სენაკის მუნიციპალიტეტის არალეგიტიმური საკრებულო აგრძელებს კანონის დარღვევით საქმიანობას

თარიღი: 29 ოქტ 2022

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გრძელდება კანონის უხეში დარღვევა, კერძოდ, არაუფლებამოსილმა საკრებულომ 25 ოქტომბერს თავმჯდომარე აირჩია.

სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი შეიქმნა იმის გამო, რომ არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მმართველმა პარტიამ, რომელმაც უმრავლესობა ვერ მოიპოვა, ფაქტობრივი ბოიკოტი გამოაცხადა, რამაც შეუძლებელი გახადა კვორუმის შედგენა და სენაკში დაიწყო „პროცედურული ომი“. საკრებულო ზედიზედ ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ შეიკრიბა.[1]

2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შედეგად, სენაკის 33 წევრიან საკრებულოში 16 მანდატი ეკუთვნოდა ,,ქართულ ოცნებას”, 13 - ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 4 კი პოლიტიკურ პარტიას ,,საქართველოსთვის“. შესაბამისად, სენაკი იყო ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, სადაც უმრავლესობას ოპოზიცია ფლობდა. საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გამოვლინდა არაერთი პრობლემა. კერძოდ, პარტიის ,,საქართველოსთვის“ პროპორციული სიით არჩეული წევრის გასვლის გამო, მმართველი ძალისა და ოპოზიციის მხარეს თანაბარი რაოდენობის, 16-16, მანდატი დარჩა. საკრებულოდან გასული წევრის ადგილმონაცვლის უფლებამოსილების დადასტურების შემთხვევაში, რაც საკრებულოს სხდომაზე უნდა მომხდარიყო, უმრავლესობა კვლავ ოპოზიციის მხარეს აღმოჩნდებოდა, რის გამოც, ,,ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა სხდომებში მონაწილეობაზე. მმართველი პარტიის წევრების გარეშე კი სხდომის გასამართად აუცილებელი კვორუმი ვერ დგებოდა. შედეგად, შეიქმნა კრიზისი და საკრებულო აღმოჩნდა პარალიზებული.

მაისში ძალაში შევიდა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს გამოკლებული წევრის უფლებამონაცვლის უფლებამოსილების დადასტურებას საკრებულოს გადაწყვეტილება აღარ სჭირდება. კერძოდ: საარჩევნო კოდექსის 135-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი ადგილმონაცვლეობის ცნობის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემიდან მე-14 დღიდან, რაც შესაბამის საკრებულოს ეცნობება.“ ამდენად, ოპოზიციას კვლავ გაუჩნდა შანსი, 17 მანდატით უმრავლესობა შეეკრიბა. თუმცა, მაისის მიწურულს მაჟორიტარმა წევრმა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულო დატოვა, რასაც პარტია ზეწოლას უკავშირებს და ოპოზიციის მხარეს კლავ 16 მანდატი დარჩა.

17 დეკემბრის შემდეგ, საკრებულოს შეკრების არაერთი მცდელობა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სენაკის სასამართლოში მიმდინარეობდა დავა, 9-23 თებერვალს, კვორუმის არარსებობის პირობებში, ოპოზიციის მიერ გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესახებ. 2022 წლის 18 აგვისტოს სასამართლომ უკანონოდ ცნო საკრებულოს მიერ 9-23 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებები.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 142-ე მუხლის მიხედვით, საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, თუ ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება, რაც პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების სამართლებრივი საფუძველია. ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. საარჩევნო კოდექსის 1541 მუხლის თანახმად, საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას, ტარდება რიგგარეშე არჩევნები.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში შეუკრებლობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა კანონით დაკისრებული ვალდებულება და არ შემოიღო მუნიციპალიტეტში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მთავრობის წინააღმდეგ და მოითხოვა სენაკში დაგეგმილი შუალედური არჩევნების გაუქმება. სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს სარჩელი იმ მოტივით, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა მიღებული დადგენილება. რის გამოც, საიამ მთავრობის წინააღმდეგ დავა წამოიწყო სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.[2]

კანონის პირდაპირი მითითების მიუხედავად, რომ მთავრობას შეეწყვიტა უფლებამოსილება სენაკის საკრებულოსთვის და დანიშნულიყო რიგგარეშე არჩევნები, დაინიშნა შუალედური არჩევნები ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად.[3] ამან მმართველ პარტიას დამატებითი მანდატის მიღების შესაძლებლობა მისცა, რასაც საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა მოჰყვა.

სენაკის საკრებულო, კანონის მიხედვით, არის არაუფლებამოსილი და ახალი საკრებულოს არჩევამდე, სენაკის მუნიციპალიტეტი კანონიერი წარმომადგენლობითი ორგანოს გარეშეა დარჩენილი.

საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა - მიიღოს დადგენილება საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ და შემოიღოს პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა, რაც დროებით განხორციელდება მთავრობის მიერ დანიშნული რწმუნებულის, კოლეგიური ორგანოს ან კანონის შესაბამისად განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, მანამ სანამ რიგგარეშე არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოს უფლებამოსილება არ იქნება ცნობილი.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI Georgia)


[1] დეტალურად, სენაკის საკრებულოში განვითარებული მოვლენების შესახებ იხ.: „სამართლიანი არჩევნების“ განცხადება - „სენაკის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი შუალედური არჩევნები უნდა გაუქმდეს და დაინიშნოს საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები“ - https://bit.ly/3Tsw0wS

[2] საიას განცხადება - „საია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ იწყებს დავას სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით” - https://bit.ly/3WbMafl

[3] „სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა“ - https://netgazeti.ge/news/633416/