სამოქალაქო სექტორი სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

თარიღი: 22 სექტ 2022

ბოლო რამდენიმე დღეა საზოგადოების ყურადღება მიიქცია ყოფილი მოსამართლეების განცხადებებმა, რომლებიც მოსამართლეებზე ზეწოლის და მართლმსაჯულების სისტემაში არაჯეროვანი ჩარევის ფაქტებზე საჯაროდ საუბრობენ. მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებოა“საქართველოს სასამართლოს გუშაგის” მიერ გამოქვეყნებული ინტერვიუები ყოფილ მოსამართლეებთან - ნათია ქუთათელაძესა და ანა ღელეყვასთან[1] და ბესარიონ ალავიძის საჯარო განცხადებები.

არასამთავრობო სექტორი ბოლო რამდენიმე წელია ღიად საუბრობს სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის - კლანის არსებობაზე, რომლითაც მოქმედი და წინა ხელისუფლებები სასამართლო სისტემას აკონტროლებდნენ. აღნიშნული ჯგუფი უკვე 15 წელია თანამშრომლობს პოლიტიკურ ხელისუფლებებთან და იყენებს მოსამართლეზე უკანონო ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდებს.

ყოფილი მოსამართლეების საჯარო განცხადებები წარმოშობს კითხვებს, რომლებზეც სათანადო რეაგირება აუცილებელია სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის აღდგენის მიზნით. კერძოდ, შეკითხვები ეხება:

- სასამართლო საქმეთა განხილვაში შესაძლო უკანონო ჩარევებს

- საქმეთა განაწილების სისტემით შესაძლო მანიპულირებას

- კორუფციის და ნეპოტიზმის ნიშნებს სასამართლო სისტემაში

- მოსამართლეთა დანიშვნების დროს შესაძლო არაჯეროვან გარიგებებს და ზეწოლას

ეფექტიან გამოძიებას საჭიროებს მედიაში გახმაურებული და ამ დრომდე გამოუძიებელი გარემოებები:

- 2015 წელს, სამოსამართლო გამოცდის ტესტებისა და კაზუსების სავარაუდოდ წინასწარი გავრცელება; ყოფილი მოსამართლეების - ლალი ლაზარაშვილის, თამაზ ჯალიაშვილის, ნუნუ ნემსიწვერიძის, ნათია ქუთათელაძის, ანა ღელეყვას, ბესარიონ ალავიძის განცხადებები მათ საქმიანობაში უკანონო ჩარევების თაობაზე;

- სტუდია მონიტორის სიუჟეტი მოსამართლეთა მიერ ქონების და შემოსავლების სავარაუდო გადამალვის თაობაზე;

- აღძრული და "თაროზე შემოდებული" საქმეების მეშვეობით მოსამართლეების დაშანტაჟება;

- სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის განცხადება ხელისუფლების მხრიდან ბესარიონ ალავიძის საქმიანობაში უკანონო ჩარევის თაობაზე.

Საჯაროდ, მათ შორის, მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, Წლების განმავლობაში, სამართალდამცავი სისტემის უმოქმედობისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის სათანადო პოლიტიკური ნების არარსებობის გათვალისწინებით, საზოგადოებაში დასმულ კითხვებზე სიმართლის დადგენის ეფექტიან მექანიზმად პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა გვესახება, რომლის შექმნისთვის ხმათა საჭირო რაოდენობა საპარლამენტო ოპოზიციას გააჩნია. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგამოძიებო კომისიის შექმნის ერთ-ერთ საფუძველს სწორედ სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ სამართლიანი სასამართლოს გარეშე შეუძლებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და სტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნა. გარდა ამისა, Მართლმსაჯულების სისტემური რეფორმა ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ერთ ერთი ფუნდამენტური წინაპირობაა.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საპარლამენტო ოპოზიციას:

შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური დანაშაულების და სხვა კანონდარღვევების გამოკვლევისა და მათზე რეაგირების მიზნით.

განცხადებას უერთდებიან

  • დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  • დემოკრატიის ინდექსი - საქართველო
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • უფლებები საქართველო
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)


ქრონოლოგიურად ჯერ ნათია და ანა იყო მერე ალავიძე, ბესო ხმას არ ამოიღებდა ეს ქალები რომ არ გამოსულიყვნენ. მგონირაღაც პრინციპით უნდა იყოს ესენი დალაგებული.