საკონსტიტუციო სასამართლომ საია-ს სარჩელი დააკმაყოფილა

თარიღი: 15 დეკ 2020

11 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი საქმეზე „გიორგი გოცირიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. საქმეში დავის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1502-ე მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავდა მესაკუთრის მიერ ან მესაკუთრის თანხმობით პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების სპონტანური აქციის ფარგლებში ხანმოკლე ვადით, დროებითი განთავსების შესაძლებლობას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი.

საია მიიჩნევდა, რომ სარჩელში მითითებული სადავო ნორმიდან მომდინარე საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე - „ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომელსაც ასევე საია აწარმოებდა. ამ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე ჰქონდა დადგენილი, რომ კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე ვიზუალური საშუალებების განთავსებით გამოხატვის თავისუფლების საპირწონე ვერ იქნებოდა ამა თუ იმ შენობა-ნაგებობისა და მუნიციპალიტეტის იერსახის ხანმოკლე და დროებითი სახეცვლილება. შესაბამისად, სადავო ნორმა არათანაზომიერად ზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა საიას არგუმენტები და მიიჩნია, რომ სადავო ნორმას გააჩნდა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის არსებითად იდენტური შინაარსი. ამასთან, არ გამოკვეთილა რაიმე ახალი გარემოება, რომელიც წარმოაჩენდა კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის აუცილებლობას. სასამართლომ კვლავ გაიზიარა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებაში გამოხატული სამართლებრივი პოზიცია და მიიჩნია, რომ არ არსებობდა პრაქტიკის შეცვლის საჭიროება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა დამძლევი ნორმის ინსტიტუტის გამოყენებით ძალადაკარგულად გამოაცხადა საქმის არსებითი განხილვის გარეშე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებდა.