თავდაცვის კოდექსში დაგეგმილი ზოგი ცვლილება დისკრიმინაციულია

თარიღი: 13 მარ 2023

2022 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა - საქართველოს კანონის პროექტი „თავდაცვის კოდექსი“და მასთან დაკავშირებულ 45 სხვა საკანონმდებლო აქტში გამომდინარე ცვლილებების პროექტები. ინიციატივის მიხედვით, სასულიერო პირებიც გაივლიან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს. ამჟამინდელი მოწესრიგების თანახმად კი, გაწვევის გადავადების უფლება (სხვა საფუძვლებს შორის, ასევე) აქვს პირს, რომელიც არის მღვდელმსახური (კონფესია დაკონკრეტებული არაა).[1]

ერთი შეხედვით, ნეიტრალური ბუნების ცვლილებების თანახმად, განურჩევლად ყველა სასულიერო პირს სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების უფლება აღარ ექნება და ამას არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით ჩაანაცვლებს. თუმცა, შემოთავაზებული ცვლილებების სისტემურად, საქართველოში მოქმედ სხვა საკანონმდებლო აქტებთან განხილვის შემთხვევაში, ცხადი ხდება, რომ კანონპროექტების ამგვარი ფორმით მიღების შემთხვევაში, მოხდება არსებითად თანასწორი პირების, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების მღვდელმსახურების, უთანასწორო მოპყრობა, კერძოდ:

კონსტიტუციური შეთანხმება „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ ითვალისწინებს, რომ „სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან“.[2] ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს კონსტიტუციის შემდეგ საქართველოს სხვა ორგანულ კანონებსა და საკანონმდებლო აქტებზე იერარქიულად უფრო მაღლა დგას.[3] ამასთან, კონსტიტუციურ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ორივე მხარის ხელმოწერითა და პარლამენტისა და წმიდა სინოდის დამტკიცებით.[4]

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, იარარქიულად უფრო დაბლა მდგომ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანა იმგვარად, რომ სამხედრო სამსახურის ვალდებულება (თუნდაც არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის სახით) განესაზღვროს სასულიერო პირსაც, გავლენას ვერ მოახდენს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებზე, და ისინი კვლავ გათავისუფლდებიან ალტერნატიული შრომითი სამსახურისგანაც, ვინაიდან, კონსტიტუციური შეთანხმება იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი აქტია (lex superior derogat legi inferiori).

ამასთან, ხაზგასასმელია, რომ საქართველოს კანონის „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ რეგულირების სფეროა საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო ვალდებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოხდასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები. შესაბამისად, არაკეთილსინდისიერი იქნებოდა იმგვარი განმარტება, რომ „სამხედრო ვალდებულება“ უკავშირდება მხოლოდ გაწვევის ფაქტს, ხოლო, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური ამისგან დამოუკიდებლად არსებული ვალდებულებაა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური ცვლის არა მთლიანად სამხედრო ვალდებულებას, არამედ სამხედრო ვალდებულების მხოლოდ სამხედრო სამსახურის ფორმით მოხდას.[5] ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, ალტერნატიული შრომითი სამსახური წარმოადგენს სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას.

საია მიიჩნევს, რომ მხოლოდ ერთი რელიგიის სასულიერო პირებისთვის უფლებრივი პრივილეგიის მინიჭება, ადამიანის უფლებათა სამართლის პერსპექტივით, დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს [...].“[6] ამასთან, კონსტიტუციური შეთანხმება „[...] სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში.“[7] აღნიშნულთან კავშირში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ძალიან მკაფიოდ მიუთითებს, რომ ხსენებული დანაწესი „[...] არ წარმოადგენს მხოლოდ კონსტიტუციური შეთანხმების მიმართ წაყენებულ მოთხოვნას. იგი იმავდროულად მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში მოქმედი საყოველთაო პრინციპების გათვალისწინების აუცილებლობაზე სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის განსაზღვრისას, მათ შორის თანასწორობის მოთხოვნათა დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის საკითხში.“[8]

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, რომ „[...] საქართველოს ისტორიაში ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარების მიზანს არ წარმოადგენს მართლმადიდებლობის რელიგიური პრივილეგიების განმტკიცება და ეკლესიისთვის გარკვეული უფლების მინიჭება არ გულისხმობს იმავე უფლებით სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ სარგებლობის ხელშეშლას.“[9] სახელმწიფო თანასწორად უნდა მოეპყრას ნებისმიერი რელიგიური ორგანიზაციის სასულიერო პირს სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან მიმართებით.

ამრიგად, მოვუწოდებთ, როგორც კანონპროექტის ინიციატორებს, ისე, დეპუტატებს, იმოქმედონ თავიანთი მანდატის შესაბამისად იმგვარად, რომ უზრუნველყონ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განმტკიცებული თანასწორობის პრინციპის განუხრელი დაცვა. დისკრიმინაციის პრევენციისთვის კი სამართალშემოქმედს აქვს რამდენიმე ალტერნატივა, შესაძლებლობის ყველა არსებითად თანასწორ პირზე გავრცელებით, ასევე, მისი სრულად გაუქმებით.[10]


[1] სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 30, პუნქტი 1, ქვეპუნქტი „ლ“, ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/31780?publication=79, [12.03.2023].

[2] მუხლი 4, პუნქტი 1.

[3] მუხლი 7, პუნქტი 3.

[4] მუხლი 12, პუნქტი 2.

[5] საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის N1/1/477გადაწყვეტილება საქმეზე სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-34, ხელმისაწვდომია: https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=450&fbclid=IwAR2glmK3HVRd3CYn_dvUu1YIgmohRasepfDWAMc77pzHYVhcKplupbsE6uM, [13.03.2023].

[6] საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 4, პუნქტი 2.

[7] იქვე, მუხლი 8.

[8] სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“ და სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, N1/1/811, 2018, II-21, ხელმისაწვდომია,https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1178 , [12.03.2023].

[9] იქვე.

[10] იქვე, II-29.