შიდაპარტიული დემოკრატია - პარტიის შიდა საქმე თუ დემოკრატიის ქვაკუთხედი?

თარიღი: 12 აგვ 2024

როგორ შეიძლება განვსაზღვროთ რამდენად იმოქმედებს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია დემოკრატიული ღირებულებების და პრინციპების შესაბამისად ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ?

ცხადია, შეგვიძლია ყურადღება მივაქციოთ შეიცავს თუ არა პარტიის რიტორიკა ანტიდემოკრატიულ და ძალადობრივ იდეებს, თუმცა როგორც წესი, ეს საკმარისი არ არის. პოლიტიკური გაერთიანებები ხშირად (წარსულშიც და დღესაც) დემოკრატიის ენაზე საუბრობენ და ანტიდემოკრატიულ მისწრაფებებს სწორედ ნამდვილი დემოკრატიის სახელით ნიღბავენ. პოლიტიკურ სცენაზე იშვიათად თუ შევხვდებით ისეთ პოლიტიკურ მოთამაშეს, რომელიც ღიად დაუპირისპირდება დემოკრატიულ მმართველობის ფორმას და ავტორიტარულ ნაბიჯებს დააანონსებს. მაგალითად, ჯოვანი ჯენტილე, იტალიური ფაშიზმის მთავარი ფილოსოფოსი ამბობდა, რომ “ფაშისტური სახელმწიფო ... არის ხალხის სახელმწიფო, და როგორც ასეთი, დემოკრატიული სახელმწიფო par excellence”.[1]

თუკი პარტიის გაცხადებული იდეები არასაკმარისი ან დამაბნეველია მომავლის განსაჭვრეტად, მაშ რა შეიძლება იყოს ის დამატებითი კრიტერიუმი რომლითაც შეიძლება ვიხელმძღვანელოთ?

პარტიის დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულების შემოწმების ერთ-ერთი ეფექტური გზა მისი შიდაპარტიული მოწყობის გამჭვირვალობის და დემოკრატიულობის შემოწმებაა. პარტიაში უნდა არსებობდეს წევრებისა და მხარდამჭერების ორგანიზაციის ფუნქციონირებაში ჩართულობის ინსტიტუციონალური მექანიზმები. წესდებით პარტიის რიგით წევრებსა და მხარდამჭერებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა რეალური გავლენა მოახდინონ ლიდერების შერჩევის პროცესზე. გარდა ამისა, გამჭვირვალე უნდა იყოს პარტიული ბიუჯეტი, ხოლო პარტიის მიერ მობილიზებული ფინანსების განკარგვის გასაკონტროლებლად უნდა არსებობდეს ეფექტური მექანიზმები. ფინანსური გამჭვირვალობა ერთგვარი ტესტია იმის განსაჭვრეტად თუ როგორ მოიქცევა პარტია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. მაშინ, როდესაც პარტიული ფინანსების განკარგვა კულუარულად ხდება და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაცია არათუ საზოგადოებისთვის არამედ თანაპარტიელებისთვისაც კი ბუნდოვანია, გულუბრყვილობა იქნება იმის ფიქრი, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს პარტია გამჭვირვალედ და კეთილსინდისიერად განკარგავს ქვეყნის ბიუჯეტს.

ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც შიდაპარტიული დემოკრატიის სტანდარტებს არსებითი მნიშვნელობა მიანიჭა გერმანიაა, ქვეყანა, რომელმაც თავის თავზე იწვნია ვაიმარის დემოკრატიული რესპუბლიკის უუნარობა, დაეცვა საკუთარი თავი ანტიდემოკრატიული ძალებისგან. სწორედ ამგვარი შემთხვევებისგან თავის დაზღვევის მიზნით გერმანიის ფედერალურმა სასამართლომ კონსტიტუციაზე დაყრდნობით დაადგინა მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც, პარტიის შიდა სტრუქტურა უნდა იყოს აგებული დემოკრატიულ პრინციპზე.[2] თუ პარტია თავად არ იმართება დემოკრატიული მექანიზმებით, დიდია იმის ალბათობა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ის ავტორიტარულ მიდრეკილებებს გამოავლენს.[3] ამდენად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ყველა პოლიტიკური პარტიისთვის შიდაპარტიული დემოკრატია საკონსტიტუციო ვალდებულებას წარმოადგენს, ხოლო ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს შესაბამისი ფინანსური სანქციები,[4] ან გარკვეული გარემოებების თანხვედრის შემთხვევაში აკრძალოს პარტია არაკონსტიტუციურობის საფუძვლით.[5] გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით „კონსტიტუციამ მიიღო „ძირითადი გადაწყვეტილება” დემოკრატიის შინაარსობრივი გაგების სასარგებლოდ (ნაცვლად ფორმალურისა), რომლის მიხედვითაც ის არის ღირებულებების ერთბლიობა, რომელიც დაცული უნდა იქნას მისი აღიარებული მტრებისგან“.[6]

დღესდღეობით ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალურია ისეთ ქვეყნებში, სადაც არ არსებობს ხანგრძლივი პარტიული კულტურა და ამა თუ იმ პოლიტიკური აქტორის ერთგულება დემოკრატიული თამაშის წესების მიმართ დროს არ გამოუცდია. ასეთი ქვეყნების რიგს მიეკუთვნება საქართველოც. თანამედროვე ქართული პოლიტიკური პარტიების ისტორია ოცდაათ წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილება უცხო ნამდვილად არ ყოფილა იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებმაც სახელისუფლებო ძალაუფლების მოპოვება მოახერხეს. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ ყოველ ჯერზე დაბალი ინსტიტუციონალიზაციის და მაღალი პერსონიფიცირების პირობებში კონკრეტული ლიდერების თუ პარტიის მესვეურების დღის წესრიგის მიხედვით ემოქმედათ.

შიდაპარტიული დემოკრატიისა და გამჭვირვალობის კრიზისი ნოყიერ ნიადაგს ქმნის პირადი ან ელიტური ინტერესებით მოტივირებული კულუარული პოლიტიკისთვის,[7] ამიტომ არსებითად მნიშვნელოვანია, რომ პარტია ანგარიშვალდებული იყოს მისი წევრების და ამომრჩევლის წინაშე და არა კლანური ინტერესებით დაკავშირებულ ვერტიკალურ სტრუქტურებთან.

შიდადემოკრატიული სტრუქტურების მნიშვნელობაზე აქცენტს აკეთებს საქართველს კონსტიტუციაც. კონსტიტუციის ძირითადი დებულებების თავში აღნიშნულია, რომ ქვეყნის დემოკრატიულ ფუნქციონირებაში პოლიტიკური პარტიების არსებითი როლი გააჩნიათ.[8] პოლიტიკური პარტიები ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობენ, ხოლო მათი საქმიანობა უნდა ეფუძნებოდესთავისუფლების, თანასწორობის, გამჭვირვალობის და შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებს.[9]

მიუხედავად კონსტიტუციის ტექსტში გამოხატული სულისკვეთებისა, გამჭვირვალე და ნათელი კრიტერიუმების არარსებობის გამო, ქართულ რეალობაში ხშირია შემთხვევები, როდესაც პოლიტიკური პარტიის წევრები კანდიდატთა სიის შემადგენლობას და თანმიმდევრობას, თავადაც მისი გასაჯაროების შემდეგ მედიასაშუალებებიდან იგებენ. როდესაც პარტიულ თანამდებობებზე პირის არჩევა და შემგომი დაწინაურება ლიდერის კეთილგანწყობაზე და ამ ლიდერის მიმართ ლოიალობაზეა დამოკიდებული, ფორმალური არჩევის პროცესი პრაქტიკაში დანიშვნის პროცესად გარდაიქმნება, რაც ამ ადამიანის პრიორიტეტად კონკრეტული პირის კეთილგანწყობაზე ზრუნვას აქცევს. ამგვარი მიდგომები კიდევ უფრო უწყობს ხელს წარმომადგენლობით ორგანოში, ერთი მხრივ, ე.წ. „მდუმარე“ დეპუტატების მოხვედრას (“Yes-man/woman”), რომელთა ძირითად მოტივაციას საკუთარი ბიზნეს ინტერესების ლობირება წარმოადგენს, ხოლო, მეორე მხრივ, ე.წ. მოლაპარაკე თავების („talking head“) დაწინაურებას, რომელთა მიზანიც არა პოლიტიკის კეთება, არამედ საკუთარი საკომუნიკაციო უნარების სარფიანად გაყიდვაა.

რატომ არის მნიშვნელოვანი შიდაპარტიული დემოკრატიის მექანიზმების არსებობა:

უკეთესი კანდიდატები: პარტიის წევრების მიერ კანდიდატების შიდაპარტიული არჩევნების გზით არჩევა, ახალისებს ჯანსაღ კონკურენციას , რითიც იზრდება შანსი, რომ შერჩეული კანდიდატები საუკეთესოდ ასახავენ თანაპარტიელების შეხედულებებს. ამგვარი შიდადემოკრატიული პოცესები ამომრჩეველს თუ წევრს თავს პროცესის მონაწილედ აგრძნობინებს და ხელს უწყობს ორგანიზაციის ინსტიტუციონალიზაციის პროცესს.

ანგარიშვალდებულება: როდესაც პარტიული ლიდერები თუ კანდიდატები აირჩევიან სამართლიანი არჩევნების გზით (მაგალითად პრაიმერიზი)[10] და ეს მექანიზმები ინსტიტუციონალიზებულია, ისინი მეტ ანგარიშვალდებულებას გრძნობენ ამომრჩევლის მიმართ და უფრო მეტად რეაგირებენ პოლიტიკურ შინაარსებზე თუ გაცემული დაპირებების შესრულებაზე.

ამომრჩევლის ნდობა: გამჭვირვალე და დემოკრატიული პარტია ხელს უწყობს საზოგადოების ნდობის და პარტიასთან თვითიდენტიფიცირების პროცესს. ამომრჩევლები ხედავენ პარტიას, რომელიც უსმენს თავის წევრებს და პასუხისმგებელია მის ქმედებებზე.

დელიბერაციის პროცესის წახალისება: შიდაპარტიული დემოკრატიის მექანიზმები ახალისებს დელიბერაციის პროცესს. ჩნდება ჯანსაღი კომუნიკაციის საჭიროება რამდენიმე დონეზე, როგორც პარტიულ ელიტასა და შუა რგოლს, ასევე შუა რგოლს, რიგით წევრებსა და ამომრჩეველს შორის.[11] აღნიშნულის შედეგად იზრდება იმის შანსი, რომ ხედვების ფორმირება მოხდეს დისკუსიაში მონაწილეობის გზით და არა ვერტიკალური დირექტივების მეშვეობით. პროცესის შედეგადაც ვითარდება მოქალაქეთა პოლიტიკური ცოდნა და საერთო ჯამში იზრდება დემოკრატიის ხარისხი.

ავტორი: ნიკოლოზ ოდიკაძე

ბლოგი მომზადებულია საქართველოში ნორვეგიის საელჩოს მხარდაჭერით. ბლოგის შინაარსზე პასუხისმგებელია მისი ავტორი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეხედულებებს.


[1] Jan-Werner Mueller, Militant Democracy, The Oxford Handbook of Comparative Constitutional Law, 2012, p. 3.

[2] Angela K. Bourne, Fernando Casal Bértoa, Mapping Militant Democracy: Variation in Party Ban Practices in European Democracies (1945-2015), European Constitutional Law Review, 2017, p. 19.

[3] იქვე.

[4] გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი.

[5] იქვე, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

[6] Jan-Werner Mueller, Militant Democracy, The Oxford Handbook of Comparative Constitutional Law, (2012), p. 2.

[7] „ახლა ამის დროა! შიდაპარტიული დემოკრატია საქართველოში“, „ფორბს საქართველოს“ ოფიციალური ვებგვერდი, 2021 წლის 24 მარტი, ხელმისაწვდომია: https://forbes.ge/blogs/akhla-amis-droa-shidapartiuli-demokratia-saqarthveloshi/, განახლებულია: 28.05.2024.

[8] საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი.

[9] იქვე.

[10] პრაიმერიზი როგორც წესი გულისხმობს პარტიული ლიდერების, ან პარტიის საარჩევნო კანდიდატების შერჩევას პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მიერ.

[11] „ქართული პარტიები შიდაპარტიული დემოკრატიის ძიებაში“, საინფორმაციო პორტალი „რადიო თავისუფლება“, 2021 წლის 28 დეკემბერი, ხელმისაწვდომია: https://tinyurl.com/yb8tu5yy, განახლებულია: 28.05.2024.