციურ პარტიებს, იხელმძღვანელონ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სულისკვეთებით და მიაღწიონ შეთანხმებას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კანდიდატის ასარჩევად.


[1] „პარლამენტმა სახალხო დამცველის კანდიდატებს კენჭი უყარა“, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, 2022 წლის 22 დეკემბერი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3WyxWFf, განახლებულია: 22.12.2022.

[2] საქართველოს კონსტიტუცია, 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.

[3] „ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სახალხო დამცველობის ყველა იმ კანდიდატს დაუჭირა მხარი, ვინც გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო“, საინფორმაციო პორტალი „ინტერპრესნიუსი“, 2022 წლის 21 ნოემბერი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3hNkuOu, განახლებულია: 22.12.2022.

[4] „პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია“, საინფორმაციო პორტალი „ინტერპრესნიუსი“, 2022 წლის 21 ნოემბერი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3WFD89A, განახლებულია: 22.12.2022.

[5] იქვე.

[6] „Opinion on the EU membership application by Georgia“, European Commission, 17 June, 2022, Brussels, ხელმისაწვდომია: https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/qanda_22_3800, განახლებულია: 22.12.2022.

[7] „მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, სახალხო დამცველის საკითხზე საგაზაფხულო სესიისთვის კონსულტაციები განვაგრძოთ და იქნებ იქ მაინც მივაღწიოთ კონსენსუსს“, პირველი არხი, 2022 წლის 22 დეკემბერი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3FMqA9F, განახლებულია: 22.12.2022.