საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას აფხაზეთის რეგიონის ჰუმანიტარული მხარდაჭერის გალიერებისკენ მოუწოდებენ

თარიღი: 18 აგვ 2020

ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას აფხაზეთში COVID-19-ით მკვეთრი აფეთქების ფონზე კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს აფხაზეთის ჰუმანიტარული და სამედიცინო მხარდაჭერა.

გუშინ აფხაზეთის de facto ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის მზარდი შემთხვევების ფონზე საჯარო განცხადება გააკეთა და ადგილობრივ მოსახლეობას დახმარებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, სამედიცინო პერსონალი ჯანდაცვის სისტემას აღარ ჰყოფნის, ექიმების დიდი ნაწილი გადაღლილი და ზოგიერთი მათგანი კი დაინფიცირებულია, რის გამოც მინისტრმა თანამოქალაქეებს მოხალისეობაში ჩართვისკენ და დახმარებისკენ მოუწოდა.

ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობისთვის შემოსავლის ძირითად წყაროს ტურიზმი წარმოადგენს, პანდემიის პირობებში კი ისედაც ეკონომიკური კრიზისის[1] პირას მცხოვრები რეგიონისთვის, მძიმე სოციალური მდგომარეობა შეიქმნა. სწორედ სოციალური პროტესტის ფონზე, 1 აგვისტოს აფხაზეთის de facto ხელისუფლებას რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნა სრულიად მოულოდნელად და მოუმზადებლად მოუწია.

მას შემდეგ, რაც 1 აგვისტოს რეგიონი ტურისტებისთვის გაიხსნა, აფხაზეთში ინფექციის მკვეთრი აფეთქდება დაფიქსირდა.მხოლოდ 16 აგვისტოს, აფხაზეთში, COVID-19-ით ინფიცირების 26 შემთხვევა გამოვლინდა, რაც სამჯერ მეტია დღე-ღამის წინა ასევე ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე. 17 აგვისტოსთვის, აფხაზეთში, კორონავირუსით დაინფიცირდა 189 ადამიანი. მათგან სამი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა – 69.

აღსანიშნავია, რომ საექიმო წრეებში საზღვრების გახსნის გადაწყვეტილების მიმართ კრიტიკა ისედაც არსებობდა, თუმცა, პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა ჯანდაცვის სამინისტროს თვითკრიტიკა არასაკმარისი სამედიცინო რესურსების და მზადყოფნის შესახებ, არ გაიზიარა.

ხელმომწერი ორგანიზაციების მოსაზრებით, აფხაზეთში შექმნილი კრიზისის პასუხად მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ და ჩვენმა საზოგადოებამ აჩვენოს სოლიდარობის მკვეთრი ნაბიჯები აფხაზეთის რეგიონის მხარდასაჭერად. ამ ნაბიჯებს ადამიანის სიცოცხლის უზენაესობისა და ჰუმანიზმის ჩვენების თავისთავადი მიზნის მიღმა, შერიგების და კონფლიქტის ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი პოლიტიკური პოტენციალი გააჩნია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები ადამიანები და მოქალაქეები მუდმივად ხედავდნენ მათი წუხილების და საჭიროებების გაზიარებისა და მხარდაჭერის მზადყოფნას.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების საპასუხოდ საქართველოს მთავრობას უკვე აქვს გადადგმული ნაბიჯები ოკუპირებული რეგიონების მხარდასაჭერად, მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი მეტ საჯაროობას და გაძლიერებას ითხოვს. მათ შორის, აფხაზეთის de facto მინისტრის განცხადების პასუხად, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ აფხაზეთის მოსახლეობას სამედიცინო რესურსებით დამატებითი დახმარება გაუწიოს. დახმარების ფორმებზე შეთანხმება de facto ხელისუფლებასთან შეთანხმებას საჭიროებს და ის საავადმყოფოებში პაციენტების ორგანიზებული გადმოყვანისა ან/და აფხაზეთში სამედიცინო პერსონალისა და შესაბამისი რესურსების გაგზავნაში შეიძლება გამოიხატოს.

ბოლო პერიოდში აფხაზეთის ახლად არჩეული de facto პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სხვა წევრების მიერ გაკეთებული განცხადებების ფონზე (მათ შორის, გალში მცხოვრები ქართველების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, საქართველოს მთავრობასთან პირდაპირი დიალოგის შესახებ), მიგვაჩნია, რომ არსებული კონტექსტი უფრო ღია პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებას და შერიგების პროცესს უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ ეს კონტექსტი სათანადოდ გავაცნობიეროთ. სამწუხაროა, რომ მშვიდობაზე და შერიგებაზე მიმართული რიტორიკისა და ცალკეული მცდელობების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის ეს პოლიტიკა ნაკლებად საჯარო, ხილვადი და მძლავრია. ეს მაშინ, როცა სწორედ შერიგების და ნდობის აღდგენის რიტორიკასა და საჯარო, ღია გზავნილებს აქვს თავისთავად ტრანსფორმაციული მნიშვნელობა და ღირებულება.

ხელმომწერ ორგანიზაციებს გვჯერა, რომ კრიზისის მდგომარეობაში ადგილობრივი მოსახლეობის ღია მხარდაჭერა შერიგების და ნდობის აღდგენის გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი და ისტორიული ნაბიჯი იქნება.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

კავკასიური სახლი

მშვიდობისა და სამოქალაქო განითარების ცენტრი (CPCD)

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი (ISNC)

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)


[1] რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის ბიუჯეტს საშუალოდ 50-70 %-ით ავსებს. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 57,7 % იყო. საინფორმაციო სააგენტო „აფხაზია-ინფორმის“ მიხედვით, მიმდინარე წლის დოტაციის მოცულობა 4 მლრდ 746 მლნ რუბლია, თუმცა მოსკოვმა, 1 ივნისის მონაცემებით, სოხუმს მხოლოდ 703,3 მლნ რუბლი, ანუ მთელი თანხის 15 %, გადაურიცხა, რამაც უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინაშე დააყენა დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა.