საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება 2024 წლის 18 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან სტუდენტების წინააღმდეგ ორგანიზებულ ძალადობას.

თარიღი: 18 მაის 2024

2024 წლის 18 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ლექციამდე სტუდენტები ელოდებოდნენ, რათა მშვიდობიანად გაეპროტესტებინათ რუსული კანონი. Როგორც საჯაროდ გავრცელებული წყაროები მოწმობს, სტუდენტებს წინასწარ ორგანიზებული ჯგუფები დაუპირისპირდნენ, რომლებმაც მათზე სიტყვიერად და ფიზიკურად იძალადეს.

ადგილზე მომხდარ დანაშაულზე მანამდე მობილიზებული პოლიციელების რეაგირება უმოქმედობაში, ან, არაჯეროვან მოქმედებაში, ადგილობრივად გაშველებაში შემოიფარგლა, ხოლო, მოძალადე პირთა მიმართ არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ გატარებულა.

სტუდენტები საუბრობენ, რომ ბოლო დღეებში მათზე და მათი ოჯახის წევრებზეც ხორციელდება სატელეფონო მუქარა, დაშინების მცდელობები, მათ მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის, რუსული კანონის გაპროტესტების გამო, რაც ასევე შემაშფოთებელია.

მოვუწოდებთ:

Საქართველოს პროკურატურას:

Ადგილზე მობილიზებული პოლიციელების მიერ არაჯეროვანი რეაგირების გამო, თავად დაიწყოს გამოძიება და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს სტუდენტების წინააღმდეგ დისკრიმინაციული ნიშნით განხორციელებულ დევნა / ძალადობაზე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას:

დაიცვას სტუდენტების მშვიდობიანი შეკრების უფლება, მიიღოს ზომები მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება მოახდინოს სტუდენტების უფლებების დარღვევის ფაქტებზე.