სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება

თარიღი: 8 სექტ 2016

საია, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტებსაც აკვირდებოდა. საჭიროების შემთხვევაში კი წარმოადგენდა გათავისუფლებულ პირთა ინტერესებს სასამართლოში. საანგარიშო პერიოდში, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების სამი ფაქტი დაფიქსირდა, კერძოდ:

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 29 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისულდა ბადრი ონიანი, რომელიც არის „ეროვნული ფორუმის“ წევრი. საიას მონიტორებთან საუბარში ონიანმა განმარტა, რომ იგი სამსახურიდან სწორედ მისი პოლიტიკური კუთვნილებისა და საქმიანობის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან. საია ბადრი ონიანის ინტერესებს სასამართლოში წარმოადგენს.

2016 წლის 16 ივნისს, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის - ილია მეტრეველის გადაწყვეტილებით, სამსახურიდან გათავისუფლდა ქალაქ გორის საკრებულოს ხუთი თანამშრომელი. მათ შორის, სამი საშტატო და ორი - შტატგარეშე მოსამსახურე. 16 ივნისით დათარიღებული ბრძანებები გათავისუფლებულ პირებს 17 ივნისს გადაეცათ.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2016 წლის 16 ივნისის №2პ-32, №2პ-33 და №2პ-34 ბრძანებების საფუძველზე, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპეციალისტები - სოფიკო ოთინაშვილი, მედეა მახარაშვილი და ანი პაპელიშვილი გათავისუფლდნენ თანამდებობიდან „მოვალეობების არაერთგზის არაჯეროვანი შესრულების გამო.“

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2016 წლის 16 ივნისის №2პ-35 ბრძანების თანახმად, შეწყდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და დავით გუდაძეს (ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თანამშრომელი) შორის 2014 წლის 15 აგვისტოს დადებული შრომითი ხელშეკრულება „საკრებულოს ხარჯების დაზოგვის მიზნით.“

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2016 წლის 16 ივნისის №2პ-36 ბრძანების თანახმად, შეწყდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გიორგი აფციაურს (ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თანამშრომელი) შორის 2016 წლის 11 აპრილს დადებული შრომითი ხელშეკრულება „საკრებულოს ხარჯების დაზოგვის მიზნით.“

მომდევნო დღეს, მიმდინარე წლის 17 ივნისს, ილია მეტრეველმა გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურებრივ პოზიციებზე დაბრუნების/აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. მან განმარტა, რომ მხოლოდ პოლიტიკური კონსულტაციების შემდეგ, შეიცვალა აზრი.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მიმდინარე წლის 17 ივნისის №2პ-37, №2პ-38 და №2პ-39 ბრძანებების საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოაცხადა წინა დღეს გამოცემული საკუთარი ბრძანებები (№2პ-32, №2პ-33 და №2პ-34) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპეციალისტების - სოფიკო ოთინაშვილის, მედეა მახარაშვილის და ანი პაპელიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

ამავე დღეს, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გამოსცა ბრძანება №2პ-40, რომლის თანახმადაც, დავით გუდაძე დაინიშნა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიაში და მისი უფლება-მოვალეობები განისაზღვრა მასთან დადებული ხელშეკრულებით.

ასევე, ამავე დღეს, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გამოსცა ბრძანება №2პ-41, რომლის თანახმადაც, გიორგი აფციაური დაინიშნა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიაში და მისი უფლება-მოვალეობები განისაზღვრა მასთან დადებული ხელშეკრულებით.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აღწერილ ქმედებებამდე განვითარებული მოვლენები

