ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

თარიღი: 8 მაის 2024

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანას OGP-ის წევრობა შეუწყდეს. OGP-ის შეფასებით, პარლამენტში ინიცირებული კანონი დისკრიმინაციულია, ახდენს სტიგმატიზაციას და ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და მოწყვლადი ჯგუფების გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას.

ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ არაერთხელ ღიად დაადასტურა OGP-ის ფუნდამენტურ ღირებულებებთან შეუსაბამობა არა მხოლოდ „რუსული კანონის“ მხარდაჭერით, არამედ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შელახვით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, უფლებადამცველებსა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე ღია თავდასხმითა და მათი საქმიანობის შეზღუდვის მცდელობებით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპის დარღვევითა თუ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვით.

მთავრობის მიერ OGP-ის ძირითადი ღირებულებებისა და პრინციპების უხეშად დარღვევის გამო, ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვის საფუძველზე, OGP-ის საერთაშორისო სამდივნომ „რეაგირების მექანიზმი“ (OGP Response Policy) აამოქმედა. აღნიშნული მექანიზმი მიზნად ისახავს OGP საერთაშორისო სამდივნოს, პარტნიორი დონორი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების გაზრდილ ჩართულობას შექმნილი კრიზისის მოგვარებაში.

OGP-იმ შეისწავლა სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა და დაადგინა, რომ მთავრობის ქმედებები შეუსაბამოა OGP-ის ღირებულებებსა და პრინციპებთან. მთავრობას 30 დღიანი ვადა აქვს წარადგინოს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ გადაჭრის „რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში გამოვლენილ პრობლემებს, რომელთა შორისაა პარლამენტში ინიცირებული „რუსული კანონი.“

ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას გაიწვიოს „რუსული კანონი“, რომელიც შეუთავსებელია ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და ასევე OGP-ის ფუნდამენტურ ღირებულებებთან.


ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

მწვანე ალტერნატივა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)

პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის