ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, რომ შეიარაღებული კონფლიქტი უკრაინასა და რუსეთის არმიას ან/და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ ძალებს შორის მასშტაბურ სახეს იღებს. კონფლიქტს, რომელიც 8 წელზე მეტია მიმდინარეობს, უკვე ემსხვერპლა 16’000 ადამიანი, მათ შორის, როგორც მებრძოლი, ისე სამოქალაქო მოსახლეობა, ამასთან, 1.5 მილიონ ადამიანი დაექვემდებარა იძულებით გადაადგილებას. კონფლიქტის შედეგად, დაზიანდა და განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სახლები, საავადმყოფოები და სკოლები.
რუსეთის ფედერაციის მიერ სეპარატისტული ტერიტორიების აღიარება და უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმა არღვევს გაეროს ქარტიის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტს, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენებისა და ძალის გამოყენების მუქარის აკრძალვას განამტკიცებს. რუსეთის ფედერაცია მოქმედებს ერთი და იმავე სცენარით, მეზობელი ქვეყნების სეპარატისტულ რეგიონთა დამოუკიდებლობის აღიარებით არღვევს ამ სახელმწიფოთა სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რასაც მოსდევს მისი სამხედრო შენაერთების ინტერვენცია, რაც თავის მხრივ ნოყიერ ნიადაგს ქმნის საერთაშორისო დანაშაულების ჩადენისათვის.
მიგვაჩნია, რომ, სხვა მიზეზებთან ერთად, საერთაშორისო დანაშაულებზე სამართლის აღუსრულებლობის პირდაპირი შედეგია უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. მაგალითისთვის, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დაზარალებულები დღემდე მართლმსაჯულების აღსრულების მოლოდინში არიან. საერთაშორისო დანაშაულების ეფექტიან გამოძიებასა და პასუხისმგებელ პირთა დასჯას არსებითი მნიშვნელობა აქვს დაზარალებული პირების უფლებრივი მდგომარეობის აღდგენის, ასევე, სახელმწიფოების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის და დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრის მიზნით. თუმცა, გაჭიანურებული გამოძიება და გამოძიების პროგრესის შესახებ ინფორმაციის არარსებობა დაზარალებულებში, მათ შორის დაღუპულ პირთა ოჯახის წევრებში, მიმდინარე პროცესების მიმართ სამართლიანობის აღდგენის იმედის დაკარგვას იწვევს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ წარმოებულ გამოძიებასა და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არაერთი პრობლემა არსებობს როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენები დონბასის უკანონო ოკუპაციისა და ყირიმის ანექსიის გაგრძელებაა. უკრაინას უკვე გაცხადებული აქვს თანხმობა საერთაშორისო სისხლის სასამართლოს იურისდიქციაზე. ამრიგად, მიმდინარე კონფლიქტშიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) რომის სტატუტი რელევანტურია და ნებისმიერი ქმედება, რომელიც თავისი შინაარსით, კვალიფიცირდება როგორც, ომის დანაშაული, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ ან გენოციდი, გამოძიებული და დასჯილი უნდა იქნას ICC-ის მიერ. საერთაშორისო დანაშაულებზე ეფექტიან რეაგირებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნების კუთხით. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში.
საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის - მოუწოდებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და რომის სტატუსის ხელშემკვრელსახელმწიფოებს, რომ შეასრულონ პირობა, რომლის მიხედვითაც გენოციდი, ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები არასოდეს დარჩება დაუსჯელი.
ამრიგად, მოვუწოდებთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს:
- დაიწყოს გამოძიება უკრაინის სიტუაციაზე, რომელთან დაკავშირებითაც, უკვე 8 წელია მიმდინარეობს წინასაგამოძიებო ეტაპი;
- მიიღოს კონკრეტული ზომები, რათა გასამართლდნენ ის პირები, რომლებმაც რუსეთ-საქართველოს ომში ჩაიდინეს უმძიმესი დანაშაულები: თავდასხმა სამოქალაქო მოსახლეობასა და ობიექტებზე, სამოქალაქო პირების ტყვედ აყვანა, მკვლელობა და გაუპატიურება, მოროდიორობა, და სხვა, რაც დოკუმენტირებულია კოალიციის წევრების, ასევე სხვა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- საერთაშორისო სამართლიანობა
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
- უფლებები საქართველო
- კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი
- ადამიანის უფლებების პრიორიტეტი
საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის 2003 წელს შეიქმნა და მისი მიზანია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება და გენოციდის, აგრესიის, ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის პასუხისმგებლობის დამკვიდრებისა და ამგვარ დანაშაულთა მსხვერპლთათვის სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. 2010 წლიდან საქართველოს კოალიცია არის გლობალური კოალიციის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის წევრი.
კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები 2008 წლიდან დღემდე აქტიურად არიან ჩართულნი მიმდინარე პროცესებში და წარმოადგენენ ომის შედეგად დაზარალებულ დევნილთა ინტერესებს როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე.