საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტება საჯარო მოხელის კვალიფიკაციის შეფასებასთან დაკავშირებით

თარიღი: 31 მაის 2022

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2022 წლის 20 მაისის განჩინებით არსებითად განსახილველად არ მიიღო საიას სარჩელი - „მაცაცო ტეფნაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“.

საია სარჩელით ითხოვდა საჯარო სამსახურის შესახებ მთავრობის დადგენილების ცალკეული დებულებების არაკონსტიტუციურად ცნობას. კერძოდ, გასაჩივრებული ნორმები განსაზღვრავს საჯარო მოხელის შეფასების მიზნით შექმნილი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურას. სადავო ნორმები არ ავალდებულებს საჯარო დაწესებულებებს საპრეტენზიო კომისიის დაკომპლექტებას იმგვარად, რომ მათგან ერთი წევრი მაინც იყოს ისეთი, რომელშიც შესაფასებელი მოხელე საქმიანობს. მაგალითად, მოსარჩელე იყო ეკონომისტი, საპრეტენზიო კომისიის სამიდან არც ერთი წევრი არ იყო ეკონომისტი. საია მიიჩნევდა, რომ ასეთი წესი ვერ აკმაყოფილებდა საქმის სამართლიანად განხილვის პრინციპს და იძლეოდა მოხელის სამსახურიდან დაუსაბუთებლად განთავისუფლების შესაძლებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე არ მიიღო არსებითად განსახილველად, მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა, რომელიც მოქალაქეებს გამოადგებათ საკუთარი უფლებების დასაცავად. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,[...] საქმის სამართლიანი განხილვის უფლება გულისხმობს სამართლიანი პროცედურების დაცვით საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც, უპირველეს ყოვლისა, მოიაზრებს უფლებას მიუკერძოებელ სამართალწარმოებაზე. ადმინისტრაციული ორგანოს მიუკერძოებლობის მოთხოვნა ვრცელდება არა მხოლოდ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, არამედ იმ პროცესზე, რომლის მეშვეობითაც და რომლის შედეგადაც მიიღება აღნიშნული გადაწყვეტილება. ხსენებული არსებითად გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკუთარი ფუნქციები უნდა განახორციელოს ფავორიტიზმის, საქმის განხილვის მონაწილისადმი წინასწარი მიმხრობის ან წინასწარი განწყობის გარეშე ამავდროულად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, საკითხი შეფასდეს შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირის მიერ იმისათვის, რომ საქმეზე მიღებულ იქნეს სწორი გადაწყვეტილება. თუმცა აღნიშნული მიღწევადია საქმეში შესაბამისი სპეციალისტის/ექსპერტის მოწვევის გზით, რის საფუძველზეც, შემდგომ, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მიიღოს მიუკერძოებელი გადაწყვეტილება“[1].

ზემოთ აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, თითოეული ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, საჯარო მოხელის შეფასების მიზნით შექმნილი კომისიის გადაწყვეტილება მიიღოს შესაფასებელი მოხელის საქმიანობის სფეროს მცოდნე ექსპერტის/სპეციალისტის დახმარებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილება იქნება კონსტიტუციის საწინააღმდეგო.

აღსანიშნავია ისიც, რომ საია არ იზიარებს სასამართლოს არგუმენტს საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი პოზიციის განსამტკიცებელ არგუმენტად მოიყვანა მოსამართლის შესაძლებლობა, საქმეზე სპეციალისტის/ექსპერტის მოწვევაზე ისეთ შემთხვევაში, როდესაც მას არ გააჩნია სათანადო ცოდნა გადასაწყვეტ საქმესთან მიმართებით. საიას შეფასებით, არასწორია სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოსა და სასამართლოების ერთმანეთთან გაიგივება. სასამართლოებისგან განსხვავებით, ადმინისტრაციული ორგანოები იქმნებიან კონკრეტული საჯარო საქმიანობის განხორციელების მიზნით და მასში დასაქმებულ მოხელეებს მოსამართლეებისგან განსხვავებით, სპეციალიზებული ცოდნა გააჩნიათ. ამდენად, სასამართლოს ერთმანეთისგან უნდა გაემიჯნა მოსამართლისა და ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებული მოხელეების კომპეტენცია.


[1] ხელმისაწვდომია: https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=13669