შსს-მ უარი უნდა თქვას ადამიანის უფლებების არამართლზომიერი შეზღუდვის პრაქტიკაზე

თარიღი: 5 მაის 2018

ლაშა კაცია, რომელიც პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ამხელს, იმავე პოლიციის განყოფილებაშია დაბარებული, სადაც აღნიშნული პოლიციელები მუშაობენ. საია-ს ადვოკატს, რომელიც ლაშა კაციას ინტერესებს იცავს, პოლიციის თანამშრომელმა დღეს აცნობა, რომ 7 მაისს ლაშა კაცია გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში უნდა გამოცხადდეს, რადგან მის მიმართ პოლიცია გეგმავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას სავარაუდოდ 173-ე მუხლის საფუძველზე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან სიტყვიერი შეურაცხყოფა).

ლაშა კაციას გადმოცემით, სამმა პოლიციელმა 2018 წლის 9 მარტს იგი საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დააკავა, პოლიციის მანქანაში იძულებით მოათავსა და აღნიშნულ მანქანაში მიაყენა როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ ფაქტზე გამოძიება 2018 წლის 09 მარტს დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის რამდენჯერმეა გამოკითხული ლაშა კაცია, ასევე ჩატარებულია ამოცნობა, რომლის ფარგლებშიც ლაშამ მოძალადე პოლიციელები ამოიცნო. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, დღემდე არ მომხდარა პოლიციელების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა, ასევე, ლაშა კაცია დღემდე არ არის ცნობილი დაზარალებულად. საია-ს ასევე გასაჩივრებული აქვს ლაშა კაციას ადმინისტრაციული წესით დაკავება, თუმცა, ამ დრომდე შსს-ს არც ამ საკითხზე მიუღია გადაწყვეტილება.

ამ დრომდე ხელმისაწვდომ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ლაშა კაციას ქმედებებში არ იკვეთება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. შესაბამისად, მის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა პოლიციის იმ განყოფილებაში, რომლის თანამშრომლებიც მხილებულნი არიან მის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში, იქნება უკანონო.

საია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უარი თქვას არაკონსტიტუციური ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენებით, ადამიანის უფლებების არამართლზომიერი შეზღუდვის პრაქტიკის გაგრძელებაზე.