2017 წლის 1 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო საია-ს საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა, რომელიც წარდგენილია დავით მალანიას სახელით.
საია ასაჩივრებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნორმებს, რომლითაც პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში. საია მიიჩნევს, რომ გარკვეულ შემთხვევებში, მაგალითად, როდესაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას შედეგად მოსდევს დიდი ოდენობით ჯარიმის დაკისრება, ავტომობილის მართვის უფლების ჩამორთმევა და სხვა, პირს უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების ორი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების უფლება. ასეთი შესაძლებობის არარსებობა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
საია ასევე მიიჩნევს, რომ დღეისათვის საქართველოში მოქმედი საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არსებული ფორმით მოქმედება იწვევს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას. ამიტომ, აუცილებელია დროულად დაიწყოს ადმინისტრაციცულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმა.