ხელმომწერი ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ უკრაინიდან ლტოლვილების ორგანიზებული მიღებისა და უკვე საქართველოში მყოფი ლტოლვილების რეალურ მხარდაჭერაზე მიმართული სისტემური პოლიტიკის ამუშავებისკენ.
ორ კვირაზე მეტია რუსეთის ფედერაციის აგრესიას, საერთაშორისო სამართლის და ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევებს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება, დაღუპულ ბავშვთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა, უკრაინის ზოგიერთი ქალაქი (მარიუპოლი, ხარკოვი, მელიტოპოლი და სხვა) ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შეფასებით სიტუაცია მარიუპოლში არის “აპოკალიპტური,” ადამიანები დარჩენილი არიან, წყლის, საკვების, გათბობის გარეშე. ლტოლვილთა რაოდენობამ ევროპაში გადააჭარბა ორ მილიონ ადამიანს და მათი ნაკადი არ წყდება პოლონეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის, რუმინეთის, მოლდოვის და სხვა მიმართულებებით. რუსეთის სასტიკი სამხედრო აგრესიისგან გაქცევას დღემდე ბევრი ქალი და ბავშვი ცდილობს. ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინელ ლტოლვილებს, რომლებმაც ომის შემდეგ დატოვეს ქვეყანა, გამარტივებულ, ბიუროკრატიისგან თავისუფალ და მგრძნობიარე სოციალური მხარდაჭერის (დასაქმების, განათლების, სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარების) პროგრამებს სთავაზობენ.
უკრაინიდან ლტოლვილების შემოსვლის ტენდენცია ჩანს საქართველოშიც. ჩვენი დაკვირვებით, ომის დაწყების შემდეგ საქართველოში თავშესაფრის მოძიებას ძირითადად ის უკრაინელები ცდილობენ, ვისაც საქართველოსთან ნათესაური, საოჯახო ან სხვა მყარი კავშირები აქვთ. ამ რეალობის მიუხედავად, აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ მიუღია პროაქტიური ნაბიჯები ლტოლვილების უკრაინიდან ორგანიზებული გამოყვანისა და შემდგომში უკვე საქართველოში მათი სათანადო და რეალური მხარდაჭერის მიზნით. უფრო მეტიც, საქართველოში რჩება ათასობით უკრაინელი ტურისტი, რომელმაც უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ომის გამო დაბრუნება ვერ მოახერხა და ისინი ასევე გადაუდებელი სოციალური მხარდაჭერის წინაშე დგანან.
საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების საერთო რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ არსებობს, რადგან სახელმწიფოს არ აქვს მათი აღრიცხვისა და სამართლებრივი მხარდაჭერის პროაქტიული სისტემა. როგორც ჩანს იმის გამო, რომ უკრაინასთან საქართველოს თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმი აქვს და უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება, საქართველოს მთავრობა არ ცდილობს ამ პირების დროულ აღრიცხვას და შესაბამისი სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას. დროებითი დაცვის ან ლტოლვილის სამართლებრივი სტატუსის მინიჭების პროცესის დაწყება კი მათთვის სოციალური და სხვა მხარდაჭერის მიღების წინაპირობაა და ამ კუთხით გამოვლენილი უმოქმედობა, მძიმედ აისახება ლტოლვილების სოციალურ მდგომარეობაზე.
საქართველოს ხელისუფლებამ პირველადი მხარდაჭერა გარკვეულწილად დააორგანიზა 24 თებერვლამდე საქართველოში მყოფ უკრაინელ (და სხვა ქვეყნების) ტურისტებთან მიმართებით, რომლებმაც ომის გამო სამშობლოში დაბრუნება ვეღარ შეძლეს. ამ ჯგუფისთვის ფუნქციონირებს სპეციალური ცხელი ხაზი და მათ სთავაზობენ საცხოვრებელ, სოციალურ და სხვა მხარდაჭერას. თუმცა ჩვენთვის გასაკვირია, რომ ამ დრომდე ომის შემდგომ საქართველოში შემოსულ ლტოლვილებთან დაკავშირებით არ არსებობს არც ცხელი ხაზი და არც სპეციალური პროგრამები, რომელიც ამ მძიმე რეალობაში ომით დაზარალებულ ოჯახებსა და ადამიანებს მყისიერ და ადეკვატურ მხარდაჭერას გაუწევდა.უკრაინაში რუსეთის მიერ დაყებული ომის თემაზე საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებული მკვეთრად პრობლემური და მიუღებელი განცხადებებისა და გადაწყვეტილებების ფონზე, საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების მიმართ მხარდაჭერის სისტემური პოლიტიკის არარსებობა, კიდევ უფრო შემაშფოთებელი ხდება.
