საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევა- ,,სამართალდარღვევად მიჩნეული პროტესტი“ , მიმოიხილავს 2015-2016 წლებში 38 პირის მიმართ წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეებსა და დაკავების პრაქტიკას.
კვლევის ფარგლებში შესწავლილი საქმეების, ასევე, რელევანტური კანონმდებლობისა და საჯარო ინფორმაციის ანალიზის შედეგად ვლინდება, რომ 2015-2016 წლებში ხშირად ირღვეოდა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დაცულია მშვიდობიანი შეკრების უფლება, მისით სარგებლობა პრაქტიკაში კვლავაც სირთულეებს უკავშირდება. ამასთან, დღემდე შენარჩუნებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობა იმ ფრომით, რომელიც ვერ აკმაყოფილებს სამართლიანიობის პრინციპს და საჭიროებს ძირეულ რეფორმირებას. ამ ფონზე, შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის არამიზნობრივ გამოყენებას, რაც ეროვნული სასამართლოების მხრიდან სათანადო კონტროლისა და სამართლებრივი შეფასების მიღმა რჩება.
გამოვლენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთა შესახებ პრეზენტაციაზე სპიკერები დეტალურად ისაუბრებენ.