სამოქალაქო საზოგადოების წერილი
საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას
და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სახელით, გვსურს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე ყოფნისას თქვენი მრავალწლიანი წარმატებული, დამოუკიდებელი, პროფესიონალური და ღირსეული საქმიანობისთვის.
თანამდებობაზე ყოფნის დროს თქვენ პირნათლად ასრულებდით კანონით დაკისრებულ პასუხისმგებლობას – ზედამხედველობდით საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას. ამ პასუხისმგებლობას თქვენ სათანადოდ ეკიდებოდით და იცავდით იმ ადამიანების უფლებებს, ვინც ყველაზე დაუცველია და ვისთვისაც სახალხო დამცველის ინსტიტუტი უკანასკნელი იმედი გახდა.
ჩვენ არ ჩამოვთვლით ყველა იმ საქმესა თუ მოვლენას, რომელსაც შეეჭიდეთ თქვენი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, თუმცა თავს უფლებას მივცემთ გავახსენებთ საზოგადოებას რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შემთხვევა.
თქვენ შეუპოვრად იცავდით პატიმრების უფლებებსა და, ხშირ შემთხვევაში, მათ სიცოცხლეს, იქნებოდა ეს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის შედეგების გამოძიებისას, პატიმართა შორის დაპირისპირების ფაქტებზე რეაგირებისას, ე.წ. მაყურებლების საკითხზე ყურადღების გამახვილება თუ პატიმრებისთვის ადეკვატური სამედიცინო, მომსახურების მიღების უფლებაზე საუბრისას.
თქვენი აქტიური ჩართულობის შედეგად საზოგადოება ყურადღებით აკვირდებოდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი არასრულწლოვანის მკვლელობის საქმესა და მასთან დაკავშირებით დაწყებულ სამსახურებრივ შემოწმებას, რის გარეშეც ამ საქმის სათანადო გამოძიება და დამნაშავეების დასჯა შეუძლებელი გახდებოდა.
თქვენი მანდატის დროს არაერთხელ შეახსენეთ საზოგადოებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ადამიანების სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით არსებული სავალალო მდგომარეობის შესახებ და მუდამ იცავდით მედიისა და გამოხატვის თავისუფლებას.
და ბოლოს, განსაკუთრებით ხაზი გვინდა გავუსვათ თქვენს შეუპოვრობას – თქვენს წინააღმდეგ მიმართული ორკესტრირებული და ორგანიზებული მრავალი კამპანიის მიუხედავად, რომელთა უკან ანტიქართული, ანტიდასავლური და პრორუსული ძალები იდგნენ, რომელთა მიზანი პირადად თქვენი, სახალხო დამცველის ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა უნივერსალობის პრინციპის დისკრედიტაცია და გაშავება იყო, თქვენ შეინარჩუნეთ დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და შეუპოვრობა, და გააგრძელეთ ბრძოლა საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად.
მადლობა თქვენი და თქვენი გუნდის საქმიანობისთვის – თქვენს შემცვლელს სახალხო დამცველის საქმიანობის სამაგალითო და ძალიან მაღალი სტანდარტი დაუტოვეთ.
ხელმომწერი ორგანიზაციები
- ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
- ღია საზოგადოების ფონდი – საქართველო (OSGF)
- საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- უფლებები საქართველო
- ფონდი „ლიბერალური აკადემია თბილისი“
- მედიის განვითარების ფონდი (MDF)
- სამოქალაქო იდეა
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
- სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი (CIIC)
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
- აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD)
- დემოკრატიის ინდექსი – საქართველო (DIG)
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)