საქართველოში შემოსული უკრაინელი ლტოლვილების მდგომარეობაზე ჩვენი დაკვირვება აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს მათ საცხოვრებლის, ფსიქო-სოციალურ, სამედიცინო და სხვა საჭიროებებზე მიმართული პოლიტიკა და ომს გამოქცეული ლტოლვილების პირველად მხარდაჭერას ისევ თვითორგანიზებული სამოქალაქო ჯგუფები ცდილობენ. ცალკეული კომერციული ორგანიზაციები და კერძო პირები საკუთარ სივრცეებს უთმობენ ლტოლვილებს, თუმცა ცხადია, რომ ეს პროცესი დიდ ხანს ვერ შენარჩუნდება (განსაკუთრებით ტურისტული სეზონის დაწყების ფონზე) და არსებითია, რომ სწორედ სახელმწიფომ უზრუნველყოს ლტოლვილების დროული განსახლება და ადეკვატური საცხოვრებელი პირობების შექმნა. უკრაინელ ლტოლვილებთან გასაუბრების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში გადმოსული ოჯახების წინაშე განსაკუთრებით მწვავედ დგას ბავშვებისთვის სკოლამდელი და ზოგადი განათლების შესაძლებლობების შექმნის საკითხი. ომის განცდილი ტრავმის ფონზე არსებითია სახელმწიფოს ჰქონდეს ლტოლვილი ადამიანებისთვის ფსიქო-სამედიცინო რეაბილიტაციის და მხარდაჭერის პროგრამები.
მიგვაჩნია, რომ, საქართველო, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს განცდილი რუსული სამხედრო აგრესია და ომთან დაკავშირებული უმძიმესი დანაკარგები, უნდა იყოს პირველი იმ ქვეყნების რიგში, რომლებიც დღეს მეგობარ ქვეყანას სთავაზობენ რეალურ მხარდაჭერას, მათ შორის ლტოლვილების მიღების სახით. მნიშვნელოვანია რომ, ხელისუფლებამ მოაწესრიგოს ლტოლვილების მიღების პოლიტიკა და შექმნას მათთვის შესაბამისი საცხოვრებელი, განათლების, ჰუმანიტარული, ფსიქო-სამედიცინო და სოციალური მხარდაჭერის პირობები, იმ დრომდე სანამ ისინი შეძლებენ უსაფრთხოდ დაბრუნებას საკუთარ სახლებში.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:
- ღიად გამოხატოს ნება და მზაობა უკრაინიდან ლტოლვილების ორგანიზებული მიღებისთვის;
- მიიღოს ქმედითი ზომები ლტოლვილების მისაღებად, მათ შორის გამოყოს ჰუმანიტარული თვითმფრინავი მათ უსაფრთხოდ ჩამოსაყვანად და შეიმუშავოს გამარტივებული პროცედურები მათთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების მიზნით;
- დაუყოვნებლივ შექმნას უკრაინელი ლტოლვილებითვის ადეკვატური საცხოვრებელი, სოციალური, ფსიქო-სამედიცინო, განათლების, დასაქმების და სხვა რელევანტური პროგრამები, რაც არსებითია მათი ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოში, მანამ სანამ ისინი შეძლებენ უსაფრთხოდ დაბრუნებას სამშობლოში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
- უფლებები საქართველო
- ქალთა ფონდი “სოხუმი”
- საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (IPHR)
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)