მას შემდეგ, რაც 2016 წლის 5 თებერვალს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე იმპიჩმენტის წესით გადააყენეს, მიმდინარე წლის 4 მარტს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს ფრაქცია „ქართული პარტიის“ თავმჯდომარე ილია მეტრეველი. არჩევიდან ერთ კვირაში, 11 მარტს, მან თავის მრჩეველსა და თანაშემწეს - ნათია ომაძეს და გიორგი აფიციაურს, რომლებიც კონკურსის წესით არიან დანიშნულნი, მოსთხოვა პირადი განცხადების დაწერა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. აღნიშნული მოთხოვნა მისი მხრიდან ამ თანამდებობებზე საკუთარი თანაპარტიელების - ირაკლი ოქრუაშვილისა და კახაბერ ერგემლიძის დანიშვნის სურვილით იყო განპირობებული. ნათია ომაძემ უარი განაცხადა სამსახურის დატოვებაზე და მისი გათავისუფლების შემთხვევაში, საკუთარი უფლებების დასაცავად, მზაობა გამოხატა, მიემართა სასამართლოსათვის. ილია მეტრეველმა აღნიშნა, რომ ნათია ომაძისა და გიორგი აფციაურის გათავსუფლების შესახებ ბრძანებები მზად არის, ხოლო მეორე დღეს განაცხადა, რომ აღარ აპირებს მათ განთავისუფლებას.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ შტატგარეშე მოსამსახურის სტატუსით საკრებულოს აპარატში სხვადასხვა თანამდებობაზე მაინც დანიშნა „ქართული პარტიის“ სამი წევრი: კახაბერ ერგემლიძე - საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ; ირაკლი ოქრუაშვილი - საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლად; რამაზ შარიქაძე - საკრებულოს სხდომების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით.

შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის ლიმიტის გადაჭარბების გამო, ქალაქ გორის მერიამ საკრებულოს უარი განუცხადა ახლადდანიშნული პირების სახელფასო ანაზღაურებაზე და ვინაიდან საკრებულოს თავმჯდომარემ ძალაში დატოვა მათი დანიშვნის შესახებ გამოცემული ბრძანებები, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ბრძანებების ბათილად ცნობა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს ამ დრომდე არ მიუღია.

სავარაუდოდ, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებები პოლიტიკური მოტივაციით იქნა მიღებული. საია გათავისუფლებულ პირთა ინტერესებს სასამართლოში წარმოადგენს.

ტყიბული

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის კულტურის სკოლის დირექტორი მაია კუზნეცოვა 2016 წლის 21 ივნისიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა, რასაც საფუძვლად აუდიტის დასკვნა დაედო. მან გათავისუფლების შესახებ გამგებლის მოადგილესთან სატელეფონო საუბრისას შეიტყო. მაია კუზნეცოვა თვლის, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, რასაც მანამდე განვითარებულ მოვნელებს უკავშირებს,კერძოდ:

2016 წლის იანვრის თვეში ხელოვნების სკოლაში გეგმიური ფინანსური შემოწმება დაიყო,რომელიც სამი თვე გაგრძელდა. ამ პერიოდში ხელოვნების სკოლის საკონფერენციო დარბაზში პარტია ‘’ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’და პაატა ბურჭულაძის ‘’ განვითარების ფონდის’’ პარტიული ღონისძიებები გაიმართა. ორივე შემთხვევაში, გაფორმდა დარბაზის ქირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც მაია კუზნეცოვას განმარტებით შეთანხმებული იყო მუნიციპალიტეტის გამგებელთან.

ხელოვნების სკოლის დარბაზში, პაატა ბურჭულაძის ‘’ განვითარების ფონდის’’ მიერ ორგანიზებული ღონისძიებიდან მოკლე პერიოდში უდიტის დასკვნის საფუძველზე მაია კუზნეცოვა სამსახურიდან გათავისუფლდა. გათავისუფლების მიზეზი სავარაუდოდ „განვითარების ფონდთან“ ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი გახდა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ეჭვებს ის გარემოებაც აჩენს, რომ მუნიციპალიტეტის გამგებელმა უარყო პაატა ბურჭულაძის „განვითარების ფონდთან“ შესაბამისი ხელშეკრულების დადების მასთან შეთანხმების ფაქტი.